სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აგვისტოს ომის ფოტოგმირების ისტორიები

0 კომენტარი
 2015 წლის 9 აგვისტო   ავტორი: კატო ქოთოლაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მსოფლიომ აგვისტოს ომი და მისი შედეგები, მთელი სიმძაფრით და ადამიანური ტრაგედიებით, იმ დროს გადაღებული ფოტოებით გაიგო. მაშინ, ფოტოგრაფებმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს და ომის ისტორია ყველას გააცნეს. ამ ფოტოებმა მსოფლიოს ცნობილი გამოცემები მოიარეს.

ჟურნალისტი კატო ქოთოლაშვილი გორში შეხვდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.

ამ ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ცხოვრება სხვადასხვანაირად განვითარდა ომის შემდეგ. ისინი ცდილობენ  ომის შედეგებს და ცხოვრების რთულ პირობებს გაუმკლავდნენ.



ჯანგული დიდხანს დაჰყურებდა ფოტოს, თითქოს გონებაში დეტალურად იხსენბდა გადაღების მომენტს. როცა 2008-ში მეზობლებთან ერთად საკუთარი სახლის ნანგრევებს ასუფთავებდა, არც კი შეუნიშნავს ფოტოგრაფი, დღემდე ეს ფოტო არ უნახავს და არც არასოდეს უფიქრია, რომ მისი ისტორია ვინმეს დააინტერესდებოდა.

ამჟამად მარტოხელაა, თუმცა 2008-ში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა. დღეს მისი საცხოვრებელი ბინა ერთი ოთახისგან შედგება. ოთახში, ჭერზე ნათურა არაა – წელიწადზე მეტია გადაუხდელობის გამო დენი გამოურთეს. რამდენიმე თვის წინ ერთადერთი სტაბილური შემოსავალი – სოციალური შემწეობა შეუწყვიტეს. ხელმეორედ განაცხადის შესატანად კი ერთი წლის გასვლაა აუცილებელი.

ოთახში, კედელზე ახალგაზრდა ქალის სურათი კიდია – 2012-ში მისი მეუღლე ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. „ომმა ყველას ბოლო მოგვიღო“ – ამბობს ჯანგული, რომელიც თავადაც ავადაა, საუბრის პროცესში ბევრს ახველებს. მეუღლის დაღუპვის შემდეგ მისი ორი არასრულწლოვანი შვილი მცირე საოჯახო ტიპის სახლში მიაბარეს, უფროსი დაოჯახდა, ერთ-ერთს კი ქურდობის ბრალდებით 2 წელი აქვს მისჯილი.

„არ ვიცი რისი იმედი უნდა მქონდეს, ამდენი წლის შემდეგაც კი ომის შედეგებს თავს ვერ ვაღწევ, ერთმანეთს ემატება უბედურება. ასე ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნები, თუ გადავრჩი,“ – ამბობს ჯანგული.

დიდხანს ვსაუბრობთ მის წარსულ ცხოვრებაზე. მიაჩნია რომ მიუხედავად იმ აუტანელი ყოფისა, რაც მას და მის ახლობლებს გამოუცდიათ, ყველაზე საშინელება ომია. „მთავარია ბომბები არ ცვივა“ მაინც იმედიანად ასრულებს ჩემთან საუბარს, ფოტოს სამახსოვროდ დატოვებას მთხოვს და მემშვიდობება.



ნათელა ხურცილავა გორში 1993 წელს მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად დასახლდა. მანამდე იყო აფხაზეთის ომი, 9 თვიანი ტყვეობა, შიმშილი და არსებობისთვის ბრძოლა. ოჩამჩირიდან დევნილი მომდევნო 15 წელს გორში, საბავშვო ბაღის შენობაში, სხვა დევნილებთან ერთად ცხოვრობდა.

2008 წლის 10 აგვისტოს, დაბომბვისას ეზოში ხბოს აძოვებდა, მისი შვილები და შვილიშვილები სახლში იყვნენ.

ნათელა ხურცილავა, 2008 წლის აგვისტო

ნათელა ხურცილავა, 2008 წლის აგვისტო (ფოტო: ჰოსეინ ფატემი http://www.hosseinfatemi.com)

„ჩემი თვალით დავინახე თვითმფრინავმა როგორ გადაიფრინა და ჩამოაგდო წითელი რაღაც, მერე უკუნეთმა მოიცვა იქაურობა. მაშინ პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო რომ მათ ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. საბედნიეროდ ჩვენ ყველა გადავრჩით, თუმცა შენობის ნანგრევებში ბევრი ჩვენი მეზობელი დაიღუპა,“ – ჰყვება ნათელა.

