უფლებადამცველი ორგანიზაციები წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ბაქოს სასამართლოს 5 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ხადიჯა ისმაილოვას წანასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ცალკე განიხილება საქმე, რომელშიც პროკურატურა ისმაილოვას სოციალური მედიით საიდუმლო მასალების გამჟღავნებაში ადანაშაულებს.
„მისთვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის’ აბსურდული მუხლით ბრალის წაყენება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ნებისმიერი გზით ამოძირკვოს თავისუფლი სიტყვის და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აზერბაიჯანში. ისმაილოვას უნდა მოეხსნას ყველა ბრალდება და ის უნდა დაუბრუნდეს თავის სამუშაოს“,- განაცხადა Freedom House-ის რეგიონული პროგრამების ვიცე პრეზიდენტმა რობერტ ჰერმანმა.
იხილეთ: ცნობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ჯაშუშობას აბრალებენ |
---|
საგამოძიებო ჟურნალისტის დაკავება დაგმო არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. დამოუკიდებელი ჟურნალისტის დაპატიმრებას ისინი თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დევნად აფასებენ.
„ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი აშკარად გამოხატული მცდელობა გააჩუმონ თავისუფალი მედია აზერბაიჯანში – ხადიჯა ისმაილოვა არის ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ქვეყანში არის დარჩენილი“, – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორიჯონ დალჰუსენი.
„[მისი] დაკავება არის მისი გაჩუმების მცდელობათა სერის გაგრძელება. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ“.
ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თავისი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ადვოკატმა ელტონ გულიევმა ინახულა ისმაილოვა ბაქოს #1 ციხეში. მისი თქმით, ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს, საპატიმროს პირობებს არ უჩივის და მოკითხვას უთვლის თავის მეგობრებს.
დაპატიმრებული ჟურნალისტი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
რადიო თავისუფლების რედაქტორი ნენად პეჟიჩი მიიჩნევს, რომ „ხადიჯა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება“ და მისი დაპატიმრება არის იმ ორწლიანი კამპანიის ბოლო მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ჟურნალისტების გაჩუმებას, რომლებიც აზერბაიჯანში ელიტური კორუფციის და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იძიებდნენ.
ისმაილოვას დაპატიმრებას წინ უძღოდა ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსის რამიზ მეჰდიევის ვრცელი განცხადება, რომელშიც მან ღიად დაადანაშაულა ისმაილოვა „ღალატში“, რომელიც „გამოიხატება მის მტრულ დამოკიდებულებაში ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მიმართ“, რაც ასე „მოსწონთ მის უცხოელ მფარველებს“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რადიო თავისუფლება „საშიშ გზას“ დაადგა და მისი საქმიანობა „უცხოურ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობის ტოლფასია“.
პეჟიჩის აზრით, მეჰდიევის განცხადება არის საშიში და დაუფიქრებელი, ის შესაძლოა აღქმული იყოს როგორც მუქარა, რომელიც რადიო თავისუფლების და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ არის მიმართული.
ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკთხებში დუნია მიატოვიჩმა ისმაილოვას დაპატიმრებას უწოდა დაშინების დემონსტრირება, რომელიც მიმართულია მისი თავისუფალი და კრიტიკული ხმის ჩასახშობად.
„კიდევ ერთელ მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს პრაქტიკა, რომელიც აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას“,- განაცხადა მან.