თავდაცვის სამინისტრო იძულებულია უფრო ღიად იმოქმედოს, ვიდრე ადრე.
საპროტესტო მღელვარებამ, რომელიც სომხური არმიის სამი ჯარისკაცის სიკვდილს მოჰყვა, მთავრობა აიძულა, დაუყოვნებლივ დაიწყოს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე გამოძიება.
18 წლის აგას აბრამიანის საქმის დეტალები, რომელიც ამა წლის აგვისტოში სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა, სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გააშუქეს. ტელევიზია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მაუწყებლობს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თავდაცვის სამინისტრომ ამგვარი გულახდილობა გამოიჩინა.
თავდაპირველად აბრამიანის სიკვდილზე შედგენილ ოქმში ნახსენები იყო, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა მისი ნათესავების გავრცელებულმა ფოტოებმა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის სასტიკად სცემეს და მისი სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის ტრავმა იყო.
დააპატიმრეს რამდენიმე ოფიცერი და დაბალი ჩინის სამხედრო მოსამსახურე. თუმცა აბრამიანის მამა გაგამი დაჟინებით მოითხოვს უფრო საგულდაგულო გამოძიებას.
”ნათელია, რომ ბიჭი სასტიკად სცემეს და ამას ერთი, ან ორი ადამიანი ვერ გააკეთებდა. ისინი მას სასიკვდილოდ ვერ სცემდნენ”, – განაცხადა მან. ”მიმაჩნია, რომ ამაში მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არ ვიცი, რა ვქნა. არ ვიცი, რისთვის ვიბრძოლო, რაც არ უნდა მოხდეს, შვილს ვეღარ დავიბრუნებ”.
აბრამიანის სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ქალაქ გორისში, სამხედრო სამსახურის დასრულებამდე სამი თვით ადრე 19 წლის ვარდან სევიანი გარდაიცვალა. მაღალჩინოსნები მიიჩნვენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ მშობლებს ამის არ სჯერათ.
მესამე სასიკვდილო შემთხვევა 7 სექტემბერს მოხდა. აიკ მკრტჩიანიც 19 წლის იყო. მკვლელობის ბრალდებით მისი თანაყაზარმელი დააპატიმრეს.
წინათ სომხური ჯარი მზად არ იყო ამ ტიპის შემთხვევების დეტალები გაეხმაურებინა.
მშობლების იმ ჯგუფისთვის, რომლებიც ოთხი წლის მანძილზე იბრძვიან იმისთვის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მათი შვილების სიკვდილი გამოიძიონ, ეს მხოლოდ დასაწყისია.
”დასაკარგი არაფერი მაქვს. დავკარგე ყველაფერი, რაც მქონდა. შვილის დაბრუნებას ვერ შევძლებ, გამოძიება უშედეგოდ დასრულდა”, – განაცხადა რობერტ მირზოიანმა, რომლის ვაჟი გეგამი 2007 წელს მოკლეს. ”მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ, ხალხი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯოს და ამგვარად ეს დაუსჯელობის სინდრომი დასრულდება და მკვლელობები შეწყდება”.
მირზოიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯარო პროტესტი გამოხატა, ბოლო თვეებში ასეთ მშობლებს ადამიანის უფლებების დამცველები და მოსახლეობა შეუერთდა. ისინი ჯარის რეფორმას ითხოვენ წვევამდელების სამსახურის პირობების გასაუმჯობესებლად. ერთი თვის წინ ისინი საინიციატივო ჯგუფის შესაქმნელად გაერთიანდნენ, სახელწოდებით ”არმიის რეალობა”.
აქციის მონაწილეები, ხშირად ასზე მეტნი, ყოველ ხუთშაბათს მთავრობის შენობასთან იკრიბებიან და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს დისკომფორტს უქმნიან.
15 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანინმა პირობა დადო, რომ სამივე მკვლელობას საგულდაგულოდ გამოიძიებენ და განაცხადა, რომ სამხედრო პროკურორსა და მინისტრის მოადგილეს უკვე დაევალა გამოძიების კონტროლი.
”ჯარში არასდროს არსებობდა დაუსჯელობის სინდრომი და არც ახლაა. ჩვენ არ უნდა დავმალოთ არცერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ყოველი დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება და თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იმსახურებენ, მათ მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება, მათ შორის სამხედრო ძალებიდან დათხოვნა”, – განუცხადა მინისტრმა მშობლებს. მინისტრი ამტკიცებს, რომ მკვლელობათა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.
