მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება რასისტული და სხვა მსგავსი გამონათქვამები, მაგრამ არა ვერბალური თავდასხმები ლგბტი თემის წარმომადგენლებზე.
ბოლო დროის სასამართლო დავების დროს გამოვლენილმა საკანონმდებლო ხარვეზებმა ცხადყო, რომ სომხეთში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დაუცველები არიან სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების წინაშე.
გასულ კვირას, რაიონულმა სასამართლომ გაზეთ „ირავუნკის“ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება სამი პირის მიერ შეტანილ საჩივარს, რომელშიც ისინი გამოცემას ცილისწამებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.
მომჩივანეებმა არმან საჰაკიანმა, ჰოვანეს მკრტიჩიანმა და გრიგორ გევორგიანი გაზეთის რედაქტორს ჰოვანეს გალაჯიანს მის მიერ 2014 წლის მაისში დაწერილი სტატიის გამო უჩივლეს. სატატიაში ის გეი ადამიანების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობისკენ“ მოუწოდებდა რომლებიც, მისი სიტყვებით, „საერთაშორისო ჰომოსექსუალი ლობის ინტერესებს ემსახურებოდნენ“.
გალაჯიანმა სტატიაში სამოცი ადამიანი დაასახელა და ისინი „ხალხის და სახელმწიფოს მტრებად“ შერაცხა. მან ასევე მოუწოდა საჯარო და კერძო სექტორის, ასევე მედია და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს არ აიყვანონ ეს ადამიანები სამსახურში და არ მისცენ მათ აზრის გამოხატვის საშუალება.
როდესაც სიაში დასახელებული ადამიანები რედაქტორს სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ, გაზეთმა ჰომოფობიური შინაარსის მქონე სტატიების გამოცემა უფრო გაახშირა.
ერევნის კენტრონის და ნორკ-მარშის რაიონული სასამართლოის გადაწყვეტილებით, გაზეთ „ირავუნკში“ 2014 წლის მაისში გამოქვეყნებული სტატია ცილისმწამებლურად იქნა მიჩნიული. რედაექციას გამაბათილებელი სტატიის გამოქვეყნება, ხოლო მის რედაქტორს გალაჯიანს 250 000 (500 აშშ დოლარის) დრამის გადახდა დეკისრა თითოეული მომჩივანისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მარტში სომხეთის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ „ირავუნკის“ წინააღმდეგ შეტანილი ანალოგიური საჩივარი, რომელიც იმავე საგაზეთო სტატიას ეხებოდა. სასამართლოს სტატიაში ნახსენებმა სხვა თექვსმეტმა პიროვნებამ მიმართა, რომლებიც გაზეთის რედაქციას ცილისწამებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, გაზეთ „ირავუნკში“ გამოქვეყნებული მასალებით ამ თექვსმეტი მომჩივანის უფლებები და რეპუტაცია არ დაზარალებულა, რადგან რედაქცია გამოხატვის თავისუფლების უფლებით ხელმძღვანელობდა.
გალაჯიანის თქმით, ის „ჰომოსექსუალი ლობის“ მსხვერპლი გახდა, რომელიც ეცადა მის გაჩუმებას და რომ უკვე არსებობს ჟურნალისტების მიერ გამოხატვის მძაფრი ფორმების გამოყენების სამართლებრივი პრეცედენტები.
გალაჯიანის ინტერესებს რესპუბლიკური პარტიის და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ჰოვანეს საჰაკიანი იცავდა.
„გალაჯიანმა, როგორც ეროვნული აზროვნების მქონე ცნობილმა ჟურნალისტმა, უბრალოდ თავისი აზრი გამოხატა, ზუსტად ისე, როგორც ამას უმცირესობების წარმომადგენლები აკეთებენ,“ – თქვა საჰაკიანმა. მისი განმარტებით, სომხური კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალურ უმცირესობებს „არ გააჩნიათ არანაირი პრივილეგიები, თუმცა არც დისკრიმინაციას განიცდიან.“
შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის შეიძლება პრეცედენტად დარჩეს.
ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველები, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ საქმეს, უფრო მეტი სიფრთხილით საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებების დაცვა საზღვრების გარეშე“ ხელმძღვანელი ჰაიკუჰი ჰარუტუნიანი აღნიშნავს, რომ დადგენილება დეტალურად ჯერჯერობით არავის წაუკითხავს.
„თუ გადაწყვეტილებაში წერია, რომ სტატია იყო მხოლოდ შეურაცხმყოფელი და არაფერი იქნება ნახსენები დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენაზე, მაშინ ეს პრეცედენტს ვერ შექმნის,“ – ამბობს ის.
ჰარუტუნიანის აზრით, გალაჯიანის დაცვის არგუმენტი მხოლოდ იმის გამო გახდა მისაღები, რომ სომხეთში ანტიდისკრიმინაციული კანონი არ არსებობს.
„იმის გამო, რომ სომხეთში არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, გაზეთის რედაქტორმა დაცვის არგუმენტად გამოხატვის თავისუფლება მოიშველია,“ – ამბობს ის. „ანტიდისრიმინაციული კანონი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც მკაფიო საზღვარს ავლებს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის და არატოლერანტობის პროპაგანდას შორის, უფრო მეტიც პასუხსაც აგებინებს იმას, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯებს.“
სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით, რომლის მიხედვითაც სასჯელის მზარდი სისტემა არის განსაზღვრული და იკრძალება ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენებით.
იუსტიციის მინისტრის ჰოვანეს მანუკიანის განცხადებით, მისი უწყება განიხილავს ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობას და იმასაც, თუ როგორც უნდა წარიმართოს, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოსამზადებელი პროცესი.
„საჭიროა გავარკვიოთ საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია ასეთი კანონის მიღება“, – განუცხადა მან ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ჩვენს რეპორტიორს.
ორი წლის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი სომხეთის ომბუდსმენის აპარატმა წარმოადგინა, თუმცა არაოფიციალური კონსულატაციების მიუხედავად, ის პარლამენტს განსახილველად არ გადაეგზავნა.
სახალხო დამცველის მოადგილე ტატევიკ ხაჩატრიანი აღნიშნავს, რომ ერთიანი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ყველა მოიგებს, რადგან ცალკეული კანონები, რომლებიც იმავე საკითხს ეხება არაორგანიზებულია და არასათანადოდ ფუნქციონირებს.
„ასეთ კანონებს არ ღებულობენ რომელიმე ერთი კონკრეტული სოციალური ჯგუფის დასაცავად,“ – ამბობს ის. „ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით დაცული იქნება ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, სოციალური სტატუსისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პოლიტიკური შეხედულებისა და ა.შ.“
სერგეი გაბრიელიანი საქველმოქმედო ორგანიზაციის „ნორ სერუნდის“ („ახალი თაობა“) ხელმძღვანელია, რომლის წევრებიც არიან საჰაკიანი და სტატიაში დასახელებული სხვა ადამიანები. მისი მტკიცებით, არ არსებობეს იმის პოლიტიკური ნება, რომ ახალი კანონის საშუალებით სიძულვილის ენას უფრო ფართო განმარტება მიეცეს.
პოლიტიკური ნების არარსებობის დასტურად ის აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების მიუხედავად, გაზეთის დირექტორი, პარლამენტარი და რესპუბლიკური პარტიის წევრი – ჰაიკ ბაბუხანიანი, შარშან ოქტომბერში პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სახელმწიფო ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ერევნის პრესკლუბის თავმჯდომარე ბორის ნავასარდიანი შიშობს, რომ სომხეთის გაწევრიანება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომელიც ამა წლის იანვარში მოხდა, თუმცა 2013 წლიდან იგეგმებოდა, ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ინსპირირებული რეტროგრადული საკანონმდებლო ნაბიჯების განხორციელებას.
„თექვსმეტი პირის მიერ შეტანილი სარჩელის არდაკმაყოფილება არის არსებული პოლიტიკური კლიმატის შედეგი,“ – თქვა მან ჩვენთან საუბრისას. „იმ ნორმების გამოყენება, რომლებიც ადამიანის უფლებათა კონვენციებით რეგულირდება არ ხდება იმ გეოპოლიტიკუტი არჩევანის გამო, რომელიც სომხეთმა წელიწად-ნახევრის წინ გააკეთა.“
Amnesty International-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უნდა მიეღო, მას შემდეგ გაიყინა, რაც პრეზიდენტმა სარგსიანმა 2013 წელს რუსულ ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების შესახებ გააკეთა განცხადება.
„ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ, სომხეთი ცდილობს გადმოიღოს ისეთი პოლიტიკა და დამოკიდებულება, როგორიც ლგბტ თემის მიმართ არსებობს რუსეთში,“- ამბობს გაბრიელიანი. „ჯერჯერობით სომხეთს არ მიუღია სამარცხვინო კანონი გეი პროპაგანდის შესახებ, რომელიც რუსეთში არის მიღებული და უკვე მიიღო ყაზახეთმაც“.
თუმცა არსებობს ნიშნები, რომ ევროკავშირის კარი არ არის საბოლოოდ დახურული, რამაც შესაძლოა ცოტათი დააცხროს რეპრესიული ტენდენცია.
ერევანში ევროკავშირის დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსი დირკ ლორენცი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების განხორციელების ვალდებულება სომხეთთან ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმებით არსებობს და ის საბოლოოდ ორმხრივი შეთანხმებით განმტკიცდება.
„იმის მიუხედავად, თუ რა არჩევანს გააკეთებს სომხეთი და რომელ ბლოკში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებს, ორივე მხარე [ევროკავშირი და ერევანი] მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა სომხეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში,“ – განაცხადა ლორენცმა.
პარანძემ ავაგიანი და ლილიტ არაკელიანი თავისუფალი ჟურნალისტებია სომხეთში.