ანალიტიკოსების აზრით, მთავრობას ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება.
სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების გახშირებული რაოდენობის გამო საქართველოს პროფკავშირები ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ.
მედიაში ხშირად შუქდება ამბები სამუშაო ადგილებზე დაშავებული ან გარდაცვლილი ადამიანების შესახებ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ წინა თვეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით წელს 46 ადამიანია გარდაცვლილი.
გაერთიანება დასაქმებულთა უფლებების იგნორირებისთვის ხშირად აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას, ახლა კი მსგავსი ბრალდებებით უკვე ახალ მთავრობას მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობს.
პროფკავშირების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გარდაცვლილია 273 ადამიანი, ხოლო 500 სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული. თუმცა, ეს მაჩვენებელი მაინც ვერ იძლევა მთლიანი სურათის აღწერას, რადგან არ მოიცავს ყველა დამსაქმებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების კუთხით, ქართულ სამრეწველო ინდუსტრიაში მეტად სავალალო მდგომარეობაა. უბედური შემთხვევების უმეტესობა სამთო მრეწველობის, სამშენებლო და ტრანსპორტის სფეროებზე მოდის.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით ზედამხედველობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი ხელისუფლების მიერ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.
„შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია რომ დასაქმებული უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი“, – ნათქვამია ანგარიშში. „სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო“.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საკითხი აქტუალური გახდა 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ახალი შრომის კოდექსის მიღებასთან ერთად გაუქმდა მანამდე მოქმედი შრომის ინსპექცია.
ახლანდელი მთავრობა კი, როგორც ჩანს, არც შრომის ინსპექციის აღდგენას ჩქარობს და არც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას.
„სიტუაციის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – მთავრობამ უნდა აღადგინოს შრომის ინსპექცია“, – აცხადებს ალექსანდრია ჩვენთან საუბრისას. „ამჟამად არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების არსებობას გააკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი შრომის კოდექსი ბევრად გაუმჯობესებულია, ეს პუნქტები გათვალისწინებული არ არის, რადგან არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამას ყველაფერს ზედამხედველობას გაუწევს. ჩვენ იმავე პოლიტიკას ვაწყდებით, რასაც ატარებდა წინა მთავრობა, რომელსაც არ უნდოდა უსაფრთხოების კონტროლით და ინსპექციით დაეფრთხო უცხოელი ინვესტორები. მუშების უფლებებზე არავინ ფიქრობს“.
შრომის ინსპექციის აღდგენა იყო თბილისში 18-19 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა არის უდიდესი გამოწვევა.
„ბიზნესმენებს უსაფრთხოებაში ინვესტირების არც სურვილი აქვთ და არც ამბიცია“, – განაცხადა მან. „თუ პროფკავშირი არ ჩაერია და არ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, დღევანდელი კანონმდებლობით ისინი ყოველთვის მოგებულები არიან“.
ევროპული კვლევების ცენტრის პოლიტილოგი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არ ჩქარობს შრომის ინსპექციის აღდგენას, ამის გაკეთება მას მაინც მოუწევს. მისი თქმით, ივნისში დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ევროკავშირის აუცილებელი მოთხოვნაა შრომის კოდექსის და შრომითი რეგულაციების გაუმჯობესება.
„დირექტივები დაკავშირებულია შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოსთან“, – აცხადებს გოგოლაშვილი. „ისინი ძალიან კონკრეტულია და მათი შესრულება ხუთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა შესაბამისი უსაფრთხოების აღჭურვილობის ქონა და ა.შ.“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ევროსტანდარტების გათვალისწინებით კანონპროექტი უკვე მოამზადეს, თუმცა ჯერ კიდევ გადიან კონსულტაციებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან.
„დოკუმენტები ჯერ კიდევ დახვეწის სტადიაშია, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ჯერ არ გადაგვიცია, თუმცა ორივე კანონპროექტი მზადაა“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით ივანიძემ ჩვენთან საუბრისას. „სახელმწიფო შრომის ინსპექციის დეპარტამენტი სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება“.
ივანიძემ დასძინა, რომ ორივე კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კომპანიებს მათ შესასრულებლად საკმარისი დრო მიეცემათ.
„იქნება სანქციები, მაგრამ არ მოხდება მათი დაუყოვნებლივ შესრულება“,- განაცხადა მან. „დამსაქმებლებს მიეცემათ გონივრული ვადა სამუშაო პირობების გამოსასწორებლად და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება საჯარიმო სანქციების გატარება“.
პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან გია ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ მთავრობა მზადაა კანონების მისაღებად და მათი დამტკიცება შესაძლებელია ამ წლის ბოლომდეც კი მოხდეს. მისი განცხადებით, ზედამხედველობაში ინვესტირება ქართული ბიზნესის გაძლიერებას მოახდენს.
„ეს წაადგება მეწარმეებს ეფექტური ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო პირობების შექმნაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ პროდუქციას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“.
ნანა ყურაშვილი თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.