ნათელას ჭურვის ნამსხვრევის შედეგად ხელი დაუზიანდა, შვილებმა ჯერ ბოშურში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. მეუღლე მირდიკო ბერიძე გორში დარჩა და როგორც სამოქალაქო პირი, გაწმენდით სამუშაოებში ღებულობდა მონაწილეობას. ომს გადაურჩა, თუმცა 2013 წელს, თიაქარის ოპერაცია ვერ გადაიტანა და 83 წლის ასაკში დაეღუპა.

თავად ქალბატონი ნათელა ახლა 73 წლისაა, ისევ გორში კომბინატის დასახლებაში, შვილებთან ერთად ცხოვრობს. ფოტოს შესახებ არაფერი იცოდა, გაუხარდა რომ მივაგენით.

„დიდი შიში გამოვიარეთ ჩვენ ყველამ, ფოტოზეც ხომ ჩანს? ახლა რთულია შედარება, რომელი უფრო დიდი საშინელება იყო: 90-იანი წლების აფხაზეთის კონფლიქტი, თუ 2008 წლის ომი და დაბომბვაში მოყოლა. ორივე უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის, თუმცა ცოცხლები გადავრჩით.“



ზაზა რაზმაძე დასტირის თავის ძმას ზვიად რაზმაძეს, რომელიც გორის დობომბვისას 2008 წლის აგვისტოში დაიღუპა (ფოტო: გიორგი აბდალაძე. ნებადართულია ავტორის კეთილი ნებით)

ფოტო, რომელზეც ძმები ზვიად და ზაზა რაზმაძეები არიან გამოსახული, 2008 წლის ომის ფოტო ქრონიკების ყველაზე ცნობილი კადრია. ზაზა რაზმაძე, რომელიც ფოტოზე ძმის გასისხლიანებულ გვამს დასტირის – გასულ წელს საკუთარი კოტეჯის ეზოში, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. მათთან ძმები რაზმაძეების ისტორიის მოსასმენად მივედით, რომელსაც ზაზას მეუღლე – ნანა დვალიშვილი გვიყვება.

„ზაზა, ვერხვების დასახლების დაბომბვის შემდეგ ცეცხლწაკიდებული კორპუსებისკენ დასახმარებლად გაქცეულა. დანგრეული შენობების დანახვაზე უფიქრია – ჩემი ძმა სახლის დაკარგვას ვერ გადაიტანსო. სწორედ იმ მომენტში აღმოუჩენია ზვიადისა და მისი 9 თვის ფეხმძიმე მეუღლის გვამები. ცნობილ ფოტოზე, ზაზას სახეზე ძმის დაღუპვით გამოწვეული, პირველი მძაფრი ემოციაა აღბეჭდილი,“ – მეუღლის ომის დროინდელ მოგონებებს იხსენებს ნანა დვალიშვილი, ზაზა რაზმაძის ქვრივი.

ძმები რაზმაძეების მამა ზაზას დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე ინსულტით გარდაიცვალა. დედა სულ სახლშია გამოკეტილი, თითქმის არაფერს ჭამს, აღარავის ეკონტაქტება. თავად ნანა დვალიშვილი, ახლა გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ძიძად მუშაობს, მამით ობოლ მცირეწლოვან გოგონას მარტო ზრდის.

ზაზას ძმის ოჯახიდან ომს მხოლოდ მოზარდი შვილი დიტო გადაურჩა, რომელსაც პაატა ბურჭულაძის ფონდი იავნანა მფარველობს.

„სამსახურის შოვნაში ადგილობრივი თვითმმართველობა დამეხმარა. ლიზიც ჩემთან დამყავს ბაღში. რადგან ცოცხლები გადავრჩით როგორღაც ხომ უნდა ვიცხოვროთ,“ – თვალი ცრემლებით ევსება ნანას.



(ფოტო: პაატა საბელაშვილი, წყარო: civil.ge)

კომბინატის დასახლება, გორი, 2008 წლის 10 აგვისტო (ფოტო: პაატა საბელაშვილი, წყარო: civil.ge).

ფოტოზე ასახულია ქალაქ გორის კომბინატის დასახლება, რომელიც ომის დროს დაიბომბა რუსეთის ავიაციის მიერ. ავიაიერიშს  ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. კომბინატის ქარხნის მუშებთან ერთად აქ 90-იანი წლების, ე.წ. „პირველი დევნილები“ ცხოვრობდნენ.

2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, როდესაც ბომბი ჩამოვარდა, კეკოშვილების ოჯახში საუზმობდნენ. 11 წლის ლიკა კეკოშვილი მათ შორის ერთადერთი გადარჩენილია. მაშინ 4 წლის იყო. მერაბ ელბაქიძე ერთ-ერთი იყო ვინც ნანგრევებში მეზობლებს ეძებდა.

