24–25 ნოემბერს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) მოაწყო ჟურნალისტურ მისია ფოთში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი კომპაქტური დასახლება შენდება. პროექტი ახალი საცხოვრებლით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დევნილების ჩასახლება 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
მისიის მიზანი პროექტის დეტალების ადგილზე გაცნობა და მასში ჩართულ მხარეებთან შეხვედრა იყო.
მისია პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად რეგიონული ჟურნალისტების ქსელის შექმნას და მათი პროფესიული უნარჩვევების ამაღლებას ისახავს.
მისიაში მონაწილეობა ქვემო ქართლის მედია ჯგუფის, რადიო „ქალაქის“ (შიდა ქართლი), „ახალი გაზეთის“ (იმერეთი), სააგენტო „ჯეოტოპნიუსის“, მე–9 არხის (სამცხე–ჯავახეთი), გაზეთ „ბათუმელების“ (აჭარა), და გაზეთ „რეზიუმეს“ (ფოთი) ათმა ჟურნალისტმა მიიღო.
ჟურნალისტები შეხვდნენ ფოთის მერს ვახტანგ ლემონჟავას, დევნილთა საქალაქო სამსახურის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ ასევე მოინახულეს სასტუმრო კოლხეთი და გორგასლის ქუჩაზე არსებული დევნილთა კომპაქტური დასახლებები და შეხვდნენ იქ მცხოვრებ დევნილებს.
მისია პროექტის Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus ფარგლებში ჩატარდა, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროების დაფინანსებით.