სტერეოტიპებისა და დაბალი ხელფასების გამო, გიუმრელ ქალებს საკმარისი შემოსავლის გამომუშავება უჭირთ.
ავტორები: ნელი შიშმანიანი, როზა ჰოვანესიანი და ლუსინე ავაგიანი – კავკასია
2012 წლის 4 აგვისტო
სომხეთში მარტოხელა დედებს ხშირად სიღარიბისგან თავის დაღწევა უჭირთ, ვინაიდან სამუშაოს არსებობის შემთხვევაშიც კი ხელფასი მინიმალურია. ამ ფონზე, გიუმრიში – ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში მცხოვრები ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.
ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ამ ქალაქში ჯერ კიდევ შეიმჩნევა 1988 წელს შირაქში მომხდარი მიწისძვრის შედეგები. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროს სომხეთის ეს ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. დღეისათვის ქალაქის მაცხოვრებელთა (360 ათასი ადამიანი) 60% ქალები შეადგენს, ვინაიდან მამაკაცების უმეტესობა სამუშაოდ რუსეთშია წასული.
მიწისძვრის დროს მძიმედ დაზიანდა საერთო საცხოვრებელი, რომელშიც გიუმრის ლენ-ტრიკოტაჟის ქარხნის მუშაკები ცხოვრობდნენ. ქარხანა დიდი ხანის წინ დაიხურა, თუმცა ოცამდე ოჯახი იქ დღემდე ბინადრობს, მათი უმეტესობა მამაკაცებისა და შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი. ბნელი, დანგრეული შენობა, სადაც თითქმის ყველა კიბე ამორტიზირებულია მინიმალურ საცხოვრებელი სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს.
იქ მცხოვრებ ქალთა უმეტესობა სახელმწიფო შემწეობაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი სოციალური მომსახურების დეპარტმამენტის უფროსის, ედუარდ ბაღრამიანის თქმით, ამ საცხოვრებელში მყოფი ოჯახების უმეტესობა ყოველთვიურად მინიმალურ 16 ათას დრამს, ანუ, 39 აშშ დოლარის ექვივალენტს იღებს, ხოლო თითო ბავშვზე დამატებითი დახმარება 6 ათასი დრამი, ანუ 15 აშშ დოლარია გამოყოფილი.
19 წლის ანი კორეცკი საერთო საცხოვრებელში დედასთან, ძმასთან და წლინახევრის შვილთან – ალვარდთან ერთად ცხოვრობს. ორწლიანი ქორწინების შემდეგ ანის მეუღლემ ცოლ-შვილი მიატოვა და რუსეთში გაემგზავრა.
„ყოველ ღამით შიშით მეღვიძება და მგონია, რომ ეს გასაცოდავებული შენობა თავზე დაგვემხობა“,- თქვა მან.
მისი ოჯახის საერთო შემოსავალი, ძმისა და ბავშვის შემწეობის ჩართვლით, 26 ათას დრამს, ანუ 63 აშშ დოლარს შეადგენს.
ანის არ სჯერა, რომ ოდესმე სამსახურს იშოვნის.
შირაქის ოჯახურ, ქალთა და ბავშვთა საკითხების რეგიონული დეპარტამენტის ინფორმაციით, აქ მაცხოვრებელი ქალების 72% უმუშევარია, რაც მამაკაცების მაჩვენებლებზე მაღალია.
ქალაქში გამოქვეყნებული ვაკანსიების უმრავლესობაში მითითებულია, რომ მდედრობითი სქესის კანდიდატები კარგი გარეგნობისა დაუმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უნდა იყვნენ.
გიუმრის პოლიტიკური კულტურისა და თანხმობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ვაჰან თუმასიანმა, შემდეგნაირი განცხადებების მაგალითებიც მოიყვანა: „კომპანია დამლაგებლის პოზიციისათვის ეძებს 28 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონას“, „მაღაზია 30-წლამდე ასაკის ქალბატონებს ეძებს დამხმარე კონსულტანტენის პოზიციაზე“, „რესტორანი კარგად განათლებულ 30-წლამდე ქალბატონს ეძებს მიმტანად“.
