ბაირამ ყურაშვილის შვიდსულიანი ოჯახი შვიდ წელზე მეტია კინოსტუდიის ეზოში მიტოვებულ ავტობუსში ცხოვრობს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, გურამი ორი წლისაა.
[nggallery id=5]ყურაშვილების წინაპრები საბჭოთა რეჟიმის დროს მესხეთიდან იძულებითი დეპორტაციის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობდნენ, ისტორიულ სამშობლოს კი 80-იან წლებში დაუბრუნდნენ.
„რეპატრიირებულებიდან საქართველოს მოქალაქეობა ერთ-ერთმა პირველმა მე მივიღე. სამშობლოში დაბრუნების პირველი რამდენიმე წელი უმძიმესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ვშიმშილობდით. მოგვიანებით, კინოსტუდიის ავტოსადგომზე მანქანების შემკეთებლად დავიწყე მუშაობა და ოჯახთან ერთად ავტოსადგომის ეზოში, მიტოვებულ ავტობუსში დავსახლდი“, – ამბობს ბაირამ ყურაშვილი.
ყურაშვილების ოჯახში ამჟამად არავინ მუშაობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფოსგან მიღებული 174 ლარიანი სოციალური შემწეობაა.
„თავშესაფრის მოთხოვნით, დევნილთა სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მინდა ერთი პატარა სახლი და ეზო მქონდეს, ჩვენ სხვა არფერი გვჭირდება, დანარჩენს ჩვენი ხელებით გავაკეთებთ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი იამზე ხასაია.
ყურაშვილების მსგავსად, სამშობლოში დაბრუნებული მესხი ოჯახების დიდი ნაწილი, სიღატაკეში ცხოვრობს.
საქართველომ დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე 1999 წელს აიღო. მას შემდეგ, მესხების რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა და დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეძლებდნენ.
დღესდღეობით, რეპატრიანტის სტატუსი 500-ამდე ადამიანს აქვს მიღებული. მოგვიანებით ისინი, საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს კანონი რეპატრიაციის შესახებ, ქართულ მხარეს რეპატრიირებულების წინაშე, ფინანსურ ვალდებულებებს არ აკისრებს.
„სამშობლოში დაბრუნებულ მესხებს აქ პრაქტიკულად არაფერი ხვდებათ. რეპატრიირებულები ვალდებულნი არიან, თავად მოძებნონ და თავიანთი სახსრებით შეიძინონ ბინა თუ სხვა უძრავი ქონება. ვინაიდან, სახელმწიფოს რეპატრიირებულებისთვის რაიმე სოციალური პროგრამების შემუშავების ვალდებულება არ აქვს აღებული, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ხალხი მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი“, – ამბობს მესხების რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.
მისივე თქმით, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდომარეობა ე.წ. თვითრეპატრიირებულ მესხებს აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში თავიანთი ინიციატივით, ყოველგვარი პროცედურული მხარეების გავლის გარეშე დაბრუნდნენ. ამ ოჯახების უმეტესობა ამჟამად ახალციხისა და ადიგენის რაიონებში ცხოვრობს. მათ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ, რის გამოც უამრავ პრობლემას აწყდებიან. დღესდღეობით საქართველოში ასეთი 83 ადამიანი ცხოვრობს.
„განსაკუთრებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები თვითრეპატრიირებულებს აქვთ, ვინაიდან ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ და ვერც სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობენ. დოკუმენტების არქონის გამო, მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს სამსახურის შოვნაც,“- ამბობს ცირა მესხიშვილი.
ერთ-ერთი თვითრეპატრიირებული მესხის როზა ხამდიევას თქმით, მისი შვილი სამსახურიდან სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ჰქონდა.
„ჩემი შვილი ასოციაცია „ტოლერანტის“ დახმარებით რაბათის ციხის მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ ვინაიდან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა სამსახურიდან მალევე გამოუშვეს,“ – განაცხადა ხამდიევამ.
ხამდიევების ოჯახი საქართველოში 9 წელია ცხოვრობს, თუმცა დღემდე არავითარი ლეგალური სტატუსი არ აქვთ. მათივე თქმით, სტატუსის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„5 სულიანი ოჯახი ვართ, ოჯახში ჩემ გარდა არავინ მუშაობს. მე ასოციაცია ტოლერანტმა თარჯიმნად დამასაქმა და ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი 150 ლარიანი ხელფასია. 2 შვილი მყავს, ჩემი რძალი ფეხმძიმედაა და ეს ჩემი ხელფასი, არათუ მთელი ოჯახის, არამედ მის სამედიცინო საჭიროებებსაც კი არ ეყოფა“, – ამბობს როზა ხამდიევა.
რაც შეეხება რეპატრიანტის სტატუსისა და მოქალაქეობის მქონე მესხებს, ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის თქმით, მათი მთავარი სოციალური პრობლემა ისაა, რომ მათ, ქართული ენა არ იციან, რის გამოც სამსახურის შოვნა ძალიან უჭირთ.
„სტატუსის მქონეებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები. უფროსმა თაობამ ქართული არ იცის, შესაბამისად, მათი დასაქმება ძალიან რთულია. ამ ოჯახებში მამაკაცების 90% სამუშაოდ თურქეთში წავიდა. იქ ენობრივი ბარიერი არ ექმნებათ და სამსახურსაც მალევე შოულობენ. არის შემთხვევები, როდესაც შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე რეპატრიირებულები საქართველოდან მიდიან და იმ ქვეყნებში ბრუნდებიან, სადაც დეპორტაციის პერიოდში ცხოვრობდნენ,“ – ამბობს მესხიშვილი.
დეპორტირებული მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და მათი სათანადო ინტეგრაციის მიზნით ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსების მობილიზების საკითხს მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახალხო დაცმველის აპარატიც.
„საზოგადოებაში მესხების სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის სახელმწიფოში უნდა არსებობდეს რეპატრიანტების სოციალური უზრუნველყოფის, მათი განსახლებისა და ინტეგრაციის ღონისძიებების თაობაზე ეფექტური მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები. სამწუხაროდ, საქართველოს კანონი რეპატრიაციის შესახებ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ რეპატრიანტებისთვის რაიმე სახის სოციალურ დახმარებას,“ – აღნიშნულია სახალო დაცმველის 2011 წლის ანგარიშში.
როგორც დევნილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ, მესხების თემაზე ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, კანონით, რეპატრიირებულ მესხებზე ქართული სახელმწიფო იმიტომ არ იღებს ფინანსურ ვალდებულებებს, რომ მათი დეპორტაცია არა საქართველომ, არამედ საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე კი, რუსეთია. შესაბამისად, ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება.
სამინისტროს ამ პოზიციას იზიარებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარეს რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პასუხისმგებლობის საკითხი 1999 წელსვე, ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულების აღებისას უნდა დაეყენებინა.
„რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ ქართულ მხარეს, დეპორტირებული მესხების წინაშე, ფინასური ვალდებულებები აეღო, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მათი დეპორტაცია საბჭოთა კავშირმა განახორციელა. ვთვლი, რომ ამ ხალხის წინაშე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის კოლექტური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პირველ რიგში, ეს ვალდებულება რუსეთმა უნდა აიღოს, რადგან სწორედ ისაა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. ეს საკითხი საქართველოს მხარეს მაშინვე უნდა დაეყენებინა, როცა ევროსაბჭოს წინაშე დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულებას იღებდა. დღეს უკვე, ქართული მხარის რეაქცია ცოტათი დაგვიანდებული იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს თემა დღის წესრიგში მაინც უნდა დადგეს და თავისი წილი პასუხსიმგებლობა ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
სალომე აჩბა თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.