„მუდმივი განგაშის მდგომარეობაში ვცხოვრობთ. გვეშინია ახალი ომის დაწყების.“
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ ჯარისკაცები ისევ იღუპებიან. ანალიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად „ნორმალურია“ ეს სიტუაცია და უნდა ველოდოთ თუ არა რამე უფრო უარესს?
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1994 წელს ზავით დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ჯერაც არ არის მიღწეული. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო. ყარაბაღი, მიმდებარე ტერიტორიებით, სომხური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია და მას დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული, თუმცა ის არაღიარებულად რჩება.
სომხეთი და აზერბაიჯანი ტექნიკურად ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით მათი ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების გამო, შეუძლებელი ხდება საერთო ენის გამონახვა.
1994 წლიდან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხშირად ირღვევა, როგორც ყარაბაღის „გამყოფი ხაზის,“ ასევე სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე.
ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შეტაკებები სულ უფრო გახშირდა და არაერთხელ ფატალური შედეგითაც დასრულებულა. ამჟამად, იანვრის დაძაბულობის ტალღის შემდეგ, სიტუაცია შედარებით მშვიდია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 აპრილს, „გამყოფ ხაზთან“ ახლოს, ტერტერის რაიონში ხუთი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო კი ინციდენტის განსხვავებულ შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დანაკარგი სწორედ აზერბაიჯანის ჯარმა განიცადა.
[pullquote]ჩვენ ვცდილობთ დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ცალკეულ საგაზეთო სტატიებზე დაყრდნობით და ადგილზე პირადი კონტაქტების დახმარებით დავადგინოთ[/pullquote]
სომხური წყაროების მიხედვით, წელს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ოცი ჯარისკაცი დაკარგა.
დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეების მიერ გავრცელებული მონაცემები ხშირად არ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში. მაგალითად, ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 მარტს, გულისტანის რაიონში შეტევის დროს დაიღუპა 15 კაციანი აზერბაიჯანული დანაყოფის სრული შემადგენლობა. ამავე განცხადების მიხედვით, სომხური მხრიდან დაიღუპა სამი და მოგვიანებით, მიღებული ჭრილობების შედეგად, გარდაიცვალა კიდევ ოთხი ჯარისკაცი.
აზერბაიჯანული მხარე დანაკარგზე საუბრისას უფრო დაბალ ციფრებს ასახელებს.
„შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ წელს, ფრონტის ხაზზე ჩვენი რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა,“ – განუცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა საინფორმაციო სააგენტო APA-ს 2 აპრილს.
ხაზარის უნივერსიტეტის მკვლევარი, ანალიტიკოსი ჯასურ სუმერინლი ჩვენთან საუბრისას თერთმეტი დაღუპული სამხედროს შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ ოფიციალური მონაცემები ხშირად არასწორია, „ჩვენ ვცდილობთ დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ცალკეულ საგაზეთო სტატიებზე დაყრდნობით და ადგილზე პირადი კონტაქტების დახმარებით დავადგინოთ.“
ძალადობის ესკალაცია?
კითხვა მდგომარეობს იმაში, მიმდინარე შეტაკებები ადრინდელის მსგავსია თუ რამე უფრო სერიოზული?
ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან საუბრისას აღელვებას ვერ მალავს.
„ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივი განგაშის მდგომარეობაში. გვეშინია ახალი ომის დაწყების,“ – ამბობს სოფელ ბაშ გარვანდის მკვიდრი, 65 წლის ჰიმაიათ გულიევა. აღდამის რაიონის ეს სოფელი ყარაბაღის აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, სროლები თითქმის ყოველ დღე ხდება.
მაჰამად მამადოვი ალიბეილის მკვიდრია. თოვუზის რაიონის ეს სოფელი სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი თქმით, მარტის შემდეგ ყოველ ღამე ისვრიან და სროლები ორივე მხრიდან ხორციელდება, თუმცა საბედნიეროდ, მშვიდობიან მოსახლეობას ეს არ შეხებია.
