ხელისუფლებას თვალთვალის უკეთესი მექანიზმების ამოქმედება სურს, თუმცა მათი მცდელობა ეს ბიუროკრატიული რეგულაციების დაწესებით გააკეტონ მეტყველბს იმაზე, რომ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებისგან შორს არიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ინტერნეტის, კერძოდ კი სოციალური მედიის მომხმარებლებზე კონტროლის მექანიზმების შემუშავების სტადიაში იმყოფება.
ახალი რეგულაციების შემოღების ინიციატივა ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსს რამიზ მეჰდიევს ეკუთვნის. ამის შესახებ მან 29 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის დროს მეჰდიევმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე დაძაბულობას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოვლენების დროს გამოიკვეთა „არაპროფესიონალურ და არაკანონიერ“ მედიასთან ბრძოლის აუცილებლობა.
„ნებისმიერი ქმედება ან ქმედების მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საკონსტიტუციო წყობის ან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რა ფორმით ან საშუალებითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა მან. „გაფრთხილებთ, რომ ასეთი ზომების გატარება კვლავაც გაგრძელდება“.
ვარიანტების განხილვისას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა და მმართველი იენი აზერბაიჯანის პარტიის წარმომადგენელმა სიავუშ ნოვრუზოვმა ყურადღება გაამახვილა იმ კომენტარებზე, რომლებიც უფრო შეურაცხმყოფელი იყო, ვიდრე საფრთხის შემცვლელი.
„ვებგვერდებზე დღეს ძალიან შეურაცმხყოფელ ლექსიკას იყენებენ, თანაც ყველაფერი ფსევდონიმებით იწერება“, – თქვა მან. „ეს არის სხვა მომხმარებლების მიმართ ეთიკის ნორმების დარღვევა“.
ნოვრუზოვის განმარტებით, გადაწყვეტილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში ან სხვა ნებისმიერ ვებგვერდებზე თავიანთი ნამდვილი სახელებით დარეგისტრირება მოუწევთ.
მისი განმარტებით, ინტერნეტმომხმარებლებს კომენტარის გამოსაქვეყნებლად ქსელში თავიანთი პირადი ნომრის მითითება მოუხდებათ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ იმუშავებს აღნიშნული მეთოდი ან რა გზით მოხდება მონაცემთა გადამოწმება, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებდა.
ადვოკატი ჯაბირ ალიევი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგვასი შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების პრინციპებთან.
„სიტყვის თავისუფლება ეს არის სიმართლის დადგენის საშუალება და თუ ის მიმდინარეობს წინააღმდეგობისა და დაპირისპირების პირობებში, მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესებით, მაშინ, რასაკვირველია, ეს უარყოფითად აისახება აზრთა სხვადასხვაობაზეც და სიმართლის გარკვევაზეც … ზიანი მიადგება პოლიტიკურ აქტიურობასაც“, – აღნიშნა მან. „შესაძლებლობა ანონიმურად გამოხატო საკუთარი აზრი, არის სიტყვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი“.
აზერბაიჯანში ბოლო პერიოდში აუმრავი ბლოგერი თუ ვებგვერგის ადმინისტრატორი აღმოჩნდა ციხეში სწორედ სოციალურ ქსელებში აქტიურობის მიზეზით. დაპატიმრებულთა შორის არიან ვებგვერდის „მოდით პირფერებს ვუთხრათ სტოპ“ დამაარსებელი აბდულ აბილოვი, სატირული საიტის „ამონარიდები აზერბაიჯანის ტელევიზიიდან“ დამფუძნებელი ომარ მამადლი, ვებპორტალ „გადადექის“ ავტორი ფარაჯ კარიმოვი და ასევე ჯამილ ჰასანლი, ელსევერ მურსალი, რაშად რამაზანოვი, ორჰან ეიუბზადე, ილკინ რუსტამზადე და მამად აზიზოვი.
ინტერნეტის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მცდელობა თავის საჭიროებებს მოარგოს გლობალური ტექნოლოგიები არის საკმაოდ არაპრაქტიკული, რადგან სოცილურ მედიას თავისი მომხმარებლებისთვის საკუთარი წესები აქვს, რაც სავარაუდოდ ვერ შეიცვლება აზერბაიჯანის ხელისუფლების კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
„შეუძლებელია დანერგო შენი კანონი ქსელში უკვე არსებული წესების საწინააღმდეგოდ. ფეისბუკით მარტო აზერბაიჯანში არ სარგებლობენ. ონლაინ გამოცემების კომენტარების სისტემას მოდერატორები აკონტროლებენ და ისინი საკუთარი წესებით მუშაობენ“, – ამბობს ჯავიდ აგა, რომელიც სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია. „ვფიქრობ, როდესაც ნოვრუზოვი საუბრობს ინტერნეტ ფილტრაციაზე და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, ის გულისხმობს ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ირანს და თურქეთს. ამ ქვეყნების მთავრობები სრულად აკონტროლებენ ადამიანების პირად ცხოვრებას ვირტუალურ სივრცეში. ეს არის სრული უპატივისცემულობა კონფიდენციალურობის მიმართ“.
ალიევის მტკიცებით, ხელისუფლების მცდელობა აკონტროლოს ვებგვერდები არის ცენზურის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სავარაუდოდ ვერ იმუშავებს.
„ხალხი ყოველთვის აუვლის გვერდს აკრძალვებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი რეალური მეთოდი იქნებოდა ქვეყნის შიგნით „ერთიანი შიდა ქსელის“ შექმნა.
„ამის გაკეთება ჩინეთმაც კი ვერ მოახერხა, რადგან ინტერნეტი მხოლოდ ფეისბუკს ან ტვიტერს არ მოიცავს, მთელი საბანკო სისტემა და ბიზნესი მასზეა მიბმული“, – დასძინა ალიევმა. „ასეთი რეგულაცია რომ დანერგო, მზად უნდა იყო დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებისთვის“.
დურნა საფარლი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში