ზეწოლის გაძლიერება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
აზერბაიჯანში მომუშავე უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების განცხადებით ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედიაზე წნეხი გააძლიერა.
მედია საშულებებზე ზეწოლა არაპირდაპირი გზით ხორციელდება. გასულ წელს საბაბად გადაუხდელი კომუნალური გადასახადები და სტამბის დავალიანება იქცა, ახლა კი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ყველა მედია საშუალებას ცილისწამებაში სდებენ ბრალს.
გაზეთები „აზადლიგი“ და „იენი მუსავათი“ ოპოზიციური პარტიების „სახალხო ფრონტისა“ და „მუსავათის“ ხელშეწყობით გამოიცემა. ორივე გაზეთი იმდენად დიდი თანხით არის დაჯარიმებული, რომ მფლობელების განცხადებით, საქმე შესაძლებელია გამოცემების დახურვემდეც კი მივიდეს.
გასულ თვეს, „აზადლიგს“ 62 000 მანათის (დაახ. 123 000 ლარი) გადახდა დაეკისრა. თანხის აპრილის თვემდე გადაუხდელობის შემთხვევაში გაზეთს საბანკო ანგარიშები გაეყინება.
„ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ კრიტიკულ სტატიებს ინტერნეტის საშუალებით 50 000 მკითხველი ჰყავს. ეს რასაკვირველია აღელვებს ხელისუფლებას,“ – აცხადებს გაზეთის მთავარი რედაქტორი რაჰიმ ჰაჯიევი.
ჯარიმის დაკისრებას ორი შემთხვევა დაედო საფუძვლად. პირველი მათგანი ეხება ბაქოს მეტროს ხელმძღვანელის საჩივარს, რომელიც გაზეთში დაბეჭდილ მასალას მოჰყვა. სტატიის მიხედვით მეტროს ხელმძღვანელობა მგზავრებს დაწესებული 15 ქიაფიკის ნაცვლად 20-ს ახდევინებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზეთს მეტროს ხელმძღვანელობის სასარგებლოდ 30 000 მანათის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
მეორე შემთხვევაში გაზეთ „აზადლიგს“ სავაჭრო ცენტრ „ბინას“ მფლობელმა უჩივლა, მას შემდეგ რაც გაზეთში დაიბეჭდა სტატია სავაჭრო ცენტრის მეიჯარეთა საპროტესტო აქციის შესახებ, ისინი გაზრდილი იჯარის გადასახადს აპროტესტებდნენ. (იხილეთ აზერბაიჯანი: ადგილობრივთა ჩივილი აგრესიულ პროტესტში გადაიზარდა). სასამართლომ გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის მფლობელის სასარგებლოდ გამოიტანა და გაზეთს 30 000 მანათის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა, ჯარიმის გადახდა 2 000 მანათის ოდენობით დაეკისრა სტატიის ავტორსაც.
„აზადლიგის“ მთავარი რედაქტორის ჰაჯიევის თქმით, ზეწოლის ეს შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან გაზეთის განადგურების მიზნით განხორციელებული მრავალი მცდელობიდან ერთ-ერთი უკანასკენელია.
„პირველად, უკანონოდ შეგვიწყვიტეს ოფისში გაზის მიწოდება, შემდეგ დააპატიმრეს ჩვენი მთავარი რედაქტორი, რომელიც გაზეთს მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ჩვენი თანამშრომლებს სცემენ და ძარცვავენ. მიუხედავად იმასა, რომ ეს დიდი ხნის მანძილზე გრძელდება დამნაშავეები არასოდეს უპოვიათ და დაუსჯიათ,“ – განაცხადა ჰაჯიევმა IWPR-თან საუბრისას.
„ყველფერთან ერთად, პრესის სადისტრიბუციო სახელმწიფო კომპანია „გასიდი“ ვერ გვიბრუნებს ჩვენს ვალს – 30 000 მანათს. კომპანიაში დაგვპირდნენ, რომ თანხას თებერვალში დაგვიბრუნებდნენ, თუმცა უკვე მარტია, ჩვენ კი არაფერი მიგვიღია. ამ სიტუაციის გამო ოფისის ქირის ვალიც დაგვედო გამომცემლობა „აზერბაიჯანის“ მიმართ. ახლა კიდევ ეს ჯარიმაც დაემატა.“
ჟურნალისტთა კავშირის „იენი ნესილის“ („ახალი თაობა“) თავმჯდომარე არიფ ალიევი აცხადებს, რომ მომხდარი არ არის შემთხვევითი ამბავი და ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
„2013 წელი არჩევნების წელია, ამიტომ მოსალოდნელია სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება. ხელისუფლება ელექტრონული მედიის თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევას წლის დასაწყისიდან ცდილობს, „აზადლიგი“ კი ყველაზე დიდი სამიზნეა ბეჭდურ მედია საშუალებებს შორის,“ განაცხადა მან.
56 000 მანათის გადახდა დაეკისრა გაზეთ „იენი მუსავათსაც“. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ტრანსპორტის მინისტრის შვილის, ანარ მამადოვის; საგანგებო სიტუაციების მინისტრის ქემალადინ ჰეიდაროვის და პრეზიდენეტის ბიძის ჯელალ ალიევის საჩივრები.
გაზეთის მთავარი რედაქტორის თქმით, კიდევ ერთი საჩივარია სასამართლო განხილვის პროცესში. საქმე ეხება ექვსი გენერლის მიერ შეტანილ საჩივარს, რომლებიც მორალური ზიანის ასანაზრაურებლად 450 000 მანათს ითხოვენ.
„იენი მუსავათს“ უჩივის „ბაქოს ფოლადის კომპანიაც“ (Baku Steel Company). სასამართლო განხილვა 21 თებერვალს დაიწყო. მომჩივანი გაზეთისაგან კომპენსაციის სახით ერთი მილიონი მანათის გადახდას ითხოვს.
„2012 წელს გაზეთი 2.95 მილიონი მანათით დაჯარიმდა. ყველა სასამართლო პროცესი გაზეთის განადგურებისთვის არის მიზანმიმართული,“ აცხადებს გაზეთის მთავარი რედაქტორი რაუფ არიფოგლუ.
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეფასებით პრესის თავისუფლების თვალსაზრისით აზერბაიჯანი 156-ე ადგილს იკავებს 179 ქვეყნიდან. შარშანდელ 162-ე ადგილთან შედარებით მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესებულია, თუმცა RSF აზრით ბოლო დროს ცილისწამებებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მდგომარეობა ისევ გააუარესა.
„აზადლიგის“ მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, ჯარიმების ოდენობა სრულიად არაადეკვატურია და გაზეთის არსებობას საფრთხეს უქმნის… ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის მიერ რატიფიცირებულ ყველა საერთაშორისო შეთანხმებას და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებებს,“ განაცხადა RSF წარმომადგენელმა ერთი-ერთი ბოლოდროინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. „ქვეყანაში, სადაც მედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მიერ კონტროლდება, “აზადლიგის” გაქრობას სერიოზული შედეგები მოჰყვება.”
„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგებინოს ხელისუფლებას, რომ განსხვავებული აზრის დევნა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მიუღებელია.“
საპარლამენტო გაზეთ „აზერნაიჯანის“ მთავარი რედაქტორი ბაჰტიარ სადიქოვი არ ეთანხმება RSFის დასკვნას და აცხადებს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ მის ქვეყანაში ბევრად უკეთესადაა მდგომარეობა, ვიდრე სხვაგან.
„პრესა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალია. ხელისუფლება თავად უწყობს ხელს დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას,“აცხადებს ის. „ამიტომაც ჩვენთვის მიუღებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ისეთი შეფასებები, რომლებიც აზერბაიჯანზე ზეწოლის განხორციელებას ემსახურება. არ ღირს ამ შეფასებების სერიოზულად მიღება.“
სეიმურ ქაზიმოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში