საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და არაადეკვატური სამართლებრივი სისტემის გამო ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩუმად იტანჯებიან.
უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით აზერბაიჯანელი ქალები, რომლებსაც სამუშაო ადგილზე სექსუალური სახის შევიწროება განუცდიათ, ნაწილობრივ მოსალოდნელი სკანდალის შიშით და უფრო მეტად სუსტი სამართლებრივი მექანიზმის გამო, ამის შესახებ დუმილს ამჯობინებენ.
ანა ბაქოს ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ ის იძულებული გახდა სამუშაოსთვის თავი დაენებებინა, რადგან უფროსის არშიყობის ატანა აღარ შეეძლო.
„უფროსი ყოვლად მიუღებელ შენიშვნებს მაძლევდა, ამიტომაც სამსახურიდან წამოვედი“, – ამბობს ის. „მანამდე ყველანაირად თავს ვარიდებდი, ვცდილობდი მასთან ერთად მარტო არ დავჩენილიყავი“.
ანამ, რომელმაც სხვა დანარჩენი რესპონდენტების მსგავსად გვარის გამჟღავნება არ ისურვა, მომხდარის შესახებ თავის მშობლებს არაფერი უამბო. მას შეეშინდა, რომ ისინი მუშაობის ნებას აღარ მისცემდნენ. ანა მშობლებლებთან ერთად ცხოვრობს.
„მარტო მე არ ვარ ვისაც სამუშაოზე უფროსები ავიწროვებენ; ჩემი მეგობრების უმეტესობასაც იგივე შეემთხვა. ვერავის შევჩივლებთ. ბაქოში დასაქმებულ ქალს არავითარი უფლებები არ გააჩნია. სამწუხაროდ, პატიოსანი გოგოსთვის ერთადერთი გამოსავალი სამსახურიდან წამოსვლაა,“ – თქვა მან.
აზერბაიჯანში მოქმედებს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია არ დაუშვას ნებისმიერი სახის სექსუალური დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილას. კანონი ასევე კრძალავს სამაგიეროს გადახდას იმ თანამშრომლისთვის, რომელიც თავისი უფროსის მხრიდან სექსუალური სახის შევიწროების შესახებ საჯაროდ განაცხადებს, ამავე კანონით გათვალისწინებულია ძალადობის მსხვერპლისთვის კომპენსაციის გადახდა.
„ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის“ თანამშრომელი ელგუნ საფაროვი აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას ბევრი ქალი მიმართავს სამუშაოზე არასათანადო მოპყრობის გამო.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქმე გაუპატიურებას ეხება ხდება მისი პროკურატურაში გადამისამართება, რადგანაც ეს კრიმინალური დანაშაულია. ხოლო, თუ სახეზეა სექსუალური ხასიათის შევიწროება, მაშინ კომიტეტი საქმეს შრომის სამინისტროში დასაქმების დეპარტამენტს გადასცემს.
თუმცა, საქმის აღძვრა სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ძალიან იშვიათად ხდება. „ქალთა კრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელი მათანათ აზიზოვა აცხადებს, რომ ქალები ხშირად მიმართავენ მის ორგანიზაციას სამსახურში სექსუალური შევიწროების გამო, თუმცა უმეტესწილად ისინი მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას ითხოვენ.
„იყო მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც ქალებმა სასამართლოში ჩივილი მოითხოვეს, მაგრამ ვერც ერთი საქმის მოგება ვერ მოვახერხეთ,” – ამბობს ის. „პირველ რიგში, არ არსებობს ნდობა სასამართლოს მიმართ. აქაურმა ქალებმა იციან, რომ სასამართლო კორუმპირებულია, მოსამართლეები კი ძირითადად მამაკაცები არიან. მეორე კი ის, რომ არ არსებობს კონკრეტული კანონი შევიწროების შესახებ“.
მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ მიღებული კანონის მე-4 მუხლი სექსუალური ხასიათის შევიწროებას ეხება, ხოლო მე-7 მუხლი ავალდებულებს დამსაქმებელს „მიიღოს ყველა ზომები სექსუალურ ნიადაგზე დისკრიმინაციის და სექსუალური ხასიათის შევიწროების თავიდან ასაცილებლათ,“ მათი სისრულეში მოყვანა ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება.
ხატირა ბაქოს ერთ-ერთი გავლენიანი კომპანიის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება იმდენად გამჯდარია კულტურაში, რომ წარმოუდგენად რთული იქნება მასთან გამკლავება. მისი თქმით, მენეჯერების უფროსი რგოლი, სადაც სულ მამაკაცები არიან, მუდმივად აბამენ სასიყვარულო ურთიერთობებს მათ დაქვემდებარებაში მყოფ ქალებთან. ამ ქალებს შემდეგ უფრო მეტი დასვენების დღეები ერგებათ, ისინი მეტ ბონუსებს და ხელფასს იღებენ, ვიდრე მათი კოლეგები, სამსახურიდანდაც უფრო ადრე შეუძლიათ წასვლა.
ქალები, რომლებიც უარს აცხადებენ უფროსებთან ურთიერთობის დამყარებაზე, ხშირად ხდებიან დაცინვის და არასათანადო მოპყრობის ობიექტი.
„იყო შემთხვევა, როდესაც ჩემმა თანამშრომელმა ყველას თანდასწრებით უთხრა უფროსს უარი, რაც მან ქალს აღარ აპატია,“ – ამბობს ხატირა. „თავზე უამრავ საქმეს აყრიდა და ძალინ ეუხეშებოდა თუ დავალებას ვერ გაუმკლავდებოდა, ბოლოს და ბოლოს ეს ქალი იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო.“
სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაცია „სუფთა სამყაროს“ წარმომადგენელი მეჰრიბან ზეინალოვა ეთანხმება იმ აზრს, რომ ცოტა ქალი თუ არის მზად იმისთვის, რომ სამსახურში შევიწროებისთვის ოფიციალურად იჩივლოს.
„როგორც მცხვერპლი ქალები ჩემთან საუბარში აცხადებენ, უფროსები მათ ეუბნებიან, რომ შეუძლიათ წავიდნენ და იჩივლონ, მაგრამ აზრი არ ექნება,“ – განაცხადა ზეინალოვამ. „კიდევ ის, რომ ქალები საქმის გახმაურებას ერიდებიან, რადგან ჩვენ კონსერვატულ საზოგადოებაში ხალხი ჩათვლის, რომ უფროსს ქალმა თავად მისცა საბაბი.“
„ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ერთადერთი რაც შეგვიძლია ქალებს ვურჩიოთ არის ის, რომ მოაწერონ ხელი ისეთ შრომით ხელშეკრულებას, რომელიც სამსახურიდან მოულოდნელ გათავისუფლებას გამორიცხავს.“
35 წლის გულნარა, ბუღალტრად მუშაობს და ამბობს, რომ მუდმივად განიცდის სექსუალური სახის შევიწროებას. იმის გამო, რომ ის ქმარგაყრილია თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. მისი თქმით, მხოლოდ კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ მის ასამოქმედებლად რამე კეთდება.
„თუ გაიგეს, რომ გაშორებულ ქალს შვილები ჰყავს და მათზე უნდა იზრუნოს, დამსაქმებელი დარწმუნებულია, რომ სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალი მასთან ინტიმურ კავშირს დაამყარებს,“ – თქვა გულნარამ. „ჩვენს ქვეყანაში კანონები არ მუშაობს. ვინ დასჯის დამსაქმებელს, რომელსაც ფული აქვს? თუ წახვალ და იჩივლებ შენვე გამოხვალ დამნაშავე. ყველა შენსკენ გამოიშვერს თითს და იტყვიან ბოზიაო.“
მაჰერამ ზეინალოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში