სასამართლო დავები, დაუფარავი გადასახადები და ახლა უკვე გაზეთების ქუჩაში გაყიდვის აკრძალვა კრიტიკული აზრის ჩახშობის ფარულ ზრახვას ემსგავსება.
აზერბაიჯანის ოპოზიციური პრესის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება მათ გაკოტრებას ცდილობს, თანაც ამას მესამე პირების ხელით, ჩრდილში დგომით აკეთებს.
გაზეთების გამყიდველებს უკვე აეკრძალათ „აზადლიგის“და „მუსავათის“ გაყიდვა, ამას დაერთო ისიც, რომ სადისტრუბუციო კომპანია გაზეთების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას არ იხდის, რის გამოც ორივე გამოცემა საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.
კომპანია „მეტროსერვისმა“, რომელიც ბაქოს მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტრო სადგურებში გაზეთების გაყიდვაზე მონოპოლიას ფლობს, ორივე გამოცემას განუცხადა, რომ მათ გაზეთებს აღარ გაყიდდა.
„პირადად შევხვდი კომპანიის ბუღალტერს, შემდეგ კი დირექტორს,“ – განაცხადა „იენი მუსავათის“ ფინანსურმა დირექტორმა ალეკსერ სულეიმანოვამა. „მაგრამ არაფერი არ აუხსნიათ. მითხრეს, რომ მათ უბრძანეს შეეწყვიტათ ჩვენი გაზეთების გაყიდვა. ვინ გასცა ეს ბრძანება არ უთქვამთ“.
მას შემდეგ, რაც ორივე გამოცემის წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოთქვეს უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომპანია „მეტროსერვისმა“, ყოველგვარი განმარტების გარეშე შეაჩერა საქმიანობა და შესაბამისად, შეწყვიტა მეტროში წიგნებისა და გაზეთების გაყიდვაც. კომენტარისთვის კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს.
ორგანიზაცია „პრესის საბჭოს“ თავმჯდომარე აფლატუნ ამაშოვი „იენი მუსავათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მეტროს ხელმძღვანელობამ გაყიდვები უსაფრთხოების თვალსაზრისით აკრძალა.
„პრესის საბჭო“, რომელიც ქვეყანაში მედიის მუშაობის ზედამხედველობას ახდენს ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანოა, თუმცა ხელისუფლების დიდ ზეგავლენას განიცდის.
„მითხრეს, რომ გაზეთებისა და წიგნების გაყიდვები აიკრძალა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ტერორისტული აქტები და მოეხდინათ მეტროსადგურებში მგზავრების თავისუფალი გადაადგილება,“ – ამბობს ის.
თუმცა აკრძალვა არ შეეხო სხვა მოვაჭრეებს. ისინი, ვინც ხილით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობდა თავისუფლად აგრძელებენ მუშაობას ბაქოს მეტროსადგურებში.
ნამიგ მუხტაროვი ერთ-ერთი იმათგანია ვისი საქმიანობაც ამ აკრძალვას შეეწირა.
„ამ გაზეთების გაყიდვის უფლება არ გვაქვს. გამოგვიყვანეს და გვითხრეს, რომ გაზეთებს აქ ვეღარ გავყიდდით“, – ამბობს მუხტაროვი, რომელსაც დახლი ნეფტიჩილარის მეტროსადგურთან ჰქონდა მოწყობილი. „ჩვეულებრივ ბევრ გაზეთს ვყიდი, „აზადლიგი“ და „იენი მუსავათი“ კი ყველაზე პოპულარულებია.“
ორივე გამოცემას გაყიდვების თვალსაზრისით ამ ნაბიჯით სერიოზული ზიანი მიადგა.
“იენი მუსავათის“ მთავარი რედაქტორი რაუფ არიფოგლუ აცხადებს, რომ ადრე მეტროში დღეში 1300 ეგზემპლარს ყიდდენ. „ეს ნიშნავს, რომ დღეში 500 მანათს [650 აშშ დოლარს] ვკარგავთ მოგების სახით. კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩემი კოლეგები უკვე გავაფრთხილე, რომ ცოტა ხანში შეიძლება ხელფასების გარეშე დავრჩეთ. თანამშრომლები ეცადნენ გამოსავალი ეპოვათ და გაზეთების გაყიდვას თვითონ შეეცადნენ ქუჩაში, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს“.
„აზადლიგის“ რედაქტორის მოადგილე რაჰიმ ჰაჯიევი ამბობს, რომ მეტროსადგურებში გაზეთების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ ტირაჟი 1500-ით შემცირდა.
„ჩვენი დანაკარგი თვეში დაახლოებით 18 000 მანათს უტოლდება. ამ თანხით თანამშრომლების ხელფასებს ვფარავდით,“ – აცხადებს ის.
„აზადლიგის“ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს წაგებული სასამართლო პროცესები. გაზეთმა ცილიცწამების ბრალდებით ორი სასამართლო წააგო. ერთი ბაქოს მეტორპოლიტენის ხელმძღვანელთან ტაგი აჰმადოვთან, მეორე კი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ კაბირა მამმედოვასთან . თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით გაზეთმა 30 000 მანათი უნდა გადაუხადოს. (იხილეთ: აზერბაიჯანის ოპოზიციურ პრესას ცილისწამებაში ადანაშაულებენ)
„ჯარიმის ოდენობა მთლიანობაში 70 000 მანათს [90 000 აშშ დოლარს] შეადგენს. თან თანხის გადახდას დაუყოვნებლივ ითხოვენ, ჩვენთვის წარმოუდგენელია ამხელა ფულის გადახდა,“ -ამბობს ჰაჯიევი.
სახელმწიფო სადისტრიბუციო კომპანია „გასიდს“ ორივე გამოცემის ვალი მართებს. „აზადლიგის“ შემთხვევაში თანხა 50 000 მანათს შეადგენს, ხოლო „იენი მუსავათის“ -24 000 მანათი.
„აზადლიგის“ კომერციული დირექტორი ფაიგ ამიროვი ამის შესახებ დეტალურ განმარტებას იძლევა.
„იმის გამო, რომ „გასიდი“ ჩვენი გაზეთების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას არ გვიხდის, დაგვედო გამომცემლობის ვალი, 22 000 მანათი. ამის გამო, გაზეთის ბეჭდვაზე უარი გვითხრეს და სამი დღის განმავლობაში გაზეთს ვერ ვუშვებდით“, – აცხადებს ის. „სახელმწიფო სადისტრიბუციო კომპანიას თავისუფლად შეუძლია ჩვენი გამომცემლობის მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს, თუმცა ფულის დაბრუნებას არ ჩქარობს.“
„აზადლიგის“ ხელმძღვანელობამ თავის მკითხველებს შემოწირულობის გაკეთების თხოვნით მიმართა და როგორც ჰაჯიევი აცხადებს, მათ 14 000 მანათის შეგროვება შეძლეს, რის საშუალებითაც მოხერხდა გამომცემლობის დავალიანების ნაწილის დაფარვა და გაზეთის ბეჭდვის განახლება.
„გასიდის“ გენერალური დირექტორის მოადგილე აგალი ისმაილოვი აცხადებს, რომ თავადაც რთულ სიტუაციაში არიან.
„გულწრფელად რომ გითხრათ ჩვენ თავადაც არ ვიცით როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან“,- ამბობს ის. „ალბათ, მოგვიწევს თანმშრომლების დათხოვნა, რაც ძალიან არ გვსიამოვნებს. მათი უმეტესობა ჩვენთან უკვე 20-30 წელია მუშაობს. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს გრძელვადიანი სესხის აღება, თუმცა არც ისე ადვილი სასესხებელი იქნება“.
“IREX-ის იურისტი ალასკარ მამედლი აცხადებს, რომ ყველა ის უბედურება, რაც „აზადლიგს“ და „იენი მუსავათს“ თავს დაატყდა არის მიმართული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ.
„მეტროში გაზეთების გაყიდვის აკრძალვა, სასამრთლო გადაწყვეტილებები, „გასიდს“, გამომცემლებსა და გაზეთებს შორის არსებული დავალიანება – ამ ყველაფრის მოგვარება კანონიერი გზით არის შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ჰასანოვი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ნება შეიზღუდოს ოპოზიციური გაზეთების მუშაობა.
„მეტროსადგურებში გაზეთების გაყიდვა უკანონოა, ამიტომაც „მეტროსერვისს“ მოუხდა საქმიანობის შეჩერება. კომპანიის დახურვამ და გაყიდვების აკრძალვამ არ უნდა იქონიოს გავლენა ტირაჟის შემცირებაზე“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „ერთადერთი, რამაც შეიძლება ტირაჟზე იმოქმედოს არის საზოგადოების მოთხოვნა, ხალხის სურვილი ჰქონდეს თავისუფალი სიტყვა და პრესის უნარი დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები.“
საბუჰი მამედლი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში