ეთნიკური სომხებით დასახლებულ ქალაქზე თავდასხმის მიუხედავად, ოფიციალური ერევანი კონფლიქტში ჩარევისგან თავს იკავებს.
სომხეთის მოსახლეობას ძალიან აღელვებს სირიაში მცხოვრები თანამოძმეების ბედი, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ვერაფერს მოიმოქმედებს და კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
„სომხეთი სირიის კონფლიქტში ვერავის მხარეს ვერ დაიჭერს“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა 11 აპრილს მმართველი რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე.
ქალაქ კესაბზე განხორციელებულ თავდასხმაზე სარგსიანს კომენტარი არ გაუკეთებია. ეთნიკური სომხებით დასახლებული ეს ქალაქი 21 მარტს მეამბოხეებმა დაიკავეს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით იქ თურქეთიდან შეიჭრნენ.
თავდასხმის შედეგად დაახლოებით 400 ოჯახი იძულებული გახდა სირიის ქალაქ ლატაკიაში გაქცეულიყო. იქ ისინი სომხეთიდან ჩასულმა პარლამენტის წევრებმა მოინახულეს, რომლებმაც შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და დაგმეს თურქეთის პოლიტიკა სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. პარლამენტარებმა საერთაშიროსი საზოგადოებას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისთვის ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
სომხური სათვისტომოები თურქეთის ხელისუფლებას სირიელი მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თურქეთის მხარე კი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სომხურმა დელეგაციამ ოფიციალურად დაგმო კესაბზე განხორციელებული თავდასხმა და ის ტეროროსტულ აქტად შეაფასა.
„შეტევები განხორციელდა თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსული ალ-ქაედას ტერორისტული ჯგუფების მიერ“, -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის 22 წევრი აწერს, რომელთაგან 5 სომეხია. „სასტიკ ქმედებებს, რომელთა სამიზნეც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება მოჰყვა. ექსტრემისტებმა შეურაცხყვეს კესაბის სომხური ეკლესიები და ზიანი მიაყენს მოსახლეობის საკუთრებას“.
კესაბი ისტორიული კილიკიის ნაწილია და მის მიმართ ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამით არის განპირობებული. ის ერთ-ერთი უკანასკნელი დასახლებაა, რომელიც შუა საუკუნეების სომხური სამეფოს, კილიკიის არსებობაზე მიუთითებს.
ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი ერევანს სირიის კონფლიქტში ჩაურევლობისკენ მოუწოდებს.
„გამოდის რომ ერთ მხარეს მხარს ვუჭერთ, მეორეს კი მტრად აღვიქვამთ“, – ამბობს ის. „ეს კი ნიშნავს, რომ ძალაუნებურად ყველა სომეხს კონფლიქტში ვითრევთ“.
მთიანი ყარაბაღის პარლამენტის წევრი ვაჰან ბადასიანი არარეგულარული სამხედრო ძალების შეკრების და სირიის მთავრობის მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა. თავად ბადასიანი 90-იანების დასაწყისში მთიანი ყარაბაღის ომში იბრძოდა და მისი თქმით, ის მზადაა კესაბში გაემგზავროს და დაიცვას ეთნიკური სომხები.
„სომხეთი სხვა ქვეყნის სამოქალაქო ომში საბრძოლველად თავის რეგულარულ სამხედრო შენაერთებს ვერ გააგზავნის“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. „მაგრამ ძალიან კარგი იქნება…თუ რამდენიმე ათეული ადამიანი სომხეთიდან და არცახიდან [მთიანი ყარაბაღი] მეგობრობის ხელს გავუწვდით ჩვენს ძმებს სირიაში და შევებრძოლებით თურქებს და სხვა სომეხთმოძულე ისლამისტებს“.
21 აპრილს ერევნის აეროპორტში ხუთი მოხალისე დააკავეს, რომლებიც ბეირუტის გავლით ლატაკიაში აპირებდნენ გამგზავრებას.
პრეზიდენტმა სარგსიანმა ბადასიანის წინადადებას უპასუხისმგებლო უწოდა და განაცხადა:
„ეს იქნებოდა ძალიან დაუფიქრებელი, ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდ საფრთხეში ჩააგდებდა. იმ სომხებმაც კი, რომლებიც სირიაში ცხოვრობენ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ“.
თუმცა, ერევანი ფართოდ უხსნის კარს სირიიდან დევნილ სომეხ მოსახლეობას.
დიასპორის საკითხებში სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლიდან სომხეთში სირიიდან 10 000 სომეხია ჩამოსული. სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიაში 60 000 და ზოგი წყაროს მიხედვით 100 000 სომეხი ცხოვრობდა.
ახალჩამოსულთა უმეტესობა სხვადასხვა სერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით ახერხებს ცხოვრების გაგრძელებას. ხელისუფლებაში კი აქტიურად განიხილება ქალაქ აშტარაკში ლტოლვილებისთვის ახალი უბნის აშენების საკითხი, რომელსაც ახალ ალეპოს დაარქმევენ.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორცილებული დახმარების პროგრამით უკვე 56 სირიელი სარგებლობს, მათ სუბსიდირებული სესხები მიიღეს. კიდევ 25 ბიზნეს პროექტი დაფინანსებას ელოდება.
ახალჩამოსულებს შორის 71 ექიმია, რომლებიც დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროში და მათგან 54-მა უკვე დაიწყო მუშაობა.
„რა თქმა უნდა, კარგია, რომ სომხეთი მეგობრობის ხელს უწვდის ჩვენ სირიელ თანამოძმეებს“, – ამბობს ჩეტერიანი. „თუ მათ სომხეთში ჩამოსვლა უნდათ, აუცილებელია სათანადო პირობების შექმნა. თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია ეს ისე გაკეთდეს, რომ უსაფრთხო ცხოვრების პირობების აღდგენის შემთხვევაში, მათ უნდა შეძლონ უკან დაბრუნება და თემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა“.
არპი ჰარუტუნიანი Armnews რეპორტიორია სომხეთში.