გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, შიდა ქართლი
ავტორი: ნანა კახნიაშვილი
მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4092″]
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ბაზალეთში ჩასახლებულ ლიახვისხეობელებს ზოგი ხმამაღლა ნათქვამი და ზოგიც გულის სიღრმეში შენახული, მაინც ბევრი საფიქრალი რჩებათ. ერთი შეხედვით, სანახაობრივი თვალსაზრისით ადგილი იმდენად მშვენიერია, რომ კაცი ამაზე უკეთესს ვერ ინატრებს, თუმცა მუდმივსაცხოვრებლად აქაობას თავისი სირთულეები აქვს.
თამარაშნიდან დევნილი გიორგი გაგნიძე, დღემდე აქაურობას ვერ შეეგუა. „აქაობა ბოლომდე ვერ გავითავისე, ჩემი სოფელი მენატრება, ლიახვის ხმა, მთიდან მონაბერი გრილი სიო, საქართველოს ისტორიის დიდების ერთ-ერთი ნიმუში – მაჩაბლების მუზეუმი და ყველაფერი იქაური…. თუ მთავრობასთან რაიმე სათხოვარი გვაქვს, უპირველესად მიწის ფართია. დავამუშავეთ, მაგრამ ძალიან მცირე ადგილები, სულ 5 კვადრატული მეტრია, მცირე, რადგან ირგვლივ სულ ტყეა, და აბა, მუხას როგორ მოჭრი კაცი?! ნაკვეთები გვესაჭიროება, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და ოჯახი შევინახოთ, ახლა, რომ იტყვიან, მხოლოდ ვარსებობთ… აქ ცხოვრება ძნელია, სანამ არ დავბრუნდებით, მანამდე ჩემი გული ვერ მოისვენებს… ადამიანის სხვაგან დასახლება იგივეა, რაც ჩიტისთვის ბუდის მოშლა“.
ბაზალეთელი დევნილებისთვის , ამ ეტაპზე, მათივე საუბრიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ტრანსპორტირებაა, მარინე სამარჯიშვილი, თბილისში, ჩაფიძის სახელობის კლინიკაში მუშაობს, დიდუბემდე მგზავრობა მას 2 ლარი უჯდება, იქიდან კლინიკამდე კი – 50 თეთრი, ამავე თანხას შეადგენს სახლამდე დაბრუნებაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი თვეში 250 ლარია, ხოლო დღიური ხარჯი – 6 ლარი, მომავლის იმედითა და საქმის სიყვარულით მაინც მუშაობს.
ბაზელეთში მცხოვრები დევნილები ტრანსპორტის და დაზიანებული გზის პრობლემებზე საუბრობენ. „დუშეთამდე ტრანსპორტი მხოლოდ კვირა დღეს დადის, კვირაც იმიტომ შეარჩიეს, რომ ბაზარში წასვლა შეგვეძლოს, მაგრამ დუშეთში კვირა დღეს ბაზრის მეტი არაფერი ფუნქციონირებს, თქვენ წარმოიდგინეთ, არც – მაღაზია… არადა, დუშეთი ხომ რაიონული ცენტრია და ბანკია, სოცუზრუნველყოფაა თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, პირველ რიგში ხომ იქ უნდა მივიდეთ?! მარტო ბაზარი მოაგვარებს ცხოვრებას?!” , – მარუსა ხუცინაშვილის ნათქვამს ეზოში თავშეყრილი მოსახლეები ეთანხმებიან.
ისინი ამბობენ, რომ ტრანსპორტირება სხვა სირთულეებსაც ქმნის: „იმის გამო, რომ სამუშაო დღეებში რაიონულ ცენტრამდე ვერ მივდივართ, ჯარიმას ჯარიმაზე ვიკიდებთ, აი, მაგალითად, ელექტროენერგიის დანახარჯი 1 ლარი მქონდა გადასახადი და რადგანაც გადასახდელად დუშეთამდე ვერ ჩავაღწიე, ჯარიმა დამერიცხა და 2 ლარი გადამახდევინეს, 1 ლარი წელში კი არ გვწყვეტს, მაგრამ რადგანაც დუშეთამდე დროულად ვერ ჩავაღწევთ, ორმაგი თანხა უნდა ვიხადოთ?!“. დევნილები ამბობენ, რომ გადასახადის შეღავათის გამო თვიდან თვემდე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს ეკონომიურად ხარჯავენ, თუმცა შეღავათის ნაცვლად ისინი დათქმულ დრომდე გადაუხდელობის გამო ჯარიმდებიან.
„ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამძიმარია თუ რაღაც, ხშირად წასვლს ვერც ვახერხებთ, ყველას ხომ არ აქვს ტაქსით მგზავრობის საშუალება? საჭიროა, შესაბამისმა სამსახურმა დროულად მიიღოს ზომები ამ საკითხის მოსაგვარებლად.“- განაცხადა დუნია მინდიაშვილმა.
