მთავრობა ეკონომიკური მაჩვენებლების კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებს.
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა პირდაპირი გავლენა იქონია მის პარტნიორ სომხეთზე. ქვეყნის მთავრობა აღიარებს, რომ გაუჭირდება 2017 წლისთვის ეკონომიკური მაჩვენებლების კრიზისამდე არსებულ ნიშნულამდე დაბრუნება.
გასულ თვეს, ჰოვიკ აბრაჰამიანმა პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველი საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სომხეთი 2017 წლამდე დასახული წლიური 7%-იანი ზრდის ნაცვლად მხოლოდ 5%-იან ზრდას მოახერხებდა.
2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა სომხეთზე მტკივნეულად იმოქმედა, რის შედეგადაც მომდევნო წელს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 14 % შემცირდა. მეზობელმა ქვეყნებმა აზერბაიჯანმა და საქართველომ მოახერხეს 2010 და 2011 წლებში დაბრუნებოდნენ ეკონომიკური ზრდის ტენდენციას, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ეს არ არის მოსალოდნელი 2016 წლამდე.
„სომხეთის მთავრობა…რომელიც ვერ მოახერხებს 7%-იანი ზრდის მიღწევას უნდა გადადგეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სარგსიანმა 2013 წლის მარტში. შარშან ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.5% იყო.
პრემიერ მინისტრი ტირგან სარგსიანი წელს აპრილში გადადგა. (იხილეთ: რა გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი)
მიუხედავად იმისა, რომ აბრაჰამიანის მთავრობამ პრიორიტეტად სწორედ ეკონომიკური ზრდა დაისახა, ბოლო რამდენიმე კვირაა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გასული წლის დონის მიღწევაც გაუჭირდებათ, რის მიზეზადაც უკრაინის კრიზისს და რუსეთის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ასახელებენ.
„რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება უარყოფით გავლენას მოახდენს სომხეთის წლევანდელ ეკონომიკურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკური ზრდის შენელება სომხეთის ეკონომიკურ დაღმასვლას უწყობს ხელს“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა კარენ ჩმარიტიანმა.
სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რუსეთი ევროკავშირის შემდეგ სომხეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობა ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 24% შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აპრილის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა ორჯერ შემცირდა და თავდაპირველი 3%-დან 0.2% -მდე დაეცა. ოქტომბერში IMF მორიგ პროგნოზს გამოაქვეყნებს და ბევრი ექსპერტი, მათ შორის ალექსეი კუდრინი, რომელიც 11 წლის განმავლობაში რუსეთის ფინანსთა მინისტრი იყო, კლებას ვარაუდობს.
სომხეთში IMF-ის წარმომადგენლის ტერეზა დაბანის განცხადებით, მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ვაჭრობის ვარდნა ნაკლებად შესაძლებლს ხდის სომხეთის ეკონომიკის 5%-იან ზრდას.
„ჩვენი შეფასებით, წელს სომხეთმა 4,3% ზრდა უნდა დააფიქსიროს. თუმცა, რისკები, რომლებსაც წლის დასაწყისში ველოდით უკრაინის კრიზისიდან და რუსეთში არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რეალობად იქცა. სწორედ ეს მოახდენს გავლენას სომხეთის ეკონომიკაზე. IMF სომხეთის ეკონომიკური ზდის მაჩველებლის ხელახალ შეფასებას აწარმოებს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მსგავსი შეფასებები აქვს ცენტრალურ ბანკსაც. მაისის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ზრდის მოსალოდნელი მაჩვენებელი 4,1%-4,8% შეადგენს.
„რუსეთში ეკონომიკური სიტუაციის ცვლილებას შესაძლოა მოჰყვეს სომხეთში ფულადი გზავნილების მოცულობის კლება“, – განაცხადა ბანკის თავმჯდომარემ არტურ ჯავადიანმა.
შრომითი მიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი გზავნილები სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წელს სომხეთში 2 მილიარდი დოლარი იყო გადმორიცხული, რაც ოთხჯერ აღემატება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების სახით შემოსულ თანხას. ფულადი გზავნილების უმეტესობას, 1,7 მილიარდი დოლარი, რუსეთში მომუშავე სომხების მიერ არის გადმორიცხული.
საინვესტიციო ფონდ Arrow Global Ltd ხელმძღვანელის სამსონ ავეტიანის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება მწვავედ იმოქმედებს სომხეთში ბიზნეს აქტიურობაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე.
„ბუნებრივია, ეს არ მოიტანს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ავეტიანმა. „ნებისმიერი ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია გარემოს პროგნოზირება. ის, რომ საკითხი მოსალოდნელი სანქციების შესახებ კვლავ ღიად რჩება, გავლენას ახდენს ჩვენი მეწარმეების ოპტიმიზმზე და მათ ბიზნეს გეგმებზე. ისინი თავს იკავებენ ინვესტიციების განხორციელებისაგან, რაც ეკონომიკური ზრდის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია“.
არმენ კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.