ოფიციალური სტატისტიკით 2007 წლის შემდეგ ჯარში 228 ჯარისკაცი გარდაიცვალა. მათგან 32 – აზერბაიჯანთან სადემარკაციო ხაზის პერიმეტრზე მომხდარი ინციდენტების დროს დაიღუპა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ციფრები პრობლემის მასშტაბებს აკნინებენ. ისინი აცხადებენ, რომ 90-იანი წლების შუა პერიოდიდან შეიარაღებულ ძალებში 1500-ზე მეტი მკვლელობა მოხდა.
”ჯარში მომხდარი მკვლელობებიდან ბევრ შემთხვევას ოფიციალურად თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა რეალურად ეს განზრახ მკვლელობები იყო. მაგრამ ხშირად საკმარისი ფაქტებიც არ იყო ამის დასამტკიცებლად”, – განაცხადა იურისტმა სედა საფარიანმა.
ამ მკვლელობების შემდეგ ”დედოვშინის” პრობლემა ჯარში საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა.
ცვლილებების ნაწილი განაპირობა ინციდენტმა, რომელიც 2010 წლის ივლისში მოხდა, როცა სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცმა თავის თანაყაზარმელებს ცეცხლი გაუხსნა, მოკლა ლეიტენანტი, სერჟანტი და სამი ჯარისკაცი, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამან საზოგადოებრივი რისხვა გამოიწვია, რომელიც დღემდე არ ცხრება და მწვავდება წვევამდელის მშობლების განცხადებით, რომ მათი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ის ჯარისთვის უვარგისად უნდა ეღიარებინათ.
”ბევრი ლაპარაკობს, რომ ამ ინციდენტამდე არაფერი ამდაგვარი არ ხდებოდა, რეალურად ჩვენ ეს არ ვიცით, ვინაიდან ჯარში არსებული მდგომარეობა არ განიხილებოდა და მაშინ ჩვენ სრულ ინფორმაციას ვერ ვიღებდით”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ”სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის” თავმჯდომარემ ავეტიკ იშხანიანმა.
2010 წლის შემთხვევის შემდეგ საზოგადოებამ ოგანესიანის გადადგომა მოითხოვა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, მაგრამ მშობლებს მხოლოდ სამხედრო პროკურორის გათავისუფლება აკმარეს. ამ თანამდებობაზე დანიშნულმა გევორკ კოსტანიანმა პირობა დადო, რომ დამნაშავეებს დასჯიდა. მაგრამ ფართომასშტაბიანი გამოძიება არ ჩატარებულა.
საზოგადოების რისხვა გაძლიერდა, როცა ბოლო სამი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტები აცხადებენ, რომ სინამდვილეში სამხედროები დაინტერესებულნი არ არიან საეჭვო მკვლელობების გამოძიებით.
”არმიის მიზანია გაიწვიოს იმდენი ჯარისკაცი, რამდენიც სჭირდებათ და არა ის, რომ ყოველი ჯარისკაცის ღირსეული ყოფა უზრუნველყოს. ის ყურადღებას არ აქცევს მათი უფლებების დაცვას”, – განაცხადა ვანაძორში ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ არტურ საკუნცმა.
საკუნცი ისურვებდა, რომ მიუკერძოებელ გამოძიებაზე დაკვირვების მიზნით სამხედრო ომბუდსმენის თანამდებობა შეიქმნას.
რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი და აშშ-ის არმიის ყოფილი ჯარისკაცი რიჩარდ კირაკოსიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში ხარისხიანი მომზადება უნდა შემოიღონ, ოფიცრებისა და ჯარისკაცების დისციპლინის გამკაცრება დაუსჯელობის სინდრომს აღმოფხვრის და პროცესს გამჭვირვალეს გახდის.
”სომხურ ჯარს ვალად უნდა მიაჩნდეს ჯარისკაცის პატივისცემა, როგორც პიროვნებისა, და სახელმწიფო ყოველი ჯარისკაცის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს”, – განაცხადა მან.
სურენ ოგაჯანიანი, რომლის ვაჟი ტიგრანი ჯარში მსახურობის დროს მოკლეს, აცხადებს, რომ პროტესტს ბოლოს და ბოლოს შედეგი მოაქვს.
”მიმაჩნია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილება მოხდა. როცა 4 წლის წინ პროტესტს გამოვხატავდით, ჩვენ ერთეულები ვიყავით, მაგრამ ახლა ხალხი და ორგანიზაციები შემოგვიერთდა და ისინი გვეხმარეობიან, რომ ჩვენი ხმა შესაბამის ორგანოებს მივაწვდინოთ”, – განაცხადა მან. ”იმედი არ დამიკარგავს”.
გოარ აბრამიანი, ArmeniaNow-ს რეპორტიორი
© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | iwpr.net
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და აუცილებელი არ არის IWPR-ის ან გამოცემის შეხედულებებს ასახავდეს.
http://iwpr.net/report-news/armenian-army-deaths-cause-outcry