კონფლიქტის ორივე მხარეს აპათია და ძლიერი ნაციონალისტური გრძნობები ერთმანეთშია არეული.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო გამწვავების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, ზავის მიუხედავად, ახალი ცხოვრების დაწყების იმედს არ კარგავს.
2 აპრილს აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგად, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაიჭრა.
ურთიერთბრალდებების მიუხედავად, შეტაკებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეტწილად დაცულია.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ჯერ კიდევ გამძაფრებულია ნაციონალისტური განწყობა, ფრონტის ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ დაიღალა ნგრევით და ადამიანების დაკარგვით.90-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული კონფლიქტის შემდეგ, მთიანი ყარაბაღი – სომხური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. 1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 000 ადამიანი ემსხვერპლა.
მთიან ყარაბაღში ცეცხლის განახლების შემდეგ, ფრონტის ხაზის მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობა, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები, სტეპანაკერტში იყო ევაკუირებული. მამაკაცები, ოჯახების სამშვიდობოს გაყვანის შემდეგ, თავიანთ სოფლებში დაბრუნდნენ სახლების დასაცავად.
ყველაზე მეტად დაზარალდა მარტაკერტის რაიონის სოფლები – ტალიში და მადაღისი, რომლებიც „შეხების ხაზიდან“ სულ რაღაც სამი კოლომეტრით არიან დაშორებული.
„მთელი ღამე გვესმოდა სროლის ხმა,“ – ამბობს 54 სვეტა ზალუნცი სოფელ ტალიშიდან. „მერე დაიწყეს დაბომბვა. გათენებისას, მგონი, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები დავინახე სოფლის განაპირას … დილით კი, ყველა „კამაზებით“ გაგვიყვანეს აქედან.“
სვეტა ზალუნცი თავისი ოთხი ქალიშვილით და რვა შვილიშვილით, სხვა ევაკუირებულებთან ერთად, სტეპანაკერტის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში განათავსეს, დაურიგეს პროდუქტები და გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
დაბადებულს და გაზრდილს სოფელ ტალიშში, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ ცხრაასი ადამიანია, სვეტას უკვე გამოვლილი აქვს ერთი ომი, 90-იან წლებში.
როგორც თვითონ იხსენებს, მაშინ, ბრძოლებს შორის, იყო იმის საშუალება, რომ სოფლის მოსახლეობას მოესწრო სამშვიდობოს გასვლა.
„ამჯერად, [აზერბაიჯანელები] გაუჩერებლივ ბომბავდნენ და ბომბავდნენ. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს უნდოდათ, რომ ყველა ბომბების წვიმის ქვეშ ვყოფილიყავით,“ – თქვა მან.
2 აპრილს სახლიდან გამოქცეულმა ოჯახმა თან ვერაფრის წაღება მოასწრო. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, სვეტა ცოტა ხნით, ტანსაცმლის და საბუთების წამოსაღებად დაბრუნდა სახლში.
„სახლს ვერ იპოვი დაცხრილული რომ არ იყოს. ზოგიერთი საერთოდ განადგურებულია,“ – თქვა მან. „ჩვენს ფარდულში იხვი და ჭუკები ვიპოვე. არ ვიცი, როგორ გადარჩნენ, მაგრამ დატოვება მომიხდა. ვერ წამოვიყვანე.“
სვეტას მეუღლე და ვაჟი სოფელში დარჩნენ. როგორც თვითონ ამბობს, ისიც მზადაა დაბრუნდეს, „თუ ზავი ნამდვილად შენარჩუნდება.“
სოფელ ტალიშიდანაა თხუთმეტი წლის ინა ბრუზიანიც. მამამისი ახლაც იქ არის. ის კი დედასთან და ოთხ და-ძმასთან ერთად სტეპანაკერტშია გამოქცეული. გოგონა ამბობს, რომ ვერ ხვდება „როგორ შეუძლია ხალხს ერთმანეთის მოკვლა“ და იხსენებს როგორ მოუკლეს მისი თვრამეტი წლის ორსულ ნათესავს ქმარი ბრძოლების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში.
„ჩვენი სოფლიდან ჩანს აზერბაიჯანული სოფელი, სახლის სახურავები, ხეები. საღამოობით, ორივე მხარეს სახლებში შუქი ინთება. ჩვენ მშვიდობიანად ვცხოვრობდით. ზოგჯერ, მეორე მხარეს, ისმოდა სროლების ხმა“ – გვიყვება ის.
როდესაც 2 აპრილს სროლები დაიწყო, ინა მიხვდა, რომ ილუზიაში ცხოვრობდა.
„მტერი, რომელზეც უფროსები გვიყვებოდნენ, თურმე ნამდვილად არსებობდა და ჩემი და ჩემი უმცროსი დების და ძმების მოკვლა უნდოდა,“ – ამბობს ის და დასძენს, რომ მომავლის გეგმებზე უკვე ვეღარ ფიქრობს.
„ორი და სამი წლის მერეც კი. შიშმა, რომელიც იმ ღამეს განვიცადე, გაანადგურა ჩემი მომავლის გეგმები,“- ამბობს ის.
სტეპანაკერტში იპოვა თავშესაფარი 35 წლის ნაირა ავანესიანმაც სოფელ მადაღისიდან.
მისი ქმარი ყარაბაღის ჯარში მსახურობს და იმ დღეს მორიგეობაზე იმყოფებოდა. ქალი მარტო იყო სახლში თავის სამ შვილთან ერთად. „ჩვენს კორპუსში ახალგაზრდა ოფიცრების ოჯახები ცხოვრობენ, ამიტომ სახლებში სულ ახალგაზრდა ქალები ვიყავით პატარა ბავშვებთან ერთად. უცებ, ჩვენი მიმართულებით „გრადის“ ტიპის ჭურვები ისროლეს. შიშისგან ყველანი გავშეშდით. მერე, მოვკიდეთ ბავშვებს ხელი და გავიქეცით თავშესაფარში. იმ ღამეს, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ქალები და ბავშვები გაგვიყვანეს,“ – გვიყვება ავანესიანი.
ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ დროს მზადაა უკან დაბრუნდეს, მხოლოდ ელოდება, როდის დაუძახებს ქმარი.
„მატერიალური ზარალი არაფერია ახალგაზრდა სიცოცხლის დაკარგვასთან შედარებით,“ – ამბობს ის. „ორივე ქვეყანაში, ახალი, ომის შემდგომი თაობა გაიზარდა, იქნებ მათ შეძლონ საერთო ენის გამონახვა, მაგრამ [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ] ალიევს ეს არ აინტერესებს. ის არ ფიქრობს იმ დედების გრძნობებზე, ვისი შვილებიც არიან ომში.“
1994 წლიდან, ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, რომლის თანათავმჯდომარეებიც არიან რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთეული შტატები, სამშვიდობო მოლაპარაკებები იმართება, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. გაყინული კონფლიქტის დროს არაერთხელ დარღვეულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც.
უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. იხილეთ: ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მღელვარება არ იკლებს
ძლიერი სოლიდარობა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ყარაბაღში მოკლულია 65 ჯარისკაცი და 11 სამოქალაქო პირი, მათ შორის 12 წლის ბიჭი.
ყარაბაღის მხარდასაჭერი და სოლიდარობის გამომხატველი აქციები გაიმართა ერევანში, ასევე დიასპორის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ათენში და ლოს-ანჯელესში.
10 აპრილს, ყარაბაღში ბოლო ბრძოლების დროს დაღუპულთა პატივისაცემად, ერევანში ათასობით ადამიანის მონაწილებით მდუმარე მსვლელობა მოეწყო.
თავის მხრივ, 4 აპრილს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 31 ჯარისკაცის და ორი სამოქალაქო პირის დაღუპვა დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განახლებული მონაცემები აღარ გაუვრცელებია, უწყებაში არ უარყოფენ ოპოზიციური ტელეარხის „მეიდან ტვ“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას 93 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის და 6 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ.
„ჩემი ძმის შვილი მხოლოდ 23 წლის იყო. მთელი ცხოვრება ჰქონდა წინ. ყველა მისი ოცნება აუხდენელი დარჩა,“ – გვიყვება მანსურ რაჰიმოვი, ორჰან რაჰიმოვის ბიძა, რომელიც 2 აპრილს ავტომანქანაზე ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპა.
„მხოლოდ ერთი რამ მანუგეშებს – რამდენიმე მაღლობი დავიკავეთ. დავიღალეთ ასეთ სიტუაციაში ცხოვრებით, არც ომია და არც მშვიდობა. როდის უნდა დასრულდეს ყველაფერი. დააბრუნონ [სომხებმა] ჩვენი მიწები და ბოლოს და ბოლოს დადგეს ეს მშვიდობა,“ – დასძინა მან.
როცა ბრძოლები დაიწყო, ათასობით აზერბაიჯანელი, ძირითადად ახალგაზრდები, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ ქუჩებში სამხედროებისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად. 6 აპრილს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა ბაქოში წამებულთა ხეივანში მსვლელობა მოაწყო, სადაც ყარაბაღში დაღუპულებია დაკრძალული.
აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ერთსულოვანია აზრი იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მთავრობას უაზრო ტანჯვაში ადანაშაულებს, ნაწილი თვლის, რომ აზერბაიჯანმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოიყენა.
„ვერ ვხვდები ზავი რატომ გამოაცხადეს,“ – ამბობს ბაქოს დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე, 25 წლის ლატიფ ფეიზიევი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, მზადაა მომავალში ნებისმიერ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.
„ბოლოს და ბოლოს, ხომ შევძელით ჩვენი ტერიტორიის ნაწილის გათავისუფლება. ბოლომდე უნდა წავსულიყავით. სხვანაირად ჩვენს მიწებს როგორ გავათავისუფლებთ? ამას ოც წელიწადზე მეტია ველოდებით. სომხები ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ, ამიტომ, ჩვენ ან ხელი უნდა ჩავიქნიოთ ყარაბაღზე ან უნდა გავათავისუფლოთ ძალით.“
უკანასკნელმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ აზერბაიჯანელი დევნილების ნაწილს სახლებში დაბრუნების იმედი ჩაუსახა.
„2 აპრილს დილით, როცა გავიგე, რომ ისევ დაიწყო ბრძოლა და თანაც უფრო ფართომასშტაბიანი, შემეშინდა,“ – ამბობს 29 წლის რამია მალიკოვა. ის ხუთი წლის იყო, როცა მისი ოჯახი იძულებული გახდა ყარაბაღის ქალაქი შუშა დაეტოვებინა.
„მაგრამ , როცა ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ჩვენები ტერიტორიებს ათავისუფლებდნენ, ამან ძალიან ამაღელვა, ვიფიქრე, ნუთუ დადგა ის დრო, როცა ჩემს მშობლიურ ქალაქს ისევ ვნახავ?“
მალიკოვა და მისი ოჯახი 24 წელია ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.
„მას შემდეგ, ხშირად დამსიზმრებია ჩვენი სახლი და ჩემს საწოლზე დარჩენილი თოჯინა, რომლის წამოღებაც ვერ მოვასწარი,“ – თქვა მან. „ძალიან მინდა იქ დაბრუნება.“
სამირა აჰმედბეილი არის IWPR-ის რედაქტორი აზერბაიჯანში. ალვარდ გრიგორიანი – დამოუკიდებელი ჟურნალისტია მთიან ყარაბაღში.