29 ივლისს, თბილისში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა დისკუსია – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: შედეგები, პროგრესი და დასახული ამოცანები.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს, გაეროს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ასევე მოწვეულები იყვნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და აფხაზეთიდან დევნილები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა წინაშე არსებული ყველაზე მწვავე პრობლემები – ადეკვატური საცხოვრისის არქონა, დასაქმება, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სახელმწიფო პოლიტიკაში მათი თანამონაწილეობა.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინე ფოჩხუა შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა სამინისტროს მიერ შემუშევებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულთა პირთა განსახლების და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას.
,,სამინისტრო დევნილთა განსახლების პროცესის დასრულებას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ ჯამში განსახლებას საჭიროებდა 90 000 დევნილი ოჯახი, აქედან 70 000 არ არის დაკმაყოფილებული, ხოლო 40 000 ოჯახი ცხოვრობს უმძიმეს პირობებში და საჭიროებს სასწრაფოდ განსახლებას. ჩვენი პრიორიტეტიც სწორედ ყველაზე შეჭირვებული ოჯახები და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაა,” – განაცხადა მარინე ფოჩხუამ.
სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული სამუშაოების შეფასებისას დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, დევნილთა მიმართ სახელმწიფო კანონის ხარვეზებსა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
,,ახალი კანონი 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მასში შევიდა ცვლილებები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებას. მაგალითისთვის კანონის თანახმად შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება დევნილთა განსახლება, განიმარტა ოჯახის ცნება, შეიცვალა დევნილის ცნების განმარტება. იმის გამო, რომ კანონში აქამდე ეს მომენტები არ იყო დაკონკრეტებული დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებული იყო ბევრი უსამართლობა, რაც შეეხებოდა როგორც ოჯახებზე ფართების არათანაბრად გადანაწილებას, ასევე უარყოფითად აისახებოდა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე“, -განაცხადა მან.
საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და ასევე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების შესახებ.
დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია სინერგიის წარმომადგენელმა მანანა დარჯანიამ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ყველაზე მეტად არის დაინტერესებული სამინისტროდან წამოსული სიახლეებით, რადგან სწორედ ამ ქსელის წევრები არიან ამ ინიციატივების პირველი ბენეფიციარები.
,,ჩვენ ჩავინიშნეთ ყველა ახალი თემა, რაც დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააჟღერა. ბევრი საინტერესო ახალი ამბავი მოვისმინეთ. მაგალითისთვის ის, რომ დევნილთა სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისში გადმოეცა მიწები, სადაც ახლო მომავალში დაიწყება დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომ სამინისტრომ დაიწყო დევნილთა თემებში ადამიანური რესურსების შესწავლა, რათა მოხდეს მათი შრომითი პოტენციალის რეალიზაცია, ამოქმედდა ქალთა სარეაბილიტაციო პროგრამა, შეიქმნა დევნილთა მეგობრების კლუბი, ” – აღნიშნა დარჯანიამ.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი ზვიადაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სამინისტრომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს დევნილთა ინფორმირების დონის ამაღლებას.
,,მხოლოდ დევნილებთან ინტენსიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი მათი პრობლემების გადაჭრის პროცესის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება. საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ასევე გაზრდის სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხსაც”, – ამბობს დიმიტრი ზვიადაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც. მათ შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ იმ ადამინებს, რომელთა გადაწყვეტილებებიც პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე.
,,ასეთი შეხვედრები ხშირად რომ ტარდებოდეს დევნილებს არ გვექნებოდა წლების განმავლობაში ამდენი გადაუჭრელი პრობლემა. დისკუსიაზე წარმოვადგენდი 18 ოჯახს, თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპაქტური ჩასახლების ცენტრიდან. მე პირადად პირველად მომეცა საშუალება პირისპირ მესაუბრა დასახლების პრობლემებზე სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, ” – თქვა სოხუმიდან დევნილმა ირაკლი ჩაგანავამ.