მასობრივი ამნისტია პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ შველის.
უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით, ბოლოდროინდელმა ამნისტიამ ქვეყნის გადაჭედილ ციხეებში მდგომარეობა არსებითად ვერ შეამსუბუქა. მათივე თქმით, ფესვგადგმული პრობლემების მოსაგვარებლად სისტემის ძირეული ცვლილებაა საჭირო.
სომხეთში არსებული 12 ციხე 4 400 პატიმარზეა გათვლილი, თუმცა როგორც წესი, იქ მყოფთა რაოდენობა ხშირად 5000 ადამიანსაც აჭარბებს. სივრცე იმდენად მცირეა, რომ პატიმრებს ძილი მორიგეობით უწევთ.
3 ოქტომბერს განხორციელებული ამნისტიის შედეგად 500-ზე მეტი მსჯავრდებული გაათავისუფლეს და ამით მათი რიცხვი დასაშვები რაოდენობის მაქსიმუმს გაუთანაბრდა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს შედეგი დიდხანს ვერ გასტანს.
სომხეთში პატიმართა უმეტესობას სასჯელის მოხდა მოუწყობელ, საბჭოთა-დროინდელ ციხეებში უწევთ, 70 კვადრატული მეტრი ფართობის საკნები მთლიანად ორიარუსიანი საწოლებითაა შევსებული.
ევროპულ საბჭოში გაწევრიანების შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრის და ვანაძორის ციხეები დახურა, ეს ორი დაწესებულება იქ არსებული უმძიმესი პირობებით იყო გამორჩეული. მათი ჩანაცვლება მოხდა 245 და 373 პატიმარზე გათვლილი ახალაშენებული შენობებით.
სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელი ავეტიკ იშჰანიანი აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხო სხვა ციხეებსაც. მაგალითად, ერევანში მდებარე ნუბარაშენის ყველაზე ხალხმრავალ ციხეში მოხდა საპირფარეშოების საკნებისგან იზოლირება.
„თუმცა ეს არ ცვლის მთლიან სურათს“, – აცხადებს ის. „იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სავენტილაციო სისტემა და არც საკნები გარემონტებულა და ასევე ის ფაქტი, რომ პატიმრებს რიგ-რიგობით უწევთ ძილი, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევად“.
ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სომხურ კანონმდებლობაში მოხდა ცვლილებების შეტანა და დღეის მდგომარეობით ის ითვალისწინებს,რომ თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს გამოყოფლილი 4კვ.მ ფართობის სივრცე.
სომხეთის ომბუდსმენის მიერ მოყვანილი ციფრები კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ სრულდება. ნუბარაშენის ციხეში 25 კვ. მ. ფართობის საკანში საშუალოდ 17 პატიმარია მოთავსებული, ხოლო საწოლების რაოდენობა არ აღემატება ათს ან თორმეტს. არის შემთხვევები, როდესაც საკანში პატიმართა რაოდენობა 25-საც კი აღწევს. დაწესებულებაში, რომელიც 840 პატიმარზეა გათვლილი 1044 ადამიანი იხდის სასჯელს.
ივნისში სომხეთის ომბუდსმენი კარენ ანდრესიანი და ბრიტანეთის ელჩი კეთრინ ლიჩი ნუბარაშენის ციხეში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ.
„სუნი და ნესტი – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია. მაგრამ, როცა ადამიანს დასაწოლი არ აქვს, ვერც კი ბედავ იმაზე ლაპარაკს, რომ შენ პატივს სცემ მის უფლებებს“, – განაცხადა ანდრესიანმა ვიზიტის შემდეგ. „ბევრმა ადამიანმა ჩვენთან შეხვედრა ვერ მოახერხა იმ უბრალო მიზეზით, რომ ძილის რიგი უწევდა“ .
540 შეწყალებული პატიმარიდან მხოლოდ 57 იხდიდა სასჯელს ნუბარაშენის ციხეში, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ არსებულ მდგომარეობას ეს ციფრები დიდად ვერ გამოასწორებდა.
იყო საუბარი ნუბარაშენის ციხის დახურვაზეც, თუმცა ექსპერტების აზრით, უახლოეს ათ წელიწადში ეს ნაკლებ სავარაუდოა.
სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლება ახალ ციხეს აშენებს არმავირში.
იუსტიციის მინისტრი ჰრაირ თოვმასიანი აცხადებს, რომ ახალი 1200 პატიმარზე გათვლილი ციხე თანამედროვედ იქნება მოწყობილი, 16 კვ.მ. ფართობის საკნებში ოთხ პატიმარზე მეტი არ მოთავსდება. პირველი კორპუსი იქნება მაღალი უსაფრთოების დონის ფლიგელი, ხოლო სხვა კორპუსებში პატიმრებს უფრო თავისუფლად ყოფნის საშუალება ექნებათ.
