„დაჭერით შეუძლიათ წაგვართვან თავისუფლება, მაგრამ ვერ წაგვართმევენ თავისუფლების სურვილს,“ – ადამიანის უფლებათა დამცველი ინტიგამ ალიევი.
თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა იმედი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ევროპული თამაშების წინ სირბილეს გამოიჩენდა, საბოლოოდ შეცდა, რადგან უფლებადამცველების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა არ წყდება.
ხელისუფლებამ პირველი ევროპული თამაშების მასპინძლობისთვის უამრავი ფული დახარჯა იმ იმედით, რომ შეძლებდა თავისი რეპუტაციის გამოსწორებას და ადამიანის უფლებათა საკითხებიდან ყურადღების გაგატანას. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა, რადგან საერთაშორისო მედიის მიერ არაერთი დარღვევის ფაქტი იყო გაშუქებული.
პრეზიდენტის მრჩეველს ალი ჰასანლის ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განუცხადებია, რომ აზერბაიჯანი „სახელის შემლახველი კამპანიის“ მსხვერპლია. საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის მიცემულ კომენტარში ის ამბობს, რომ „აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა, დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არ ჩამოუვარდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანას“.
22 აპრილს, ადამიანის უფლებათა დამცველს ინტიგამ ალიევს შვიდწელიწად- ნახევარი მიუსაჯეს თაღლითობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების მუხლით.
განაჩენის გამოტანამდე ალიევმა სასამართლოს განუხცადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკური მოტივით არის შეთითხნილი. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩავრებას აპირებენ. ინტიგამ ალიევი პატიმრობაში გასული წლის აგვისტოს შემდეგ იმყოფება.
ადვოკატი ინტიგამ ალიევი იმ ადამიანების უფლებებს იცავდა, რომლებიც მთავრობის კრიტიკის გამო იყვნენ დაპატიმრებული. მისი საქმიანობა უხერხულობას უქმნიდა ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ მას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არაერთი საქმე აქვს გაგზავნილი.
სასამართლოში ალიევმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მასზე იმის გამოა გაბრაზებული, რომ მან 2014 წლის ზაფხულში ევროსაბჭოს წარუდგინა ინფორმაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, იმ დროს, როცა აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
„ზუსტად ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს დაჭერაში. მანამდე, არაერთხელ ეცადნენ ჩემს დაშინებას, მემუქრებოდნენ, რომ ეს კარგ შედეგამდე არ მიმიყვანდა,“- განაცხადა მან და დასძინა, „დაჭერით შეუძლიათ წაგვართვან თავისუფლება, მაგრამ ვერ წაგვართმევენ თავისუფლების სურვილს,“
„სიტყვები არ მყოფნის,“ – განაცხადა დემოკრატიული კვლევითი FAR ცენტრის წარმომადგენელმა ჰიკმათ ჰაჯიზადემ. „ინტიგამ ალიევი არ არის ამ სასამართლო სისტემის არც ერთადერთი და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი მსხვერპლი, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოების სამუდამოდ გასაჩუმებლად.“
ექვსი დღით ადრე, 16 აპრილს, კიდევ ერთ წამყვან უფლებადამცველს რასულ ჯაფაროვს მიუსაჯეს ექსვწელიწად-ნახევარი. მასაც იგივე ბრალდებები ჰქონდა წაყენებული – უკანონო საქმიანობა, გადასახადების გადაუხდელობა და უფლებამოსილების გადამეტება. ჯაფაროვი აგვისტოს დასაწყისში დააპატიმრეს იმ ბრალდებით რომ, მან არ დაარეგისტირა გრანტი, რომელიც მისმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა კლუბმა დასავლელი დონორებისგან მიიღო.
ვერდიქტის წაკითხვის შემდეგ, ჯაფაროვმა სასამართლოში განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოგონილია და უკავშირდება მხოლოდ მის საქმიანობას – პოლიტიკური პატიმრების დაცვას, ევროპული თამაშების ბოიკოტირებას და პროტესტს, რომელიც მან მოაწყო სტრასბურგში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის იქ ყოფნის დროს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა „ღრმა წუხილი“ ჯაფაროვისთვის წარდგენილი ბრალდებების გამო, რომლებიც „ფართოდ განიხილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული“.
„მისი გასამართლება არის უკუსვლა აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს მისი მოქალაქეების უფლებებს. პირველ რიგში, მოვითხოვთ ჯაფაროვის და სხვა პირების გათავისუფლებას, რომელთა დაპატიმრებაც დაკავშირებულია მათი ფუნდამენტური უფლებების გამოხატვასთან. ამით მხოლოდ გაძლიერდება ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები,“ – განაცხადა პრესსპიკერმა მარი ჰარფმა.
Amnesty International-მა ჯაფაროვი და ინტიგამ ალიევი სინდისის პატიმრებად გამოაცხადა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში უამრავმა უფლებადამცველმა აქტივისტმა, ოპოზიციონერმა თუ ჟურნალისტმა გაიარა ერთი და იგივე გზა – დაჭერები აბსურდული, შეთითხნილი ბრალდებებით, გარდაუვალი გამამტყუნებელი განაჩენი და მძიმე სასჯელი.
ერთ-ერთი მათგანია იადიგარ სადიქოვი, რომელსაც ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხულიგნობის ბრალდებით, რომელსაც ის არ აღიარებს.
21 აპრილს სადიქოვს ვადაზე ადრე გათავისულფებაზე უკვე მეორეჯერ უთხრეს უარი. მოსამართლემ გაითვალისწინა ციხის უფროსის დახასიათება, რომლის მიხედვითაც სადიქოვი არ იანანიებს დანაშაულს და ძალიან ბევრ დროს უთმობს კითხვას.
აფგან მუხტარლი საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტია.