ექიმები კონფლიქტის ზონაში ჯანრთელობის ხიდებს აშენებენ – სტატიამ ამ სათაურით ფაქტობრივად ახალ სამყაროში აღმომაჩინა.
იმ დღეს, როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წარმატებას. თუმცა ვიგრძენი, რომ იმ ადამიანებთან გავთანაბრდი, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში სხვადასხვა ფორმით უშუალოდ მონაწილეობენ.
მოგვიანებით უფრო მეტად დავინტერესდი კონფლიქტოლოგიით და სამშვიდობო პროცესებით. დავფიქრდი, სტატიების წერის გარდა კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სამშვიდობო მიმართულებით.
ამასობაში ლონდონში პროფესიული მივლინების დროც მოახლოვდა. ეს იყო ერთთვიანი გამოცდილება უცხო ქვეყანაში, სადაც საკუთარი თავი, როგორც ჟურნალისტმა ხელახლა აღმოვაჩინე.
გამგზავრებამდე ფიქრისთვის საკმაოდ დიდი დრო მქონდა. ამიტომ იქ უკვე კარგად მოფიქრებული, კონკრეტული მისიით ჩავედი. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) – ჩემი მასპინძელი ორგანიზაცია ლონდონში, ძალიან დამეხმარა მოკლე დროში ყველა შეხვედრის ორგანიზებასა და ჩემთვის სასურველი ინფორმაციების მოპოვებაში.
საკუთარი საქმის პროფესიონალებისაგან კონფლიქტების სფეროში გამოცდილების გაზიარება და IWPR-ის გუნდის მუშაობის სტანდარტების გაცნობა, დამატებითი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის და კარიერის უკეთ დაგეგმვაზე დამაფიქრა.
გამგზავრებამდეც, ყველაზე მეტად ლონდონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უცხო ქვეყანაში მათი საქიანობა მაინტერესებდა. ამიტომ პირველ რიგში ქართულ სკოლას ვესტუმრე და ლონდონელი ქართველი მოზარდების ცხოვრების შესახებ რამდენიმე მასალა მოვამზადე.
ლონდონში ყოფნისას იქ მცხოვრები უხუცესი (109 წლის) ქართველიც აღმოვაჩინე, რომელიც წარმოშობით გორიდან და მეტიც ჩემი თანაუბნელი აღმოჩნდა. უხუცესი ქართველი ემიგრანტის შესახებ დაწერილ სტატიას გორელების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ერთი ნაწილი მის მიერ სამშობლოს დატოვებას აკრიტიკებდა, ზოგიერთი კი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ალექსანდრე ბესტავაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებდა.
სწორედ ამ უკუკავშირებმა და ლონდონში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების უკეთ გაცნობამ მომცა ახალი სტატიის – ,,ვისი საქართველო სად არის“ დაწერის საფუძველი.
ამ სტატიას ქართველი ემიგრანტების მხრიდან გამოხმაურებების ახალი ტალღა მოყვა. სტუმრად მეპატიჟებოდნენ, ზოგიერთი პირადად მიკავშირდებოდა და სამშობლოს ნოსტალგიაზე მიყვებოდა.
განსაკუთრებით დამაინტერესა ქართველი ქალების საქმიანობამ ლონდონაში, რომლებმაც საქართველო ოჯახებით (ძირითადად 2000 წლის შემდეგ) დატოვეს.
ლონდონში მცხოვრებ შრომით მიგრანტებზე უფრო დაწვრილებით, სათვისტომოს თავმჯდომარე ირინა სარაჯიშვილი მესაუბრა, რომელიც დასთან ერთად ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზებას ცდილობს.
ლონდონში ქართული ხალხური ცეკვების სტუდიაც ფუნქციონირებს. სტუდია ახალ თაობას ქართული კულტურის შენარჩუნებაში ეხმარება.
