აზერბაიჯანი თავმჯდომარეობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობს.
აფგან მუხტარლი – კავკასია
გასულ თვეს აზერბაიჯანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე გახდა. ამით ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ დაიცავდა იმ გაერთიანების ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც თავს „მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველ წამყვან ორგანიზაციად“ მიიჩნევს.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები კი ამტკიცებენ, რომ მათი ხელისუფლება იმდენად შორს დგას ამ ღირებულებებისაგან, რომ მას საერთოდ არ უნდა მისცემოდა უფლება გამხდარიყო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. ექვსთვიანი როტაციის პრინციპით აზერბაიჯანმა ხელმძღვანელობა 14 მაისს გადაიბარა.
6 მაისს, ვენაში ევროსაბჭოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელდარ მამედიაროვმა პირობა დადო, რომ ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა ორგანიზაციის სამ უმთავრეს მამოძრავებელ ღირებულებას „ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკარტიას“.
იმ დღეს, როცა აზერბაიჯანმა ოფიციალურად გადაიბარა თავმჯდომარეობა, პოლიციამ უფლებადამცველი აქტივისტი ემილ მამედოვი დააკავა. გამოძიება შანტაჟის ბრალდებით დაიწყო და მისი მიმდინარეობის პერიოდში მამედოვს ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
იმავე დღეს, 14 მაისს, ბაქოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბლოგერის რაშად რამაზანოვის სააპელაციო საჩივარი, მას ნარკოტიკების უკანონო შენახვა ედება ბრალად და ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ერთი დღის შემდეგ, გაზეთ Bizim Yol (ჩვენი გზა) ჟურნალისტს პავრიზ ჰაშიმლის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის გასული წლის სექტემბერში, იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ორგანიზაცია Amnesty International-მა რამაზანოვიც და ჰაშიმლიც სინდისის პატიმრებად გამოაცხადა.
26 მაისს, სასამართლომ არჩევნების მონიტორინგის და დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს ანარ მამადლის ხუთწელიწად-ნახევარი მიუსაჯა, ხოლო მის კოლეგა სულეიმანლის სამწელიწად-ნახევარი. (იხილეთ: აზერბაიჯანი: ხუთწლიანი პატიმრობა არჩევნებზე აღმოჩენილი დარღვევებისთვის).
პროკურატურა ამჟამად იძიებს ჟურანლისტ რაუფ მირკადიროვის საქმეს, რომელიც 19 აპრილს სომხეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. (აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებენ). ამავე საქმეზე დაიკითხა ცნობილი უფლებადამცველი, „მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლეილა იუნუსი და ასევე „ქალთა კრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელი მათანათ აზიზოვა.
10 ივნისს, აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ გადადო პარტია მუსავათის თავმჯდომარის მოადგილის ტოფიგ იაქუბლუს, მოძრაობა „რეალის“ ხელმძღვანელის ილგარ მამედოვის და პარტია მუსავათის მრჩევლის იადიგარ სადიქოვის საქმეების განხილვა. სადიქოვი თავდასხმის ბრალდებით ჩასვეს ციხეში, ხოლო მამედოვი და იაქუბლუ ქალაქ ისმაილიში მომხდარი არეულობის გამო დააპატიმრეს.
ევროკავშირი სამივეს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
სადიქოვის მხარდამჭერი კომიტეტის ხელმძღვანელი ელმან ფატაჰი აცხადებს, რომ სასამართლო მოსმენის გადავადება პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ხელსაყრელი.
„21 ივნისს [პრეზიდენტი] ილჰამ ალიევი ევროსაბჭოში სიტყვით უნდა გამოსულიყო“,- განაცხადა ფატაჰმა. „მწვავე შეკითხვებზე და მათ შორის პოლიტპატიმრებზე საპასუხოდ სათქმელი რომ ჰქონოდა, ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა – საქმე ჯერ დახურული არ არის“.
ილჰამ ალიევი ევროსაბჭოში სიტყვით 24 ივნისს გამოვიდა, სადაც მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. მისივე თქმით, ასეთი ტიპის ბრალდებები მცდარ ინფორმაციას ეყრდნობა და მოტივირებულია კონკრეტული გეო-პოლიტიკური ინტერესებით, რაც მინზად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების თვალში აზერბაიჯანისადმი ნდობის შელახვას. იხილეთ ვიდეო.
ალიევმა არ გაუწია ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნას ესარგებლა 28 მაისის ამნისტიით და გაეთავისუფლებინა რომელიმე მათგანი. ფატაჰის განცხადებით, პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ თავს აარიდებდა უხერხულ შეკითხვებს.