თუმასიანის თქმით, გიუმრიში ქალების ხელფასი თვეში 35 -40 ათას დრამს, დაახლოებით 84-100 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ბევრი მათგანი სამუშაოსთვის თავის დანებებასა და სახელმწიფო შემწეობაზე ცხოვრებას არჩევს.
24 წლის ეფრასია კირაკოსიანი რვა თვის განმავლობაში თმის სტილისტად მუშაობდა, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო მალე სამსახურს თავი დაანება.
„მთელი თვის მუშაობის შედეგად თითქმის არაფერს ვიღებდი. ერთხელ 40 ათასი დრამი გამოვიმუშავე, მაგრამ მომდევნო თვეში ჩემი შემოსავალი მხოლოდ 10 ათასი დრამი იყო. რა თქმა უნდა, ამ თანხაზე ცხოვრება შეუძლებელია. ყველაფერი ძალიან ძვირია“, – აღნიშნა მან.
ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ქალების უმუშევრობის მაღალი დონის გამომწვევი მიზეზი გენდერული როლებისადმი ტრადიციული დამოკიდებულებაა.
ქალებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანიების დახმარების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორაგნიზაცია „აიაკიცის“ დირექტორის მოადგილის, ვაჰე თაგვორიანის თქმით, კაცების უმრავლესობას არ სურს, რომ ცოლებმა იმუშაონ.
„გიუმრიში ბევრი ღატაკი ოჯახია, მაგრამ მამაკაცები ცოლებს მუშაობის უფლებას მაინც არ აძლევენ, რადგან მათი აზრით, მიმტანად ან გამყიდვლად მუშაობა დამამცირებელი საქციელია“, – ამბობს თაგვორიანი. „მათ ჰგონიათ, რომ ასეთი სამუშაო რეპუტაციას შეულახავთ. აქ საზოგადოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოება ამგვარ სამუშაოზე მყოფ ქალებს კიცხავს“.
26 წლის ლიანა მურადიანი ხუთ შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. მისი ოჯახის შემოსავალი 53 ათას დრამს/130 აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად სიდუხჭირისა, ლიანას მეუღლე, 22 წლის გევორქ მანგასარიანი, მუშაობის უფლებას არ აძლევს.
„მე ვმუშაობ და საკმარისია. მას მხოლოდ კაფეში თუ მიიღებენ სამუშაოდ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს და რატომ უნდა მივცე იქ მუშაობის უფლება?“ თქვა მან. „გარდა ამისა, ხუთი ბავშვი გვყავს. სჯობს სახლში დარჩეს და ბავშვებს მიხედოს.“
ფსიქოლოგ მანუშაკ კარაპეტიანის აზრით, სოციალური პირობები არსებულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძიმებს და მ „უმუშევრობა გიუმრიში მაცოხვრებელ კაცებს კიდევ უფრო დაუცველს, აგრესულს და დესპოტურს ხდის. მათ ჰგონიათ, რომ თუ ქალებმა მუშაობა დაიწყეს, მათზე მაღლა დადგებიან“.
ოჯახურ, ქალთა და ბავშვთა საკითხების რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი, ლუსინე გინოსიანი თვლის, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნეს სესხების მეშვეობით მთავრობა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქალი დაასაქმოს.
„ყველა ქალის დასაქმება შეუძლებელია, მაგრამ პროგრამები ხორციელდება და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესიც შეინიშნება“,- აღნიშნა მან.
როზა ჰოვანესიანი Hayatsk daily-ს ჟურნალისტია, ნელი შიშმანიანი თავისუფალი ფოტოჟურნალისტია, ხოლო ლუსინე ავაგიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.