სასჯელაღსრულების დაწესებულების კეთილმოწყობასა და გარემონტებაში თავისი წვლილის შეტანას აპირებს აშშ საელჩო, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
არმავირის ციხე 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მშენებლობა გადაევადებინა.
„არმავირის ციხე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ამ წლის ბოლოს და მომდევნო წლის შემდეგ კვარტალში გაიხსნება ერთი შენობა 400 ადამიანზე“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა გორ გლეჩიანმა.
ციხეებში არსებულ ხალხმრავლობას ამწვავეს ისიც, რომ მოსამართლეები მცირე დანაშაულზეც კი დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას უფარდებენ, მაშინ როცა შესაძლებელია განსასჯელი გირაოთი გათავისუფლდეს და განაჩენს გარეთ დაელოდოს.
იშჰანიანის განცხადებით, იყო შემთხვევა, როცა წყვილი ფეხსაცმლის ქურდობისთვის მოსამართლემ მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის თვლის, რომ მოსამართლეები სასჯელის გამოტანისას უფრო მოქნილები უნდა იყვნენ. ამჟამად ისინი მთლიანად იმყოფებიან პროკურატურისა და პოლიციის გავლენის ქვეშ, „ მათ ასევე ეშინიათ, რომ ვინმემ ქრთამის აღება არ დააბრალოს“.
ყოფილი პატიმარი არა ავეტისიანი, რომელმაც ერებუნის ციხეში მისჯილი ოთხი წლიდან სამი წელი და ერთი თვე გაატარა, თაღლითობის მუხლით იხდიდა სასაჯელს.
ერებუნი საშუალო უსაფრთხოების დონის ციხეა, რომელშიც ბოლო დროს განხორციელებულ ამნისტიამდე 391 პატიმრის ნაცვლად 486 პატიმარი იმყოფებოდა.
ავეტისინიანი ციხის ყოფაზე საყვედურით არ საუბრობს, მისი თქმით „ერთადერთი რასაც ისურვებდა არის ის, რომ პატიმრებს მიეცეთ ნაადრევად გათავისუფლების უფლება“.
იშჰანიანის თქმით, იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პატიმრები საყვედურს გამოთქვამდნენ ციხეში არსებული მდგომარეობის გამო.
„არსებობს დაუწერელი კანონი, რომ არ იწუწუნო ციხის პირობებზე. როდესაც ვხვდებით ხალხს ერთადერთი რის გამოც ისინი გამოთქვამენ საყვედურს, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენია“, – ამბობს ის.
სასჯელის ერთი მესამედის მოხდის შემთხვევაში მსჯავრდებულის საქმე შეიძლება გადაიხედოს ნაადრევ გათავისუფლებაზე, თუმცა ეს პროცედურულად იმდენად რთული პროცესია, რომ ნაწილობრივ ამის გამოცაა ციხეები გადაჭედილი.
2006 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ციხის ადმინისტრაციის ნაცვლად დამოუკიდებელ კომისიას გადაეცა, თუმცა მდგომარეობა არსებითად არც ამის შემდეგ შეცვლილა.
„მათ გადაწყვეტილებებში არ არსებობს არც ლოგიკა და არც კრიტერიუმები“, – ამბობს იშჰანიანი. „ამის შესახებ საყვედურობენ არა მარტო პატიმრები, არმედ ციხის ადმინისტრაციაც, ამის გამოა, რომ პატიმარს კარგად მოქცევის სტიმული ეკარგება“.
ხელისუფლება ახალი სისხლის სამართლის კოდექსზე მუშაობს, რომელშიც განიხილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ალტერნატივები გამოძიების მსვლელობის პერიოდში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წელზე ნაკლებ პატიმრობას ითვალისწინებს.
ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ არმავირის ციხის გახსნით გადავსებული ციხეების პრობლემა გადაიჭრება, თუმცა იშჰანიანის განცხადებით, ეს საკმარისი არ არის.
„თუ არ შეგიძლია პატიმრების შენახვა, მაშინ არ უნდა გყავდეს“, – „ისინი ისეთ არაადამიანურ პირობებში ჰყავთ გამომწყვდეული, რომ ნებისმიერმა მათგანმა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საჩივარი რომ შეეტანოს, სომხეთის სასამართლოებიდან დაწყებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოთი დამთავრებული, დარწმუნებული ვარ საქმეს მოიგებს“.
ანა მურადიანი გაზეთ Hetq („კვალი“) რეპორტიორია სომხეთში.