„19 ივნისს ამნისტიის ახალ ეტაპს ველოდით“, – დასძენს ის. „მამედოვის, სადიქოვის და იაქუბლუს აპელაციის გადავადებით ხელისუფლებას საფუძველი მიეცა, რომ აეხსნა თუ რატომ ვერ მოხვდნენ ისინი ამ სიაში“.
ამასობაში, ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობის „ნიდას“ წევრებმა, რომელთაც გასულ თვეს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ განაცხადეს, რომ შეწყალების მისაღებად მათზე ზეწოლა განხორციელდა.
2 ივნისს, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა რვიდან ერთ-ერთი პატიმრის ბახტიარ გულიევის განცხადება, რომელშიც ის უარს აცხადებდა „ნიდას“ წევრობაზე და ითხოვდა, რომ ის პოლიტპატიმრად არ ჩაეთვალათ. შემდეგ დღეს სამინისტრომ გამოაქვეყნა გულიევის წერილი, რომელშიც ის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავდა.
ადვოკატი ელტონ გულიევი აცხადებს, რომ პრეზიდენტისადმი წერილის მიწერა სხვა წევრებსაც შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
6 ივნისს, ნაკროტიკებით უკანონო ვაჭრობაში ბრალდებულმა ბლოგერმა ომარ მამედოვმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა მასაც შესთავაზეს, თუმცა მან ეს წინადადება არ მიიღო. მამედოვი იანვარში დაპატიმრებამდე ჩრდილოეთ კვიპროსის უნივერსიტეტში სწავლობდა და ცნობილი გახდა თავისი ბლოგით, რომელშიც აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
ადამიანის უფლებათა კლუბის ხელმძღვანელი რასუფ ჯაფაროვი აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროსაბჭოსადმი ტოტალურ უპატივცემულობას ამჟღავნებს, რადგან საპასუხისმგებლო პოსტი უჭირავს და ამასთან ერთად, რეპრესიული პოლიტიკის გამტარებელია.
„იყო ახალი დაკავებები, ჟურნალისტებს და ბლოგერებს სასამართლო ხანგრძლივ პატიმრობას ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე უსჯიდა, ამნისტირებულთა სიაში კი, რომელსაც ხელი მოეწერა რესპუბლიკის დღეს [28 მაისს] არ შესულან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა მან.
„არ დაიჯეროთ ხელისუფლების დაპირებები, რომ ის დაიცავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კრიტიკა, ზეწოლა და მოთხოვნები“.
9 ივნისს, ლეილა იუნუსმა ჟურნალისტებს რეპრესიების წინააღმდეგობრივი ცენტრის დაფუძნების შესახებ აუწყა და განუცხადა, რომ ცენტრი იმუშავებდა ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალი სტრატეგიების შემუშავებაზე მისი მუშაობის მეთოდების შეცვლის მიზნით.
„ჩვენმა ტაქტიკამ არ იმუშავა, ამიტომაც გვყავს აზერბაიჯანში 130 პოლიტიკური პატიმარი“, – თქვა მან. „უფრო ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ, რომ ილჰამ ალიევმა პოლიპატიმრები გაათავისუფლოს“.
12 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ალიევმა იუნუსის დაკითხვის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ აზერბაიჯანში არ არიან პოლიტიკური პატიმრები.
„აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით სიტუაცია პოზიტიურია. არავის მიმართ არ ხორციელდება სამართლებრივი დევნა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო“, – განაცხადა მან და დასძინა, „ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახდენს გავლენას იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ვდგამთ“.
პარტია მუსავათის აპარატის უფროსის არიფ ჰაჯილის თქმით, უცხოურმა სახელმწიფოებმა და მათ შორის ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა აზერბაიჯანს უნდა მოსთხოვონ აღებული ვალდებულებების შესრულება.
„როდესაც აზერბაიჯანი გახდა ევროპის საბჭოს წევრი მან აიღო ვალდებულება, რომ არ ეყოლებოდა პოლიტიკური პატიმრები და არ შეზღუდავდა ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა მან. „მსოფლიო საზოგადოებამ და ევროპის საბჭომ უნდა მოსთხოვოს აზერბაიჯანს გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და უზრუნველყოს სიტყვის თავისულფლება, პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებები“.
აფგან მუხტარლი ონლაინ გამოცემა www.civil-forum.az ჟურნალისტია აზერბაიჯანში.