ახლადაშენებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართით ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თხუთმეტამდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის ვალერი ბაბუნაშვილის განცხადებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.
აფხაზეთიდან დევნილებისთვის მშენებლობაზე ნებართვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გალანტი“ ასრულებს. კომპანიის ინჟინრის თორნიკე ახალაიას ინფორმაციით, პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და განათლების სააგენტოს, ასევე საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
20 წლის ნინო თოდუა, რომელსაც მშობლები რამოდენიმე წლის წინ დაეღუპა სამ მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად ახალ ბინაში შესასახლებლად უკვე ემზადება.
“ვართ 4 და-ძმა. მივეკუთვნებით უმწეო კატეგორიას. ძალიან მინდა ახალ ბინაში გადასვლა, რადგანაც ვნახეთ და ძალიან კომფორტულია”,- აცხადებს ნინო თოდუა.
ზუგდიდში უმწეო კატეგორიის დევნილთა ორასამდე ოჯახი ცხოვრობს, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის წარმომადგენლობაში იუწყებიან, 2012 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ყველა უმწეო კატეგორიის დევნილი დაკმაყოფილდება.
ავტორი: ნინო მარღანია
მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4545″]