ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მისწრაფებების მიღმა მმართველ ძალაში მოსკოვის მხარდაჭერას ხედავენ.
შეძლებული ქართველი ბიზნესმენის განცხადებამ, რომ ის პოლიტიკაში წასვლას აპირებს და გამოწვევას უგზავნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსები საგონებელში ჩააგდო და მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო აღცევნებისთვის მზადებაში კორექტივები შეიტანა.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განსაკუთრებით იმით არის საკვირველი, რომ დღემდე ის სააკაშვილის მთავრობის სპონსორად ითვლებოდა. მიუხედავად, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მისი სიახლოვისა.
დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილი მთავრობის დაფინანსების ძირითად წყაროდ ითვლებოდა და მის სახელს უკავშირებდნენ ზოგიერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც სააკაშვილის სიამაყეა, ისეთი, როგორიც არის – წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა თბილისში, თბილისის უნივერსიტეტის განახლება და პარკების, საავადმყოფოებისა და თეატრების კეთილმოწყობა.
”ფორბსის” წლევანდელ რეიტინგში მისი ქონება 5.5 აშშ მლრდ დოლარად არის შეფასებული.
თავის ერთ-ერთ ღია წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას შეიცავს, ივანიშვილმა განაცხადა: ”პოლიტიკური პარტიის შექმნის ჩემი სურვილი იმით არის გამოწვეული, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ხელისუფლების სრული მონოპოლია და მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც დემონსტრირებაა მისი სურვილისა, დარჩეს ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ეს ვადა შეზღუდულია
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია შეეცდება მოიპოვოს უმრავლესობა 2012 წლის არჩევნებში და იბრძოლებს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად, ელიტურ დონეზე არსებული კორუფციის აღმოსაფხვრელად სასამართლოების დამოუკიდებლობისთვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად, რომელზეც თბილისმა კონტროლი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა.
პოლიტიკაში წასვლის მისმა გადაწყვეტილებამ მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიცია საგონებელში ჩააგდო. მმართველმა პარტიამ მას მოსკოვის განკარგულებით მოქმედებაში დასდო ბრალი, ხოლო მისმა ხელმძღვანელობამ რუსეთთან მის კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
”ეს ოლიგარქი რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული და სწორედ იქ დააგროვა ქონება. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთის გავლენაზე დავფიქრდეთ”, – განაცხადა პარლამენტარმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.
”ყველამ უნდა გაიგოს, რომ ქართული საზოგადოება, მედია და სახელმწიფოებრიობა არ იყიდება”, -განაცხადა მან. ”ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება რუსული ფული, ის არ იარსებებს პუტინის მოცემული ან ნასესხები ფულით”.
ივანიშვილმა ამ ბრალდებებზე განაცხადა, რომ თუ ის საქართველოში პოლიტიკურ ხელისუფლებას მიიღებს, რუსეთში არსებულ მთელ ქონებას და ბიზნესს გაყიდის.
ამ კვირაში იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა სამინისტროს განცხადებით, მან ოფიციალურად დაკარგა მოქალაქეობის უფლება, როცა 2004 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
სხვა ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა ეკრძალებათ.
ივანიშვილი, რომელიც 2004 წლიდან ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაში ცხოვრობს, პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებს, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.
”ვინაიდან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, აუცილებლად გავიმარჯვებ. მე ყოველთვის ვასრულებ სიტყვას და დაპირებას, რომელსაც ვიძლევი. რადგან ქართველ ხალხს დავპირდი, რომ ხელისუფლებაში მოვალ, ამას აუცილებლად გავაკეთებ”, – განაცხადა მან.
პოლიტიკური საქმიანობის გარდა, ივანიშვილი საქართველოში ტელეარხის ყიდვას აპირებს.
საქართველოში ივანიშვილს და მის ქონებას პრაქტიკულად მისტიკური სტატუსი აქვს. მისი ერთადერთი ფოტო, რომელიც ინტერნეტში შეიძლება მოიძებნოს, რუსულ გაზეთ ”ვედომოსტისთვის” გადაიღეს 6 წლის წინ, „ვედომოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გარდა მას არასდროს უკონტაქტია ჟურნალისტებთან.
ის 1956 წელს დაიბადა და 1988 წელს რუსეთში გადავიდა, სადაც მან ბანკი ”როსიისკი კრედიტი” დააფუძნა, რომელიც მისი ბიზნეს-იმპერიის საფუძველი გახდა. ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, მისი კაპიტალის ორი-მესამედი რუსეთშია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა ნებისმიერ შემთხვევაში აზარალებს სააკაშვილს.
”მთავრობას არასდროს უგრძვნია თავი ისე კომფორტულად, როგორ ახლა. მან მოახდინა ხელისუფლების მონოპოლიზება ყველა სფეროში. ოპოზიცია ძალიან სუსტია და დემორალიზებული. დაბალი რეიტინგის ოპოზიციური პარტიების არსებობა მთავრობისთვის მომგებიანია, ვინაიდან ეს დემოკრატიის ილუზიას ქმნის”, – განაცხადა მან. ”მაგრამ ივანიშვილის გამოჩენით ყველაფერი შეიცვალა.
დღემდე ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის განცხადებაზე ფრთხილად რეაგირებდნენ. პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელთანაც ივანიშვილი, მისი თქმით, მზად არის ითანამშრომლოს, უკვე შეხვდა მას.
”საუბრისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ყველა განხილულ საკითხში… მას შემდეგ, რაც თანამშრომლობის გეგმას შევიმუშავებთ, ჩვენს კონსულტაციებს გავაგრძელებთ”, – ნათქვამია ალასანიას პარტიის განცხადებაში.
პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე უფრო ფრთხილი აღმოჩნდა და განაცხადა ”ადამიანი შესაძლოა, კარგი ბიზნესმენი იყოს, მაგრამ კარგი პოლიტიკოსი მისგან არ დადგეს”.
კაჭკაჭიშვილის თქმით, ივანიშვილის წარმატება პოლიტიკური მოკავშირეების შერჩევაზე იქნება დამოკიდებული.
”მას კარგი სასტარტო პოზიცია აქვს და დასაწყისში ეს მას დაეხმარება. მაგრამ ეს მისი სისუსტეც არის – არსებობს რეალური რისკი, რომ ის ადამიანების იმედებს ვერ გაამართლებს”, – განაცხადა მან.
ივანიშვილი ჯერ არ გამოჩენილა საჯაროდ, მაგრამ სოციალურ ქსლებში მან დიდი მხარდაჭერა უკვე დაიმსახურა, მისმა ვაჟმა ბერამ საკუთარი სტატუსი შეცვალა ”ფეისბუქში” – ”ქართული ოცნების ასრულების დრო მოვიდა”, – ორ დღეში სტატუსმა 3000 ”მოწონება” დაიმსახურა.
ნანა ყურაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, საქართველო
http://iwpr.net/report-news/billionaires-political-bid-unsettles-georgian-establishment