ოპოზიციის კანდიდატის ალა ჯიოევას ოპონენტებიც კი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ არჩევნებზე მისი გამარჯვება არ აღიარეს.
სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მომხრეები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე პროტესტს აგრძელებენ და ჯიოევას გამარჯვების აღიარებას მოითხოვენ.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ”კრემლის” კანდიდატთან, ანატოლი ბიბილოვთან ბრძოლაში.
შედეგებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია მოსკოვში, რომელმაც 2008 წელს გაჩაღებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რესპუბლიკის შემოსავლების მთავარი წყაროა.
27 ნოემბრის არჩევნების მეორე დღეს სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ორი საათის შემდეგ პარლამენტმა განმეორებითი არჩევნები 25 მარტს დანიშნა. ჯიოევას მომხრეები და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
”რა არჩევნები? არავინ არ გამოვა არჩევნებზე”, – აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილენი. ზოგიერთ მათგანს უკავია ტრანსფარანტები, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს ”პატივი სცეს ხალხის არჩევანს”, ან ასეთი – ”ჩვენ ხალხი ვართ და არა ნახირი”. ზოგიერთ პლაკატზე უბრალოდ არჩევნების შედეგებია დაწერილი – 16, 500 ხმა ჯიოევას სასარგებლოდ – ბიბილოვის 11,300 ხმის წინააღმდეგ.
ბაბილოვი სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის და მისი პარტიის – ”ერთობის”, ასევე რუსი მაღალჩინოსნების მხარდაჭერით სარგებლობდა.
არც დამკვირვებლებს და არც სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისიას არ დაუფიქსირებია არავითარი დარღვევა, როგორც 13 ნოემბრის არჩევნების დროს, ისე მეორე ტურში. ბიბილოვის გუნდმა დარღვევებზე მას შემდეგ განაცხადა, რაც არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც მის დამარცხებას ადასტურებდა.
კოკოითის პარტია ”ერთობამ” 28 ნოემბერს, დილით ადრე უზენაეს სასამართლოში აპელაცია შეიტანა და განაცხადა, რომ გაყალბებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც ჯიოევას საარჩევნო კამპანიის, ისე საარჩევნო ორგანოს წევრებს.
ამ დროს ჯიოევას მომხრეები, რომელსაც ადრე განათლების მინისტრის პოსტი ეკავა, მის გამარჯვებას ზეიმობდნენ. დაახლოებით 2000 ადამიანი ცხინვალის ქუჩებში მარშით დადიოდა. ეს ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო 1991-92 წლებიდან, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლიდან მოყოლებული.
მედიაცენტრ ИР-ის ხელმძღვანელმა ირინა გაგლოევამ IWPR-ს განუცხადა, რომ ვითარება თეატრალურ მოედანზე, სადაც ჯიოევას მომხრეთა დემონსტრაცია მიმდინარეობს, კრიტიკულია.
”მე აქ ვხედავ ხალხს, რომლებმაც ბიბილოვს მისცეს ხმა, ისინი აქ არიან. მათ მიაჩნიათ, რადგან უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, ამ არჩევანს პატივი უნდა სცენ”, – განაცხადა მან. ”ყველა მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. ისინი, ვინც უკმაყოფილოა შედეგით (ჯიოევას გამარჯვებით) ყველაფერს აკეთებენ, რათა შებღალონ ჩვენი ხალხი და არჩევანი, რომელიც მან გააკეთა.
ბიბილოვის მომხრე ცნობილი ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ მათი აზრით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო. მერაბ ჩიგოევმა, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, შემდეგ კი ბიბილოვის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, განაცხადა, რომ ფალსიფიკაციის დონე უმნიშვნელო იყო, რომ არჩევნების შედეგი შეეცვალა.
”შედეგები ბიბილოვის გუნდისთვის, რომელშიც მეც ვიყავი, დამანგრეველი იყო”, – განაცხადა მან. არ ვიცი, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. მე ვფლობ ინფორმაციას, რომ მას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად. მათ სჭირდებოდათ შეუვალი მტკიცებულებები. ჰქონდა ისინი სასამართლოს? ამაში ეჭვი მეპარება”.
ჩიგოევმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრია, განაცხადა, რომ მისი კოლეგა-კანონმდებლების გადაწყვეტილება ”მიკერძოებული” იყო.
მიუხედავად კრიტიკისა, კოკოითი და სხვა მაღალჩინოსნები უკან დახევას არ აპირებენ. 30 ნოემბერს კოკოითიმ დემონსტრანტებს მოუწოდა, დაიშალონ და პირობა დადო, რომ მათ არ დააპატიმრებენ და ჯიოევას მომხრეები არ დაზარალდებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ამ განცხადებას იგნორირება გაუკეთეს.
კოკოითის მრჩეველმა კოსტა ძუგაევმა განაცხადა, რომ ჯიოევა ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან არჩევნების შედეგები მისი წყალობით გაუქმდა და ამიტომ ახალი კანდიდატი უნდა წამოაყენონ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასტამაზ ბიჩენოვი პირობას დებს, რომ 5 დეკემბრის გადაწყვეტილებას გადახედავს, მაგრამ ჯიოევა დაცდაზე უარს ამბობს.
კრემლმა ცხინვალში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი ვინოკუროვი გაგზავნა, რომელიც დავაში შუამავალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამან შედეგები არ გამოიღო.
სამხრეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწენი არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან.
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება , ხალხის არჩევანი არ მიიღოს. უზენაესი სასამართლოს ერთადერთი სწორი გზა იქნება, გააუქმოს საუთარი გადაწყვეტილება.
”მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც სასამართლოში მოხდა, უკანონო იყო. ეს ჩაფიქრებული იყო”, – განაცხადა ძიცოითიმ. ”როცა არჩევნების დასრულებამდე, მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქალ პრეზიდენტს არ მიიღებს, ამან ეჭვი გააჩინა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი თავად არის. რატომ თქვა ეს?”
ზარინა სანაკოევა, რადიო თავისუფლების თანამშრომელი.