ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, პედაგოგების მწვავე დეფიციტია.
განსაკუთრებით მცირეა ახალგაზრდა პედაგოგების რაოდენობა. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მალე რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მასწავლებელი აღარ ეყოლება.
ამის ძირითად მიზეზად სახელდება ის, რომ მასწავლებლებს, განსაკუთრებით რეგიონებში, დაბალი ხელფასები აქვთ.
პედაგოგიური პერსონალის განახლება პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში, არამედ ზოგადად, მთელ ქვეყანაში. 2015 წელს საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ასაკი 48 წლით განისაზღვრა. ასეთი სტატისტიკა წარმოადგინა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (ТАLIS) მონაცემებზე დაყრდნობით. 2015 წელს საქართველოში ოცდაათწლამდე მასწავლებელთა რაოდენობა მხოლოდ 5% იყო.
მასწავლებელთა 20% იყო 30-39 წლის. თითქმის ამდენივე – 19% შეადგინა საპენსიო ასაკის პედაგოგებმა, რომლებსაც უკვე შეუსრულდა 60 წელი. შარშან, ქვეყანაში პედაგოგების 27% იყო 40-49 წლის ასაკის, ხოლო 28 % – 50-59 წლის.
მარნეულის რაიონის მკვიდრი საბინა ტალიბოვა, რომელიც დემოკრატიულ კავშირ „მტრედს“ ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სკოლაში, სადაც მისი ქალიშვილები სწავლობენ, ახალგაზრდა პედაგოგების დიდი ნაკლებობაა, რის გამოც შექმნილია ბევრი პრობლემა განათლების ხარისხის თვალსაზრისით.
„ჩემი შვილები მარნეულის მეექვსე სკოლაში სწავლობენ, რუსულ სექტორზე. ამ სკოლაში ბევრია ხანდაზმული მასწავლებელი. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მოამზადებს პედაგოგებს. და, ქვეყნის ხელისუფლებამ ეს იცის,“ – უკვირს ორი მოსწავლის დედას.
„ამის გამო სკოლის ადმინისტრაციას უწევს სამუშაო ადგილებზე ასაკოვანი პედაგოგების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მასწავლებლებს დიდი გამოცდილება აქვთ, ხშირად დაღლილები არიან და არც ჯანმრთელობა უწყობთ ხელს ხარისხიანი გაკვეთილების ჩასატარებლად. თანამედროვე ბავშვებს უნდათ, რომ უფრო ცოცხალი გაკვეთილები უტარდებოდეთ. ამიტომაც იზრდება მოთხოვნა ენერგიულ და განათლებულ პედაგოგებზე. ამასწინათ, ჩვენს სკოლაში მშობელთა გამოკითხვა ჩაატარეს და უმრავლესობა სკოლაში განათლების ხარისხით იყო უკმაყოფილო,“ – ამბობს ტაბილოვა და დასძენს, რომ სოფლებში ძლიერი მასწავლებლების უმეტესობა ბავშვებს სკოლის შემდეგ ამეცადინებს, ფაქტობრივად, არიან მათი რეპეტიტორები და საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას სწავლების ხარისხს სკოლის გაკვეთილზე.
„უახლოეს მომავალში, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, ყველა ამ საგანში რეპეტიტორი უნდა ავიყვანოთ. მაგრამ, ბავშვები ხომ 12 წელი სწავლობენ სკოლაში, რატომ უნდა გვიწევდეს დამატებითი მასწავლებლების აყვანა? მინდა, რომ ეს საკითხი გაშუქდეს პრესაში და მთავრობამ გაიგოს, რომ მშობლები უკმაყოფილოები ვართ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან.“
ინტიგამ ფარზალიევი მარნეულის მესამე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ ასაკოვანმა მასწავლებლებმა არ იციან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და არ იცნობენ სწავლების ახალ მეთოდებს.
„ჩვენს სკოლაში ბევრია ხნიერი მასწავლებელი. გაკვეთილებს ძველი და უინტერესო მეთოდებით ატარებენ. გვინდა, რომ ჩვენი განათლება იყოს უფრო ძლიერი და პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს. ქართული ენის გაკვეთილებიც ცუდად გვიტარდება. მე და ჩემმა თანაკლასელებმა მეხუთე კლასამდე ვერ შევძელით ქართული ენის სწავლა. მეცხრე კლასისთვის ძლივს მოვახერეთ აუცილებელიდან ორმოცი პროცენტის შესწავლა. ახლა, მეათე კლასში ვარ და ვცდილობ დამოუკიდებლად ვისწავლო ქართული ენა.“
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ოცნებობს მასწავლებლობაზე, მათი ოჯახები შვილების სურვილებს არ იზიარებენ, დაბალი შრომითი ანაზღაურებისა და განვითარების მცირე პერსპექტივის გამო. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდაა შახრი აბასოვი. ის თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა მას სულ სხვა რამ სურდა.
„ძალიან მინდოდა ბიოლოგიის მასწავლებლობა, თუმცა ჩემი ოჯახი ვერაფრით დავითანხმე. ლამის ტირილით ვეხვეწებოდი და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მაგრამ ჩემი ოჯახის აზრით, მასწავლებლობა არ არის შემოსავლიანი პროფესია. მაგრამ, აი, თუ კარგი ექიმი გავხდები, შევძლებ კარგი ფულის შოვნას.“
ჯუმშუდ გულმამედოვი პირველი სკოლის დირექტორია ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, სადაც უმეტესწილად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მისი სიტყვებით, დაბალი ხელფასის გამო მასწავლებლებს სოფლებში მუშაობა არ უნდათ.
„რასაკვირველია, რაც უფრო მეტი იქნება ახალგაზრდა პედაგოგი, მით უკეთესი. ისინი იცნობენ უახლეს ტექნოლოგიებს და სიახლის მატარებლები არიან. უფროსი თაობის მასწავლებლებს საბჭოთა პერიოდში აქვთ მიღებული განათლება. იმ დროს რუსული ენის ცოდნა იყო საჭირო და ამიტომ ქართულს არ სწავლობდნენ. გამოდის, რომ ჩვენი მასწავლებლების უმეტესობამ ქართული არ იცის, თუმცა ახალგაზრდები უკვე სწავლობენ ქართულს.“
პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს სკოლაშიც. ამ სკოლის მასწავლებელი თამამ შარიფოვა აცხადებს, რომ სოფლის ახალგაზრდობა უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ მართალია ბრუნდება სოფელში, მაგრამ სკოლაში მუშაობას არ ჩქარობს.
ახალგაზრდა პედაგოგების დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა საქართველოს განათლების სფეროში. ამას ადასტურებს სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე.
„ახალგაზრდა თაობას არ უყვარს ეს პროფესია, სახელმწიფო კი ვერაფრით ახერხებს მათ დაინტერესებას, რომ აირჩიონ პედაგოგიური სპეციალობა. სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტები განსაკუთრებით იშვიათად ირჩევენ მათემატიკის და ზუსტი მეცნიერებების მასწავლებლების პროფესიას. ეს არის კატასტროფა. ეს პრობლემა დამახასიათებელია მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ყველაზე მეტად გამოკვეთილია რეგიონებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები.“