მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ორგანიზებით მრგვალ მაგიდა მოაწყო, თემაზე: მედია და კონფლიქტი.
ძირითადი მომხსენებლები გახლდნენ: მამუკა ყუფარაძე – კინოდოკუმენტალისტი, სტუდია „რე“-ს ხელმძღვანელი, ბექა ბაჯელიძე – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონალური დირექტორი და თეა თოფურია – დამოუკიდებელი ჟურნალისტი. შეხვედრის მიზანი ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისათვის კონფლიქტის გაშუქების და ამ მხრივ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაგროვილი გამოცდილების უკეთ გაცნობა იყო.
„სამოქალაქო საზოგადოების დიალოგს დიდი როლი ეკისრება ნდობის აგდგენის პროცესში, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ აუცილებელია მსგავსი დისკუსიების მოწყობა და განსხვავებული აზრის მოსმენა,“-განაცდახადა გიორგი კუპატაძემ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის საქართველოს ოფისის რედაქტორი.
შეხვედრაზე ასევე გაიმართება სტუდია „რე“-ს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმის – „აგვისტოს ომის განაჩენი“ ჩვენება და დისკუსია. ფილმი შედგება ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებისგან, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ქართულ, ასევე ოსურ და აფხაზურ მხარეებს.
„კონფლიქტის გაშუქებისას იყავით ფრთხილები და ნუ გახდებით სკანდალურ ფრაზებზე მონადირეები. მე მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა რესპოდენტს რაღაც გაუაზრებლად წამოსცდენია, მაგრამ ეს არასოდეს გამივრცელებია. კონფლიქტის გაშუქებისას არ უნდა დაგავიწყდეთ ის თუ ვისთვის აკეთებთ ამას, უნდა გახსოვდეთ რომ ამას მარტო თქვენი თემი არ ნახავს და რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად ნახავს მეორე მხარეც,“- განაცხადა მამუკა ყუფარაძემ.
შეხვედრის მიწურულს თეა თოფურიამ დამსწერ საზოგადოებას კვიპროსში მისი ვიზიტის შთაბეჭდილებები გაუზიარა.
სექტემბერის დასაწყოსში, ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში კავკასიელი ჟურნალისტებისთვის ხუთი დღის განმავლობაში მიდინარეობდა სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარი. აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ჟურნალისტები გაეცნენ კვიპროსის კონფლიქტის ისტორიას და მისი მოგვარების პერსპექტივას.
„კვიპროსის გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ვნახეთ კონფლიქტის რეგიონი და განვიხილეთ ამ კონფლიქტის ისტორია,“ – განაცხადა თეა თოფურიამ.