სომხეთი, რომელსაც არ შეუძლია აზერბაიჯანს ფულის ხარჯვაში შეეჯიბროს, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის იმედად რჩება.
შაჰლა სულთანოვა, კატერინა პოღოსიანი – კავკასია
აზერბაიჯანის სწრაფად მზარდი სამხედრო ძალა რეგიონში მღელვარების მიზეზი ხდება, ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ეს გაზრდის კონფლიქტის განახლების რისკებს.
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავის გამოსვლებში ხშირად ტრაბახობს იმით, თუ რა მოცულობის თანხის დახარჯვა შეუძლია შეიარაღებაზე გაზითა და ნავთობით მდიდარ მის ქვეყანას. 26 ივნისს გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მან ეს შესაძლებლობა არც ამჯერად გაუშვა ხელიდან და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის წლიური ბიუჯეტი, 3,7 მილიარდი აშშ დოლარი, თითქმის ორჯერ აღემატებოდა მეზობელი სომხეთის მთავრობის ბიუჯეტს ერთად აღებულს. მაშინ როცა, ათი წლის წინ აზერბაიჯანის თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა მხოლოდ 160 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
„ბოლო წლებში ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შევისყიდეთ“, – განაცხადა ალიევმა თავის მიმართვაში აღლუმის დროს. „შევიძინეთ 100-მდე საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი, ათობით საბრძოლო თვითმფრინავი და ყველაზე თანამედროვე საზენიტო სისტემები. [ჩვენს] ჯავშანმანქანებს, ტანკებსა და საარტილერიო ქვემეხებს შეუძლიათ მტრის ნებისმიერი სამიზნის განადგურება.“
აღლუმზე ერთმანეთის მონაცვლეობით ჩნდებოდნენ ბრონირებული მანქანები, მათ შორის ბოლო დროს რუსეთისგან შეძენილი ახალი ტანკებიც, მოედნის თავზე 100 სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა, 40 სამხედრო გემი კი კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებულიყო.
ალიევმა აღნიშნა, რომ მძიმე ტექნიკის დანიშნულება არა მხოლოდ აღლუმზე დემონსტრირება, არამედ მისი სომხეთთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული კონფლიქტის მოგვარებაა.
თავდაცვის საკითხებში ექსპერტი და ასევე „გადამდგარ და რეზერვში მყოფ ოფიცერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი იაშარ ჯაფარლი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის შეძენა განხორციელდა იარაღის ტრადიციული მომწოდებლებისგან, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, უმეტესწილად კი ისრაელი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და პაკისტანი.
ივნისის შუა რიცხვებში გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჯავშანმანქანა და საარტილერიო ქვემეხი მიჰყიდა.
ახალმა ამბავმა განსაკუთრებით აანერვიულა სომხეთის ხელისუფლება. აღმოჩნდა, რომ სომხეთის უახლოესი მოკავშირე, რომელიც ასევე ეუთოს მედიაციის ჯგუფის ერთი-ერთი წევრია დიდი სიამოვნებით იდებდა ჯიბეში აზერბაიჯანისგან მიღებულ მოგებას.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი სომხეთში ვიზიტისას შეეცადა წარმოეჩინა,რომ იარაღის გაყიდვა იყო ჩვეულებრივი ბიზნესი და განაცხადა, რომ ეს არ მოახდენდა რეგიონში სამხედრო ბალანსის ცვლილებას.
გარიგებას დიდ მნიშვნელობას არც პატრუშევის სომეხი კოლეგა, არტურ ბაგდასარიანი, ანიჭებს.
„არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა რუსეთისგან იარაღი შეიძინა. აზერბაიჯანი იარაღს სხვა ქვეყნებისგანაც ყიდულობს. რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და ამ ურთიერთობებს ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ამყარებს“, – განაცხადა ბაგდასარინმა.
