„კავკასიური სახლი“ აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შინაარსი
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“.
პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე.
სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ კავკასიურ სახლში. სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს.
სალექციო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზის საკითხებში. ტრენინგის შედეგად შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ დიალოგში, რომელიც გაიმართება 2016 წლის შემოდგომაზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პროქტის ვებგვერდზე.