გორის ქალთა გუნდთან ერთად, ლონდონში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის ქეთი მელუას კონცერტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორც ჩანს არა მხოლოდ ჩემზე, რადგან კონცერტის ამსახველი ფოტოები და სტატია სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა და უამრავი ადამიანის მოწონებაც დაიმსახურა.
ვიზიტის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული ეკლესიის წინამძღვარსაც შევხვდი. მამა დოროთემ საშობაო მარხვისა და ლონდონის მაცხოვრის ტაძრის მრევლის შესახებ მიამბო.
როგორც გაირკვა ქართველი ემიგრანტები ჟურნალისტების ყურადღებით არ არიან განებივრებული. მათ სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში დამამატეს და ჩემ მიერ გავრცელებულ მასალებზე კომენტარებით სწორედ ამ სივრცეში მეკონტაქტებოდნენ. უცხოეთში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებზე მუშაობა და მათი ყოფა-ცხოვრების ადგილიდან გაშუქება, ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის გამოცდილება და ახალი გამოწვევა გახდა.
გამორჩეული დღე იყო BBC-ში ვიზიტი. აქ მასპინძლობა ჩემმა ქართველმა კოლეგამ ნათია აბრამიამ გამიწია. მან დეტალურად გამაცნო მედიაჰოლდინგის მუშაობის სპეციფიკა. მიამბო თანამშრომელთა ყოველდღიური განვითარებისთვის, კომპანიის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებაც.
სტუდიები, თანამედროვე ტექიკა, ოპერატიულობის მაქსიმალური განცდა და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე საქმის მშვიდად მიმდინარეობის პროცესი – ამ ყველაფერმა საკუთარი თავის წინაშე ახალი მოთხოვნები გამიჩინა და შესაძლებლობების ძიების სურვილი გამიძლიერა.
საქართველოში დაბრუნების წინა დღეს, დიდ ბრიტანეტში საქართველოს ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს შევხვდი. ბევრი ვისაუბრეთ ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე. ელჩს ლონდონში სამშვიდობო მიმართულებით წარმატებით მომუშავე ორგანიზაციებთან შუამდგომლობაც ვთხოვე. ჩემი სამშვიდობო ინიციატივები თამარ ბერუჩაშვილისთვის საინტერესო აღმოჩნდა და განხორციელებაში თანადგომას დამპირდა.
სამშვიდობო პროცესი მგრძნობიარე საკითხია. მას სიღრმისეული შესწავლა, ფრთხილი მიდგომები და გამოცდილება სჭირდება. როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტი ათ წელზე მეტია ვმუშაობ. კონფლიქტები ჩემი პრაქტიკის ძირითადი თემაა. მიმაჩნია, რომ მგრძნობიარე საკითხებზე მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ახლა ვაპირებ, მხოლოდ კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებით აღარ შემოვიფარგლო და სამშვიდობო პროცესის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.
პირველი ნაბიჯი წიგნის გამოცემა იქნება, რომელიც მალე ჩემი და ჩემი მეგობრის (არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლ–ოსის დამფუძნებლის მეგი ბიბილურის) ერთობლივი ძალისხმევით დაიბეჭდება.
წიგნი კონკურსზე გამარჯვებული სტატიის – ექიმები კონფლიქტის ზონაში ჯანრთელობის ხიდებს აშენებენ, ერთგვარი გაგრძელებაა. ვაპირებთ თავი მოვუყაროთ ერთობლივ (ქართულ–ოსურ) პროექტებში ჩართული ქართველი და ოსი ექიმების ისტორიებს. წიგნი იშვიათობად ქცეული ქართულ–ოსური ნაყოფიერი თანამშრომლობის პოზიტიური მაგალითების შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი მიზანია, სახალხო დიპლომატიის გზით, კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას შევუწყოთ ხელი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებაში.
სპეციალური პრიზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ერთობლივი ინიციატივაა.
პროქტი ხორციელდება IWPR-ის კავკასიის პროგრამის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
დეტალური ინფორმაცია პრიზის შესახებ იხილეთ ლინკზე: http://www.euprizejournalism.eu