პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრით ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა მათი ფუნდამენტური პოზიციები ყარაბაღთან მიმართებაში უდრეკია როგორც ყოველთვის.
სევდა სამედოვა, ეკატერინა პოღოსიანი – კავკასია
ბოლო ორი წლის მანძილზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თუმცა ოფიციალური პირების შეფასებები ხაზგასმით ცხადყოფს, რომ წინსვლის თვალსაზრისით მას დიდი შედეგი არ ჰქონია.
19 ნოემბერს ვენაში გამართული შეხვედრის დროს აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს.
მოლაპარაკებების პროცესს ეუთოს მინსკის ჯგუფი საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანათავმჯდომარეობით ხელმძღვანელობს. 1994 წელს ზავის დადებით დასრულებული კონფლიქტის შემდგომი მოგვარებისთვის დიდი პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება.
ყარაბაღის სომხური ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არასოდეს იტყვის უარს თავის დამოუკიდებლობაზე, აზერბაიჯანი კი დაჟინებით ითხოვს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას.
სარგსიანი და ალიევი ერთმანეთს ბოლოს 2012 წლის იანვარში შეხვდნენ. ერთ ადგილას გაჩერებული მოლაპარაკებების წინსვლის თვალსაზრისით პროგრესის მიღწევა ვერც მაშინ მოხერხდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა პრეზიდენტების შეხვედრა დადებითად სიფრთილით შეაფასა, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ არანაირ დათმობებს ადგილი არ ჰქონია.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია“, – განაცხადა მან. „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება განხილვის საგანი. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა“.
მან აქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება.
ალიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნოვრუზ მამედოვის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ბევრს იმიტომ არ საუბრობენ, რომ „ორი წელია, რაც სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს არ შეხვედრიან და მოლაპარაკებების პროცესმაც სტაგნაცია განიცადა“ .
„რასაკვირველია, ეს სტაგნაცია სომხეთის პოზიციის ბრალია“, – განმარტა მან. „თუმცა, რაც დრო გავიდა, სომხეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ასეთი პოზიცია მას სარგებელს არ მოუტანდა და ამიტომაც შედგა პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა.“
მამედოვის განცხადებით ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა თავისთავად პოზიტიური მოვლენაა და სომხეთის ხელისუფლების შემდომი ქმედებებიც ამჯერად გაცილებით უკეთესია, ვიდრე მანამდე იყო.
„სომხეთი ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის კარგად იქცევა, ეუთოს [მინსკის ჯგუფის] თვალში კარგად რომ გამოჩნდეს. შეხვედრის მერე კი ყოველთვის პროვოკაციულ და ბრალდებების შემცველ განცხადებებს აკეთებს“, -ამბობს ის. „თუმცა, ამჯერად სომხებისგან მათთვის ჩვეული განცხადებები არ გვსმენია. მიუხედავავდ ამისა, მათი მთლიანად ნდობა მაინც გვიჭირს“.
სომხეთის პრეზიდენმა სარგსიანმა აღნიშნული შეხვედრის თაობაზე ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა და ის შეაფასა, როგორც ახალი ეტაპი მოლაპარაკებების პროცესში.
„დავინახე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ პრობლემის მოგვარების სურვილი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,“ – აღნიშნა მან სატელევიზიო გამოსვლისას. „ჩვენც იგივი სურვილი გვაქვს. მე პირადად მინდა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. თუმცა, საქმე იმაშია, თუ როგორ ხედავს მის მოგვარებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი და რა პირობებით მსურს მისი მოგვარება მე“.
სარგსიანის განცხადებით, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში შეხვდებიან ერთმანეთს.
“თანათავმჯდომარეები რეგიონში დეკემბერში ჩამოვლენ და იმედია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე მიღწეული შეთანხმება მალე რეალობად იქცევა“ – განაცხადა მან.
აზერბაიჯანში და სომხეთში ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტზე საჭიროა გარკვეული სახის გარე ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ ისინი დათმობებზე წავიდნენ და მოხდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ადგილიდან დაძვრა.
ანალიტიკოსი და ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლის ხელმძღვანელი ზარდუშტ ალიზადე აღნიშნავს, რომ ალიევს აწყობს კონფლიქტის ამჟამინდელ, „გაყინულ“ მდგომარეობაში ყოფნა.
„კონფლიქტის შენარჩუნება მას აძლევს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას და რუსეთთან პარტნიორობის გარანტიას. ამიტომაც, ბაქო უარს იტყვის ყველანაირ სამშვიდობო ინიციატივაზე“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „არსებული სიტუაცია მხოლოდ სომხეთისთვის არის მომგებიანი. მას სჯერა, რომ ყარაბაღის შენარჩუნებით მან უკვე მიაღწია თავის მთავარ მიზანს. ერთადერთი, რაც დარჩა ოკუპაციის ლეგალიზებაა. ამიტომაც, სომხეთი მოთმინებით ელოდება როდის დათმობს აზერბაიჯანი თავის პოზიციებს“.
ყარაბაღელი სომხების დამოუკიდებლობის მოთხოვნა გაეროს არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება გამუდმებით ითხოვს მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას. აზერბაიჯანი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ ერევანთან აწარმოებს.
ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სარგსიან-ალიევის შეხვედრას, მაგრამ კვლავაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისიც უნდა იყოს წარმოდგენილი.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის გააქტიურებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული რეალობის მიღებით და ყარაბაღის წარმომადგენლებთან პირდაპირი, შუამვლების გარეშე შეხვედრის გამართვით“.
სევდა სამედოვა თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. ეკატერინა პოღოსიანი Mediamax-ის რეპორტიორია სომხეთში.
შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია:
– მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები