გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, შიდა ქართლი
ავტორი: ნანა კახნიაშვილი
სრულიად ახალგაზრდები მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს, იმდროინდელი გაჭირვება დღემდე ახსოვთ, მაგრამ მაშინ ყველა პრობლემა საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ დაავიწყათ. დღეს კი საკუთარ კერას მოწყვეტილი ვეტერანები აგვისტოს ომს ვერ ივიწყებენ და მუდმივად კითხულობენ იმ ქვეყნის სამართალმემკვიდრემ ასე რატომ გაწირა, ვისი გამარჯვებისთვისაც ახალგაზრდობაში იბრძოდნენ. 9 მაისს მცირე რაოდენობით დარჩენილი ვეტერანები, რომლებიც ახლა იძულებით გადადგილებული პირები არიან ფაშიზმზე გამარჯვებას კიდევ ერთხელ აღნიშნავენ.
გიორგი ბასიშვილი 17 წლის იყო როცა, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ასაკის მიუხედავად, ბასიშვილი ომის დროს გადახდენილ ამბებს დეტალურად იხსენებს და სიამაყით ამბობს, რომ ჯერ არც ჯანმრთელობას უჩივის და არც მეხსიერებას. თუმცა თუ მის ცხოვრებისეულ სირთულეებს გადავხედავთ, გაგვიკვირება კიდეც ამ ადამიანმა ამდენს როგორ გაუძლო?!
84 წლის ქურთიდან დევნილი კაცი აგვისტოს ომის შემდეგ მეუღლესთან – ქალბატონ ლალისთან და შვილთან – ნიაზთან ერთად წეროვანში ცხოვრობს. გაჭირვება ბავშვობშიც ნახა, შემდეგ სიჭაბუკის წლები კი -გერმანია-საბჭოთა კავსირის ომში გაატარა, ბოლოს კი – 80 წლის ასაკში ისეთი დღეები გაიარა, რომ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კერძოდ, ომის დროს ხეობიდან ცოლ-შვილი დიდი ხვეწნის შემდეგ გამოისტუმრა, თვითონ კი – 17 აგვისტომდე ქურთაში იმყოფებოდა. იქ ყოფნის დროს, საკუთარი თვალით, არაერთი ხანძარი ნახა. იმ დროს სოფელში ცოტანი იყვნენ დარჩენილები, თუმცა ისინიც იმალებიდნენ.
„ბევრი გაჭირება მინახავს, მაგრამ აგვისტოში ისეთი საშინელი აფეთქებები იყო, რომ კაცი ვერ მიხვდებოდა რა ტიპის ასაფეთქებლებს იყენებდნენ. ორივე ომი სასტიკი იყო, მძიმე მოსაგონარი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ერები, ვის გვერდითაც ჩვენ, ქართველები, ნახევარი საუკუნოს წინ ერთგულად ვიბრძოდით, ახლა ჩვენ შემოგვიბრუნდებოდნენ. გული მწყდება, რომ აგვისტოს ომის დროს ხეობაში მოთარეშე ოსებისა და რუსების გარდა სომხებს, ჩეჩნებსა და კაზაკებსაც ვნახულობდი. სასიკვდილო განაჩენის წინაშე არაერთხელ დავდექი, მაგრამ ვეტერანობისა და ინვალიდობის საბუთს რომ ვაჩვენებდი, თავს დამანებებდნენ ხოლმე “, – გვითხრა გიორგი ბასიშვილმა.
სოფელ ერედვიდან დევნილი დიმიტრი ტურაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის შემდეგ ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. ოჯახური მეურნეობა, ხილ–ბოსტნეულის მოყვანა, საქონლის მოვლა, თივის შეგროვება და სხვა მსგავსი საქმიაობა უკვე სამი წელია ქალაქურმა ცხოვრებამ შეცვალა. 88 წლის მოხუცი თავს ჯანმრთელად კი გრძნობს, თუმცა ამბობს, რომ სოფელზე ფიქრი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა მოსვენებას არ აძლევს. მოხუცის რთული ცხოვრებიდან ერთ- ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი მეორე მსოფლიო ომი იყო. თუმცა, თვლის, რომ არანაკლები ტკივილი მიიღო 2008 წლის აგვისტო ომის დროს. სოფელში შემორჩენილ ერთეულ ადამიანებს შორის მყოფი მოხუცი მამა გორისკენ შვილების დაჟინებული თხოვნით გამოვიდა.
ახლა მაისია, ჩვენი რესპონდენტების გონებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. ისინი უკვე ღრმად მოხუცები არიან და გულს მცირედიც კი უხარებთ, უხარიათ, როცა ისინი, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერადაც ახსოვთ, უხარიათ, რომ საქართველოს ინტელექტით სავსე თაობა ჰყავს და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4094″]