„ერთ–ერთ ქართულ ოსურ შეხვედრაზე ჩვენი ოსი კოლეგები ყვებოდნენ, როგორ გადაარჩინეს ოსურ სოფელში ქართველებმა ერთი ბებია. შემდეგ ჩვენც მოვყევით ერთმა ოსმა ქალბატონმა როგორ დაიცვა სოფელი და მეზობლების სახლები დაწვას გადაარჩინა. იქვე შევთანხმდით რომ ასეთი პოზიტიური ისტორიები შეგვეგროვებინა.“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური ერთი წიგნის დაბადების შესახებ გვიამბობს.
„ომის სხვა სახე“. ასე ერქმევა წიგნს, რომელშიც ქართულ–ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდება. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21–ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. მეგი ბიბილური ამბობს რომ ეს პროცესი ადვილი არ ყოფილა, რადგან პოზიტიური ამბების გახსენების წინ ადამიანები ჯერ ომის საშინელებებს ყვებოდნენ, რომლის ფონზეც ამ წიგნის გმირებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უხდებოდათ მოქმედება. მისი აზრით იმ დროს როცა საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ნეგატიური ინფორმაციით და სიძულვილის ენით, რომელიც უფრო აღრმავებს დაპირისპირებულ თემთა შორის არსებულ უფსკრულს, მნიშვნელოვანია, რომ ის ისტორიებიც სააშკარაოზე გამოვიდეს, როცა ადამიანები ჰუმანურობით სიძულვილის დაძლევას ახერხებდნენ.
„ორივე მხარეს იბეჭდება სხვადასხვა პუბლიკაციები და წიგნები, იღებენ ფილმებს და რეპორტაჟებს, სადაც გამოყენებულია სიძულვილის ენა, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი წიგნის გამოცემა.“– ამბობს მეგი ბიბილური.
გაზეთ 21–ე საუკუნის რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადვილი არ ყოფილა ისტორიების შეგროვება. ორივე მხრიდან ჯამში 150 ისტორია შეგროვდა, მაგრამ წიგნისთვის მხოლოდ 50 დამუშავდა. ცხოვრებოვი წიგნზე მუშაობისას დარწმუნდა რომ სიკეთე არასოდეს იკარგება.
„ომი კაცობრიობის არსებობის ჭუჭყია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ ჭუჭყშიც კი შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სახე შეინარჩუნოს. ეს გვაძლევს მომავლის იმედს, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ. აი ეს გვინდოდა გვეჩვენებინა და იმედი მაქვს გამოგვივიდა.“ – აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.
აქვს თუ არა ომს სხვა სახე, გარდა სიკვდილის, ნგრევის, სისასტიკის და ათასი უბედურების? წიგნის ავტორების აზრით, დიახ, ომს სხვა სახეც აქვს. წინასატყვაობაში ვკითხულობთ. „ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება. ამ ომშიც კი აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს.“
თემურ ცხოვრებოვი დარწმუნებულია, რომ ცხინვალში წიგნის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება, რადგან მხარეებს შორის უნდობლობის უფსკრული კიდევ არსებობს, ყველასთვის სასურველი მშვიდობა კი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს.
„ამ საკითხში რომ წერტილი დასმული იყოს, ალბათ საუბარი უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლაც გაურკვეველი ვითარებაა და კეთილ საქმეებზე საუბარი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ოსებისთვის საკითხი ისევ ღიად რჩება. ის რომ საქართველოსთან არ არის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ამავე დროს ოსური მხრიდან მშვიდობაზე საუბარი რთულია. ბევრად მარტივია საუბარი სიძულვილზე და სიძნელეებზე, ამიტომ ჩვენ დიდი პრობლემები გვქონდა, მიუხედავად ამისა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ომი ომად, მაგრამ ადამიანად მაინც უნდა დარჩე. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ამ წიგნს ყველა ნორმალურად არ მიიღებს, იმიტომ რომ პროცესი არ დასრულებულა. ის რომ საქართველო მიიჩნევს რომ ეს რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ რუსეთი მოკავშირეა. მოკლედ ადამიანური ურთიერთობები ომისგან და პოლიტიკისგან უნდა განვასხვავოთ. ადამიანი კი ადამიანად ომშიც უნდა დარჩეს.“ – ამბობს თემურ ცხოვრებოვი
წიგნი „ომის სხვა სახე“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ცალ–ცალკე დაიბეჭდება და მისი პრეზენტაცია თბილისში და ცხინვალში პარალელურად გაიმართება. ავტორები მის გამოცემას თებერვლის დასაწყისში ვარაუდობენ.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ადმინისტრირებას კი გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.
გოგა აფციაური