13 ივნისს, თბილისში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR) გაიმართა ტრენინგი თემაზე „ჟურნალისტის უსაფრთხოება მიტინგებისა და სამოქალაქო არეულობების გაშუქებისას“.
ტრენინგში IWPR-ის სამოქალაქო ჟურნალისტიკის ხელშეწყობის და განვითარების პროექტში ჩართული ახალგაზრდა ქართველი ბლოგერები მონაწილეობდნენ.
ტრენინგს სააგენტო როიტერის საქართველოს ბიუროს ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი და IWPR-ის ტრენერები უძღვებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც დაეხმარება მათ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ მიტინგების, საპროტესტო გამოსვლების და სამოქალაქო არეულობების გაშუქებისას.
შეხვედრის მონაწილეებმა ძალისმიერ შეტაკებებში გადაზრდილი დემონსტრაციების და სხვა კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისას ჟურნალისტების უსაფრხოდ მუშაობის თემაზე იმსჯელეს.
პროექტის მონაწილე ბლოგერები პროფესიონალ ჟურნალისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებაში ბლოგის http://geoelection.ge/ მეშვეობით. ამჟამად ბლოგი დახურულია და იგეგმება ტრენინგების სერია მასზე მომუშავე ბლოგერებისთვის და ჟურნალისტებისთვის. თუმცა ახლო მომავალში საარჩევნო ბლოგი განაახლებს მუშაობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის “ურთიერთობების აგება/უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში” (Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus) ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.