ოფიციალური პირები სახალხო მღელვარებას არ იზიარებენ და მას დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევენ.
სეიმურ ქაზიმოვი, შაჰინ რზაევი – კავკასია
აზერბაიჯანის პოლიციამ წყლის ჭავლისა და შოკური მოქმედების ყუმბარების გამოყენებით დაშალა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ჯარში ახალწვეულთა დაღუპვას აპროტესტებდნენ.
10 მარტის საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა რაოდენობამ, ზოგიერთი მედია საშუალების მონაცემებით დაახლოებით 3000 მიაღწია.
წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაზიანდნენ, როგორც აქციის მონაწილეები ასევე ჟურნალისტები. IWPRის ორი კორესპონდენტი, პრესის წარმომადგენელთა მაიდენტიფიცირებელი წარწერის მიუხედავად, მაინც ვერ ასცდა დასველებას.
ზოგიერთი მედია საშუალების გადმოცემით, აქციის დაშლის დროს გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, თუმცა IWPRის ჟურნალისტები, რომლებიც ესწრებოდნენ დემონსტრაციას ამას არ ადასტურებენ. მათი შეფასებით, პოლიცია ამჯერად შედარებით პროფესიონალურად მოქმედებდა და წინა პერიოდის აქციებისაგან განსხვავებით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
საპროტესტო აქციაზე ისმოდა დემონსტრანტების შეძახილები „არა ჯარისკაცების სიკვდილს“, „ჯარი არ არის მორგი“, „მთავარსარდალმა პასუხი უნდა აგოს“.
თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრის „დოქტრინას“ მონაცემებით, წელს გარდაცვლილი 17 ჯარისკაციდან საომარ ვითარებაში მხოლოდ სამი დაიღუპა. შეფარდება იგივე იყო გასულ წელსაც, 97 დაღუპულიდან მხოლოდ 20 გარდაიცვალა საბრძოლო ვითარებაში (იხილეთ ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა).
აქციის დროს პოლიციამ ასამდე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმეტესობა დღის ბოლოს გაათავისუფლეს. აქედან დაახლოებით ოცს მსუბუქი სასჯელი მიესაჯა, სამი მომიტინგე ციხეში ერთ კვირას გაატარებს, ხოლო დანარჩენებს საკმაოდ დიდი ოდენობის, 400-დან 600 მანათამდე (დაახლოებით 800-დან 1200 ლარამდე), ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საპროტესტო აქციამდე სამი დღით ადრე, პოლიციამ ახალგაზრდული ოპოზიციური დაჯგუფების „NIDA“ს სამი წევრი დააკავა და ბრალი არეულობის ორგანიზებაში დასდო.
პოლიციელებმა ჩხრეკის დროს აქტივისტების ბახტიარ ქულიევის, მაჰამედ აზიზოვის და შაჰინ ნოვრუზლუს სახლებში აღმოაჩინეს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ და მარიჰუანა. დაკავებულების ნათესავები ირწმუნებიან, რომ ნივთმტკიცება ყალბია.
9 მარტს, საპროტესტო აქციის წინა დღეს, სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა სამივე დაკავებულის აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდნენ ისინი რევოლუციის მოწყობას. „NIDA“ს ლიდერები აცხადებენ, რომ დაკავებულებმა ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს და უარყოფენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ განზრახვას.
14 მარტს „NIDA“ს კიდევ ერთი აქტივისტი, რაშად ჰასანოვი, დააკავეს.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით სატელევიზიო აღიარებები და პოლიციის მიერ აქციის დაშლა იყო იმის მიმანიშნებელი, რომ ხელისუფლება უკომპრომისო იქნება შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
„ეს წარმოდგენები, დაწყებული აქტივისტების დაკავებით და დამთავრებული დემონსტრანტების დარბევით, გამოხატავს ხელისუფლების შიშს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა ალი კრემალიმ და დასძინა: „მე ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით“.
ხელისუფლებამ 10 მარტის დემონსტრაცია პროვოკატორი აგენტების მიერ განხორციელებულ ქმედებად წარმოაჩინა.
„რამოდენიმე პროვოკატორი ცდილობს ჯარისკაცების ტრაგედია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,“ – განაცხადა მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სიანუშ ნოვრუზოვმა. „მათ ამომრჩევლების თვალში არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დაწერა სურთ.“
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალდარ საბიროღლუმ, მომხდარის შესახებ მსგავსი შეფასება გააკეთა.
„გარკვეული ჯგუფები დაინტერესებულნი არიან არმიასა და საზოგადოებას შორის უნდობლობის არსებობაში. ისინი ცდილობენ მგლოვიარე დედათა ცრემლები თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად გამოიყენონ,“- განაცხადა მან.
გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი და ამავე დროს, ასოციაცია „სამხედრო ჯურნალისტების“ დამფუძნებელი, უზერი ჯაფაროვი ფიქრობს, რომ ხელისუფლების დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ მან ვერ შესძლო სამხედრო რეფორმების განხორციელება, რაც ასე აუცილებელი იყო ჯარში სიკვდილიანობის ტალღის შესაჩერებლად.
„მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილი გენერალიც რომ დავნიშნოთ თავდაცვის მინისტრად, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ მანამ, სანამ კანონმდებლობა არ შეიცვლება,“ – განაცხადა მან.
ჯაფაროვის განცხადებით, ახალწვეულთა ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 20 წლამდე და ჯარში უნდა აჰყავდეთ პროფესიონალები და არა წვევემდელები.
კვლევითი ორგანიზაცია „ატლასის“ ანალიტიკოსი ელჰან შაჰინოღლუ თვლის, რომ ხელისუფლებას საპროტესტო აქციების იგნორირება და მათი ოპოზიციის ხრიკებად წარმოჩენა არ წაადგება.
„უკმაყოფილო ადამიანებმა უნდა შეძლონ თავიათი ხმების ადრესატამდე მიტანა, სხვაგვარად შესაძლოა ეს პროტესტები სხვა, რაიმე უფრო რადიკალურ ქმედებებში გადაიზარდოს. ჯარზე უნდა არსებობდეს სამოქალაქო კონტროლი. თითოეული ჯარისკაცის სიკვდილი უნდა იქნას გამოიძიებული და ინფორმაცია გახდეს საზოგადოებისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი,“ – აცხადებს შაჰინოღლუ.
ოპოზიციური მოძრაობის „რეალი“ აღმასრულებელი მდივანი ნათიქ ჯაფარლი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ახალწვეულთა პირობების გასაუმჯობესებლად არაფერს მოიმოქმედებს.
„ხელისუფლებას ჰქონდა იმის შესაძლებლობაც და წინაპირობაც, რომ ჯარში რეფორმები განეხორციელებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა,“- ამბობს ჯაფარლი. „სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე ნებისმიერი სახის დათმობა საზოგადოების მიერ სისუსტედ აღიქმება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საპროტესტო აქციების გამართვა.“
სეიმურ ქაზიმოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. შაჰინ რზაევი IWPR დირექტორია აზერბაიჯანში.