საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, ქალები „მაჩოების“ სამყაროში კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილი.
პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი კამპანია ბოლო დროს სულ უფრო აქტიური ხდება, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სისტემაში არათუ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა კიდეც.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციები, საზოგადოებრივი შეხვედრები და კონცერტები.
„დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი რომ გვყოლოდა, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ცხოვრებაც უფრო უკეთესი იქნებოდა,“, – ამბობს თბილისში გამართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილე, სტუდენტი მარიამ გეგეჭკორი. „ნამდვილად მსურს, რომ პარლამენტში ქალები და კაცები თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი.“
ფაქტები ცხადჰყოფს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ჯერ-ჯერობით პროგრესი არ შეინიშნება. პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მხრივ მონაცემები უცვლელია, ზოგიერთ სფეროში შემცირებულიც კი.
[pullquote]„კულტურული და ეროვნული ტრადიციები“ და დისკრიმინაციული სტერეოტიპები კვლავაც რჩება ბარიერად ქალებისთვის
[/pullquote]150 წევრიან პარლამენტში მხოლოდ 17 ქალია წარმოდგენილი, ანუ დაახლოებით ათიდან ერთი. სულ უფრო „მამაკაცური“ ხდება მდგომარეობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში, თუ 1998 წელს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში წევრთა 14 %-ს ქალები წარმოადგენდნენ, შარშანდელი მონაცემებით მათი რიცხვი 10%-მდეა შემცირებული. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საკრებულოებში, იქ ქალ წევრთა რაოდენობა საშუალოდ 12%-ია.
საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქია და ყველა ქალაქის მერი არის მამაკაცი.
2010 წლიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე. 2013 წელს, ევროკავშირის მოთხოვნით, საქართველომ შეიმუშავა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გეგმის მიზანია ქალი ლიდერების გამოვლენა და ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში.
პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ხათუნა გოგორიშვილი თვლის, რომ სისტემური რეფორმები და კულტურულ ცვლილებები ერთდროულად უნდა ხორციელდებოდეს.
გოგორიშვილი თვლის, რომ პირველ რიგში, ქართული პოლიტიკა ქალებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს, რაც მისი აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალების უმეტესობა პოლიტიკას ქალის საქმედ არ მიიჩნევს“.
მეორე მხრივ, აუცილებელია განათლებისადმი მიდგომის შეცვლა. გოგორიშვილი თვლის, რომ „უნდა შეიცვალოს სიტუაცია, როდესაც გოგონები და ქალები ოჯახის და შვილების გამო უნივერსიტეტებში სწავლას თავს ანებებენ. მაქვს სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ უნივერსიტეტებში სწავლას თავს ანებებენ უმეტესად ქალები, რომლებიც გათხოვდნენ და გააჩინეს შვილები. ამ ახალგაზრდა ქალებმა არჩევანი გააკეთეს ოჯახსა და განათლებას შორის“.
„ნიდერლანდური ინსტიტუტი – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კულტურული ნორმები მნიშვნელოვნ ზეწოლს ახდენს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე.
„ეს განსაკუთრებით იგრძნობა ეროვნულ უმცირესობათა თემებში, სადაც ქალების ძალიან მცირე ნაწილი ღებულობს სრულ უმაღლეს განათლებას და ცდილობს კარიერის გაკეთებას. მათი უმეტესობა ოჯახებს ქმნის, მერე კი, ქმრები აღარ უშვებენ გარეთ,“ – განაცხადა ცუცქირიძემ ჩვენთან საუბრისას.
ცუცქირიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მუშტი-კრივის, „მაქინაციების და მაჩოს კულტურის მქონე“ უხეში ქართული პოლიტიკური ცხოვრება არამიმზიდველია ქალებისთვის.
[pullquote]მუშტი-კრივის, „მაქინაციების და მაჩოს კულტურის მქონე“ უხეში ქართული პოლიტიკური ცხოვრება არამიმზიდველია ქალებისთვის
[/pullquote]რაც შეეხება თანამდებობზე არჩეულ ან ნომინირებულ ქალებს, აქ საგულისხმოა ის, რომ არა მხოლოდ პარტიები იკავებენ თავს მათი წარდგენისაგან, არამედ ამომრჩეველიც ნაკლებად უჭერს მხარს ქალ კანდიდატს.
არსებული ვითარების შესაცვლელად, ბევრის აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის კვოტების სისტემის შემოღება.
კვოტების აუცილებლობაზე საუბრობენ „ახალი მემარჯვენეები“, რომლებსაც მომზადებული აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი.
„კვოტები არ წარმოადგენს ერთგვარ პრივილეგიას“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას პარტია ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია. „კვოტები გულისხმობს თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ქალებისთვისაც და კაცებითვისაც. ეს არის კომპენსაცია იმ ბარიერებისა და დისკრიმინაციისთვის, რასაც ქალები აწყდებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში შესვლის დროს“.
ნაჭყებიას განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი კვოტების სისტემა შეეხება როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით არჩეულ წევრებს, რადგან საქართველოს პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.
„თუ კვოტები სავალდებულო გახდება მხოლოდ პროპორციული ნაწილისთვის, ჩვენ მივიღებთ მხოლოდ 36 ქალს 150 წევრიან პარლამენტში,“ – დასძინა მან.
გოგორიშვილის აზრით, პარტიებისთვის ბიძგის მიცემაა საჭირო, იმისთვის, რომ მათ პარტიულ სიაში უფრო მეტი ქალი შეიყვანონ. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს როგორც კვოტების მინიჭება, ისე სახელმწიფოს მხრიდან პარტიისთვის დამატებითი დაფინასების გამოყოფა.
რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირის რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს ფინანსური წახალისებას სქემის შემოღებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც არჩევნების დროს ქალ კანდიდატებს წამოაყენებენ.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის დირექტორი ერიკა კვაპილოვა აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ნაბიჯებში იგრძნობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებთ, ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის გენდერულ და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და რომელიც ოჯახურ ძალადობას დანაშაულად აღიარებს.
ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „კულტურული და ეროვნული ტრადიციები“ და დისკრიმინაციული სტერეოტიპები კვლავაც რჩება ბარიერად ქალებისთვის, რომლებიც მამაკაცების გვერდით თანაბარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ.
თბილისში მცხოვრები 40 წლის გიორგი მამნიაშვილი ცვლილებებისთვის ნაკლებად არის მზად.
„არ ვისურვებდი, რომ ჩემი ცოლი მინისტრი ან დეპუტატი იყოს. ყველა მასზე ილაპარაკებს, გალანძღავს, ყველას ხომ ვერ მოაწონებ თავს,“ – ამბობს ის. „მერე, შვილები როგორ უპასუხებენ, თუ ვინმეს დედის ტელევიზორში ნალაპარაკები არ მოეწონება?’’
რეგინა ეგოროვა-ასკეროვა, IWPR საქართველოს ვებ რედაქტორი.