„სოფლების მიმართულებით სროლები ყველაზე მეტად გასული წლის ბოლოს ხდებოდა,“ – ამბობს ის. „ახლა მხოლოდ სამხედრო პოსტებს ესვრიან. ხმით და ღამე დანახული ალით თუ ვიმსჯელებთ, მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებენ თუ არა.“
5-10 აპრილს აზერბაიჯანმა ფრონტის ხაზთან ახლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ღამის წვრთნები განახორციელა. თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო ნამდვილი ძალის დემონსტრირება. წვრთნებში ჩართული იყო 15 000 ჯარისკაცი, 200-ზე მეტი ჯავშანმანქანა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ადგილზე დისლიცორებული 20 თვითმფრინავი.
ერევანში თვლიან, რომ ძალადობა გრძელდება, თანაც იმაზე გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე ადრე იყო.
27 მარტს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა აზერბაიჯანი მძიმე შეიარაღების გამოყენებაში დაადანაშაულა, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები პირველად იქნა გამოყენებული.
ოჰანიანმა ბრალდებებზე ეუთოს მისნკის ჯგუფის თავმჯდომარესთან ანდრეი კასპრზიკთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ეუთოს მინსკის ჯგუფი ამერიკის, რუსეთის და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, 20 წელზე მეტია ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მოლაპარაკებებში წამყვან მედიაციის ჯგუფს წარმოადგენს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არცუნ ჰოვანესიანი თვლის, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი მსხვერპლი ჰყავს, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
„აზერბაიჯანი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომლის მთავარი მიზანია მოწინააღმდეგის გატეხვა. მაგრამ, ჯერჯერობით ამ ყურადღების გადამტანი ტაქტიკის შედეგი არის ნულის ტოლფასი, აზერბაიჯანელებმა ვერც ერთი პოზიცია ვერ დაიკავეს და ვერც საზღვრის ხაზი გადმოანაცვლეს,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი სტეფან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ უფრო მკაფიო განცხადებები უნდა გაკეთდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის მხრიდან.
„სანამ მედიატორები არ გააკეთებენ უფრო კონკრეტულ განცხადებებს აზერბაიჯანის მისამართით, ის არ შეწყვეტს შეტევებს“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
არ არსებობს აზრთა თანხვედრა იმის შესახებ, თუ ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ ინციდენტში და ვის აკისრია პასუხისმგებლობა პირველი გასროლილი ტყვიის გამო, ან თუნდაც პოლიტიკურ დონეზე, ვის აწყობს სამშვიდობო პროცესის ჩაშლა.
19 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სამხედრო მანევრების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, სომხები დეკემბერში ყარაბაღში სამხედრო წვრთნების დაწყების გამო დაადანაშაულა.
იხილეთ: ყარაბაღის სამშვიდობო პერსპექტივა ჩამოგდებულ ვერტმფრენთან ერთად დასამარდა?)
მისივე სიტყვებით, ამ მომენტამდე, სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრები საკმაოდ კარგად წარიმართა.
„ორივე მხარე გრძნობდა, რომ ბოლო შეხვედრა პარიზში წარმატებული იყო, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, როდესაც სომხებმა მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს, დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.
იხილეთ: აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებეში გადატვირთვაა?
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ფართომასტაბიანი ომის საფრთხეზე საუბარი, აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი არასტუნ ორუჯლუ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს.
„ამ საბოტაჟის აქტებმა, ღამის წვრთნებმა, ჩამოგდებულმა ვერტმფრენმა კიდევ უფრო დაძაბა ორივე მხარეს შორის არსებული ისედაც რთული ურთიერთობა, თუმცა მნიშვნელოვან სამხედრო დაპირისპირებაში ისინი არ გადაზრდილა,“ – ამბობს ორუჯლუ, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის ხელმძღვანელია ბაქოში. „ყველაფერი, რაც ხდება მიუთითებს ლოკალიზებულ კონფლიქტზე, თუმცა ომი გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მინსკის ჯგუფი საკითხის სრულ იგნორირებას მოახდენს ან თუ რუსეთი გამოავლენს ამგვარი ომის დაწყების ინტერესს.“
არევიკ საჰაკიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში. ნურგულ ნოვრუზი აზერბაიჯნელი ჟურნალისტის ფსევდონიმია.