აქ მაცხოვრებელი ბავშვები დუშეთის სკოლაში სწავლობენ. სკოლაში მიკროავტობუსით მგზავრობენ, რის ხარჯებსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ზამთრობით ბაზალეთიდან დუშეთამდე გზა ინამქრება და ბავშვებსაც და დევნილ მასწავლებლებსაც ხშირად სასწავლო პროცესის გაცდენა უწევთ. დუშთის სკოლაშია დასაქმებული აჩაბეთიდან დევნილი პედაგოგი ეკა მიქელაძის განცხადებით: „მთელი ზამთარი ძალიან გვიჭირდა დუშთამდე მგზავრობა. ქარსაცავი ზოლი არაა. ხეები რომ იყოს, ალბათ გვეშველებოდა. გზა რომ დაზიანებულია, ტრაქტორის მუშაობას დიდი შედეგი ვერ მოაქვს“.
დანამქრული გზის გადახვეტა გამგეობას ვთხოვეთ, გამგეობამ მაშინვე დარეკა და ტრაქტორმა გზა გაასუფთავა, მაგრამ მეორე დღეს იგივე პრობლემა გაჩნდა, ისევ დაინამქრა,“ -განაცხადა ქალბატონს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ბაზალეთის დასახლების მამასახლისის, მარი მჭედლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა აქ მაცხოვრებელმა სამსახური იშოვა, ტრანსპორტირების სირთულის გამო სიარული ვერ შესძლეს და დღეს უმუშევრები არიან. მარი იმედოვნებს, რომ ისევე როგორც ბევრი საკითხი, ბაზალეთში გადაადგილების საკითხიც მოგვარდება:
„დევნილთა საკითხი სახელმწიფოსთვის დღემდე პრიორიტეტად რჩება. ჩვენმა ხალხმა აქ, ყოფილი პანსიონატის კორპუსებში ცხოვრება, ნულიდან დაიწყო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, უკვე ნორმალური საცხოვრებელი პირობებია, დასახლება გაზიფიცირებულია, არის სასმელი წყალი, ზაფხულობით უამრავი სტუმარი მოდის და რომ იტყვიან, სიცოცხლე იგრძნობა. ბევრი დასაქმდა კიდეც და ვიმედოვნებ, რომ ტრანსპორტირების საკითხიც მოგვარდება“
როგორც მამასახლისი ამბობს, სულ მალე მოსახლეობას სარწყავი წყალიც ექნება: „აღნიშნული სამუშაოები ქურთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ჭაბურღილის ადგილმდებარეობის შესარჩევად მოწვეული ჰყავდათ სპეციალისტი. სარწყავი წყლის მისაწოდებელი სამუშაოები დაიწყო და ერთი ჭაბურღილი უკვე მზადაა. იმის გამო, რომ გაწვიმდა, ამ დღეებში სამუშაო პროცესი დროებით შეფერხდა, თუ ამინდი არ შეუშლის ხელს, იგი დროულად დასრულდება კიდეც“.
მისივე ინფორმაციით, ბაზალეთში სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც ხორციელდება, – კერძოდ, ამ ეტაპზე იქ მუშაობს “worldvision”, რომელიც უახოეს მომავალში ჩატარდება ტრენინგებს. ტრეინინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება და კუსრის დასრულების შემდეგ მსურველები სოფლის მეურნეობის საკითხთან დაკავშირებით პროექტებს შეიმუშავებენ. მათ შორის საუკეთესო პროექტი კი -აღნიშნული დონორის მიერ დაფინანსდება.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც აქ ჩასახლებულები თითქმის ერთხმად საუბრობენ, სამედიცინო მომსახურებაა. საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანა ბაზალეთში წეროვნიდან ან დუშეთიდან მიდის, რაც დიდ დროს მოითხოვს, როგორც შევიტყეთ, შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგა და სულ მალე ბაზალეთში პაციენტებს მორიგე ექიმი მოემსახურება. მორიგე მედპერსონალს ყოფილ პანსიონატში შპს „ქურთის საავადმყოფო“ გაანაწილებს.
ახლა გაზაფხულია და ბაზალეთელი დევნილებიც იქვე არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებში ფუსფუსებენ. „საკუთარი ხელით მოყვანილი გემრიელიაო“, ამბობენ და შრომას შეჩვეული ადამიანებიც მთელი შესაძლებლობებით ცდილობენ ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტით უზრუნველყონ.
ზაფხულის სეზონზე ზამთარში მიძინებული ჩასახლება ცოცხლდება და ნამდვილი სანატორიუმის სახეს ღებულობს, და თუ აქ ჩასახლებული დევნილები ზამთრის დიდ ღამეებს ფიქრში ათენებდნენ, ზაფხულში სტუმრებთან თავშექცევით დილა ნაუცბათევად თავს წამოადგებათ და ბევრჯერ ძილსაც მოანატრებს.