რეგიონალური კველევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაკოსიანი აცხადებს, რომ რუსეთისგან იარაღის მასობრივი შესყიდვების გამო გაჩნდა შიში იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ძალთა სათუთი თანაფარდობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაიხრება. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აზერბაიჯანს განზრახული აქვს ყარაბაღის დაბრუნება ძალის გამოყენებით.
მთიანი ყარაბაღი ტერიტორიულად საბჭოთა აზერბაიჯანის შენადგენლობაში შედიოდა, 1990 წლებში მომხდარი ომის შემდეგ კი ის ადგილობრივი სომხური ადმინისტრაციის მიერ კონტროლდება. ომი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება დღემდე არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის მიერ ბოლო დროს შეძენელი თავდასხმითი შეიარაღების თაობაზე დუმს, სავსებით ნათელი და დასაფიქრებელია ის, თუ როგორ ნაწილდება ძალთა ბალანსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც თავის თავად საფრთხეს უქმნის არამყარ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აცხადებს გირაკოსიანი.
„ბოლო ორი წელი გამოირჩეოდა შეტაკებების რაოდენობის ზრდით ე.წ. „ურთიერთშეხების ხაზის“ გასწვრივ, რომელიც ერთგვარი გამყოფი ხაზია ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის. საზღვრის დაახლოებით 1000 კილომეტრიან ზოლზე არაერთხელ დაფიქსირებულა სნაიპერების მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევები და ასევე ადგილი ჰქონდა შეტაკებებსაც. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უსუსურია უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა და როგორი ცვალებადია ძალთა ბალანსი. ამავე დროს, იზრდება საშიშროება, რომ მოხდება ლოკალიზებული კონფლიქტის ესკალაცია, რომელშიც უმალ ჩაერთვებიან დაინტერესებული გარე ძალები მათ შორის რუსეთი, თურქეთი და ირანიც კი“.
„არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს იმის საშიშროება, რომ აზერბაიჯანი უკვე მზადაა თავისი ბრაზის გამოსაშვებად თავდასხმითი შეიარაღება გამოიყენოს“, – დასძინა გირაკოსიანმა.
18 ივნისს ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელშიც შედიან რუსეთი, ამერიკა და საფრანგეთი, ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის თაობაზე თავიანთი ვალდებულებების განახლებისკენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის მოქმედებისაგან ან რიტორიკისაგან, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კონფლიქტის ესკალაციამდე“, – ნათქვამია განცხადებაში. „ლიდერები ხალხს მშვიდობისთვის უნდა ამზადებდნენ და არა ომისთვის“.
ეს განწყობა არ ასახულა პრეზიდენტ ალიევის გამოსვლაში აღლუმზე, რომელიც 8 დღის შემდეგ გაიმართა. მან ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა.
„ჩვენი არმია მზად უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ნებისმიერ დროს და ნებისმიერი გზით“, – განაცხადა მან.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი ჯაფარლი ირწმუნება, რომ მსგავსი საომარი რიტორიკა სულაც არ არის საგანგაშო. მისი თქმით, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ენთუზიაზმი შეიძინოს დიდი რაოდენობით უცხოური ძვირადღირებული იარაღი, განპირობებულია არა ომის დაწყების სურვილით, არამედ გარიგებების შედეგად „წილების“ მიღების მცდელობით.
„ეს ყველაფერი დაკავშირებულია კორუფციასა და არალეგალურ საკომისიოებთან, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში „შაპკას“ ეძახიან. შეიარაღება ძალიან ძვირი ბიზნესია და დიდი ფულის ჩადებას საჭიროებს. რაც უფრო დიდი თანხა გამოიყოფა, მით უფრო მეტი შანსი რჩება კორუფციას, ანუ „შაპკას“, – ამბობს ის.
„აზერბაიჯანი-ატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაციის“ ანალიტიკოსი ელხან მეჰდიევი ეთანხმება იმ აზრს, რომ დიდი რაოდენობით ძვირადღირებული კონტრაქტების ხელმოწერისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო კორუფცია.
„არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ანგარიში, მათ შორის არც პარლამენტში, იმის თაობაზე თუ რა შეიძინა მთავრობამ და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის“, – აცხადებს ის.
„სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის „იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ტენდენციები“ მიხედვით, 2011-212 წლებში აზერბაიჯანმა ისრაელისგან შეიძინა „ზედაპირი-ჰაერი“ კლასის საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სამხრეთ აფრიკისგან 60 ერთეული ბრონეტრანსპორტიორი, რუსეთისგან 39 სამხედრო შვეულმფრენი, თურქეთისგან 30 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და ასევე 16 უპილოტო თვითმფრინავი ისრაელისგან და კიდევ ათი ავსტრიისგან.
ეს მონაცემები არ მოიცავს იმ შესყიდვებს, რომლებზეც გაზეთ „ვედომოსტიში“ იყო საუბარი. მათ შორისაა, საქვემეხო და სარაკეტო საარტილერიო დანადგარები, ქვეითი ჯარის ჯავშანტრანსპორტიორები, ყველაზე უკანასკნელი მოდელის 94 ერთეული T-90 ტიპის ტანკი, რომელიც არა აქვს სომხეთს.
სომხეთის ხელისუფლებას აღელვებს შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანის მზარდ შეიარაღებას, თუმცა ამავე დროს მას უსაფრთხოების კუთხით თავისი დიდი ხნის პარტნიორის იმედი აქვს, მით უმეტეს, რომ რუსეთის დიდი სამხედრო ბაზა კვლავ ქალაქ გიუმრიში რჩება.
თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს მონაწილეობის მიღებას შეარაღებისთვის ბრძოლაში,თუმცა აპირებს თვალი ადევნოს მოვლენების განვითარებას.
„აზერბაიჯანის შეიარაღება არ შეიძლება არ გვაღელვებდეს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს გასულ თვეს. „თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ დონეზეა, რომ ჩვენ შეგვიძლია რეგიონში პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნება არა მხოლოდ რიცხობრივად, არამედ ხარისხობრივადაც“.
„მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში სერგეი მარკედონოვი ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მოსკოვის და სომხეთის ურთიერთობები ფუნდამენტურად განსხვავდება იმ სავაჭრო კავშირებისგან, რაც რუსეთსა და აზერბაიჯანს გააჩნია.
„მოსკოვი აზერბაიჯანთან ურთიერთობას განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას, ხოლო სომხეთთან როგორც სტრატეგიულ მოკავშირეობას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე იარაღს მოგების მიღების მიზნით ყიდის, სომხეთს კი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში იარაღს დაბალ ფასად აწვდის“, – ამბობს ის. „უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს ბაზარი აკავშირებს, ხოლო რუსეთისა და სომხეთის- ალიანსი “.
რაჩია პეტროსიანცი, სამხედრო ექსპერტი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უფრო მეტი იარაღის შესყიდვას ახორციელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისაგან შესყიდული იარაღით რეგიონში შეიარაღების ბალანსი არ ირღვევა, ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს. სომხეთიც ყიდულობს იარაღს და აძლიერებს თავის არსენალს განსაკუთრებით, სარაკეტო არტილერიის სისტემებით“, – ამბობს ის. „ამასთან ერთად, პოლონეთთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ვახდენთ T-72 ტანკების მოდერნიზებას. ისინი თავისი კლასით ბევრად უსწრებს აზერბაიჯანის მიერ ნაყიდ T-90 ტიპის ტანკებს“.
პეტროსიანცის თქმით, იმისთვის რომ მოხდეს არსებული შეიარაღების მაქსიმალურად სრულყოფილი გამოყენება, საჭიროა უფრო მეტი თანხა გამოიყოს სომხური ჯარის გასაწვრთნელად.
ეკატერინა პოღოსიანი, საინფორმაციო სააგენტო „მედიამაქსის“ რეპორტიორია ერევანში.
შაჰლა სულთანოვა, თავისუფალი ჟურნალისტია ბაქოში.