„ლიკა ნანგრევებში ვიპოვე, ჯერ კიდევ გონებაზე იყო, მაგრამ ცეცხლი ეკიდა, მეზობლის მანქანით წავიყვანე ჰოსპიტალში, იქიდან თბილისში გადაიყვანეს. წარმომიდგენია რა ტკივილს გაინიცდიდა. მართლა არ მახსოვს საიდან ან რატომ აღმომაჩნდა იმ დილაადრიან სნიკერსი ჯიბეში, რომელიც მანქანიდან გადაყვანისას ლიკას მივეცი დასამშვიდებლად. მისი მაშინდელი სახე არასოდეს დამავიწყდება,“- იხსენებს მერაბი.

მაშინ, დაბომბვის შედეგად სხვა მეზობლებთან ერთად ლიკას ძმა, ბაბუა და ოჯახის ორი სტუმარი დაიღუპა. ლიკა ახლა დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. 9 აგვისტოს დედა სასჯელს იხდიდა, ძმა კი წინა დღით მეზობლებს სურამში გაყოლია, თუმცა მაშინ ისიც დაღუპული ეგონათ და დიდხანს ეძებდნენ. მამა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ომის დროს მიღებული სტრესის შედეგად დაავადდა და 2012 წელს დიღუპა. ამჟამად ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური შემწეობაა.

ლიკას, მცირე ასაკის მიუხედავად, ახსოვს 2008 წლის დეტალები.

„საავადმყოფოში პირველად მამიდაჩემი და ჩემი მეგობრის, ანანოს პაპა მოვიდნენ, მომიკითხეს, ძალიან გამიხარდა მათი დანახვა, იქ სულ მარტო ვგრძნობდი თავს.. მერე დედაჩემის სანახავადაც წამიყვანეს. ყველაფერი კარგად მახსოვს, ომამდე, ომის პერიოდიც და ომის შემდეგაც …,“ – იხსენებს ლიკა.

ლიკას დედა, მარინე ქარელი ამბობს რომ მისთვის წარმოუდგენელია ომის შედეგების დავიწყება.

„დიდი ტკივილი გადავიტანეთ, ქმარ-შვილი დამეღუპა, ახლობლები. ლიკას სახეზე დამწვრობის შედეგი დღემდე აქვს, ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მთელი ცხოვრება მოგვიწევს ამ ტრავმასთან გამკლავება. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ამ თემებზე ძალიან იშვიათად, თითქმის აღარ ვსაუბრობთ, ამის დრო უბრალოდ არ გვაქვს, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ახლა როგორ გადავრჩეთ ამ გაჭირვებაში,“ – ამბობს მარინე.



ლია ლიკლიკაძე დასტირის თავის შვილს ანდროს რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს 39 წლის ასაკში გორის დაბომბვის დროს დაიღუპა (ფოტო: გიორგი აბდალაძე)

ვერხვების დასახლებაში შვილიშვილთან ერთად ომის შედეგად დაზარალებული კიდევ ერთი მოხუცი ცხოვრობს – ლია ლიკლიკაძე. მას შვილი გორის ავიადაბომბვის დროს დაეღუპა.

„დაბომბვისას ერთადერთი ძმა დამეღუპა,“ – იხსენებს გარდაცვლილი ანდრო ლიკლიკაძეს და ნანა. „მამამ მწუხარებას ვეღარ გაუძლო და რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. დედამ [ლიამ] ფეხის ტრავმა მიიღო. ქუჩაში იშვიათად გამოდის. ერიდება ჟურნალისტებთან ურთიერთობას და ზოგადად ყველაფერს, რამაც შეიძლება ის დღეები გაახსენოს. ტელევიზიებსაც ვთხოვეთ კადრები, რომლებიც ჩვენი ოჯახის პირად ტრაგედიას ასახავს ეთერიდან ამოეღოთ, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან რთულია ჩვენთვის ამ მასალების ნახვა. ყოველ ჯერზე თავიდან და თავიდან ვგრძნობთ ანდროს დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს,“ – წუხს დაბომბვის დროს დაღუპული ანდროს და ნანა ლიკლიკაძე.

ანდრო 2008 წლის 9 აგვისტოს 39 წლის იყო. მისი შვილი, რეზო ახლა 15 წლისაა. ბებოსთან, ლია ლიკლიკაძესთან იზრდება, რადგან დედამისი იძულებული გახდა ოჯახის სარჩენად, საზღვარგარეთ წასულიყო სამუშაოდ.

,,ყველასთვის რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს,“ – გვეუბნება ნანა და ამით ჩვენთან საუბარს ასრულებს.

კატო ქოთოლაშვილი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი კატო ქოთოლაშვილი
კატო ქოთოლაშვილი ჟურნალისტია გორიდან. ის ჩართულია სხვადასხვა სამშვიდობო მედია პროექტებში და გორის ახალგაზრდული მოძრაობის აქტიური წევრია.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT