ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 23-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ქართული მხარის წარმომადგენლებს პირველ რიგში, ის აინტერესებდათ თუ ვინ იქნებოდა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, წინა შეხვედრაზე მერაბ ჩიგოევი შეხვედრის მონაწილეებს დაემშვიდობა და საქმიანობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გააგრძელა.
ოსური დელეგაცია ერგნეთში ორ საგუშაგოს შორის მოწყობილ კარავთან ცოტაოდენი დაგვიანებით გამოჩნდა. დელეგაციას წინ რობერტ გაზაევი მოუძღოდა, რომელიც მანამდე დელეგაციის რიგითი წევრი იყო. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ გაზაევს სამხედრო ფორმის ნაცვლად პიჯაკი ეცვა და ყელზე ჰალსტუხი ჰქონდა შებნეული. მისმა ჩაცმულობამ თითქოს ყველა დააბნია, რადგან ამ შეხვედრებზე ყოველთვის სამხედრო ფორმით ცხადდებოდა ხოლმე. მალე გაირკვა, რომ გაზაევი დროებით შეასრულებს დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობას.
ერგნეთის შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. მხარეები ბოლო პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე სწრაფად შეთანხმდნენ. საჩხერის რაიონის ოთხი მცხოვრები, რომელიც ჯონჯოლის საკრეფად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, და ერთი ერედვიდან დევნილი, რომელიც სოფელში დედის საფლავზე სანთელს ანთებდა, რუსმა მესაზღვრეებმა ორი დღის წინ დააკავეს. ეს ხუთი დაკავებული ოსურმა მხარემ უკვე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, გაგრძელდა მოლაპარაკება დანაღმულ ტერიტორიებზე გამნაღმველების შეშვების თაობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქართულმა მხარემ ოსურ მხარესთან დაიწყო საუბარი დევნილთა დაბრუნებაზე ე.წ. ხაზის სიახლოვეს არსებულ სახლებში, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ხურველეთში დარჩენილ 3 სახლში დააბრუნებენ ოჯახებს.
“განვიხილეთ ვითარება, რომელიც არსებობს ადმინისტრაციული საზღვრის ირგვლივ, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროს გადავწყვეტთ და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მივცემთ შევიდნენ იმ სახლებში, სადაც ბოლო დრომდე ვერ შედიოდნენ. თუმცა, ამას ალბათ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ხურვალეთში არის 3 სახლი დარჩენილი, რომელშიც მოსახლეობა ვერ ბრუნდება იმიტომ, რომ ძალიან ახლოს გადის ოკუპაციის ხაზი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას შემდეგ შეხვედრამდე”,- განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ სოფელ ზარდიაანთკარში დაახლოებით 25 ოჯახი დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან სოფელი რუსულ საგუშაგოსთან ახლოს მდებარეობს და იქ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამიტომ ზარდიანთკარელები უკვე სამ წელზე მეტია, რაც გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ.
შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ჩანდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი. მისი თქმით, პროგრესი თვალშისაცემია და მხარეები ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გადაწყვეტას გაგებით ეკიდებიან.
ტიშკევიჩმა პირველი კომენტარი აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა და გალის შეხვედრები ჩაშალა. ტიშკევიჩი მიიჩნევს, რომ დიალოგის აღდგენა და პრობლემების მოგვარება აუცილებელია.
ერგნეთში მომავალი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება, მანამდე კი მხარეები ჟენევის დისკუსიაზე შეხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, გალის შეხვედრების გაგრძელების საკითხი იქ გადაწყდება.
ავტორი: გოგა აფციაური
მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4522″]