2012 წლის 14 ივნისს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) თბილისის ოფისში ადგილობრივი და რეგიონალური ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე – ბუნებრივი კატასტროფები და ეკომიგრანტები.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ვორქშოფს უძღვებოდნენ: რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორი, გიორგი კუპატაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რედაქტორი და ილია გუჩმანიძე, ასოციაცია „ბორჯღალოს“ პროგრამების მენეჯერი.
ვორქშოფის მიზანია იყო, მედიის წარმომადგენლებისთვის უკეთ გაეცნოთ ბუნებრივი კატასტროფებისა და ეკო-მიგრანტების გაშუქების სპეციფიკა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული, 11 000-ზე მეტი ოჯახი კი – დღემდე სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩება.
„რატომ იზრდება საქართველოში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა და არის თუ არა პრიორიტეტული უსახლკაროდ დარჩენილი 11 000 ოჯახის უსაფრთხოება? რას ნიშნავს ცხოვრება დანგრეულ ან საცხოვრებლად უვარგის სახლში? რას ნიშნავს ეკომიგრანტის სტატუსი და რამდენი ადამიანი რჩება კონსტიტუციური უფლებების გარეშე? როგორია საქართველოს ხელისუფლების მზაობა რეალური ნაბიჯების გადასადგმელად? რატომ იზრდება ეკომიგრანტების რიცხვი მსოფლიოში და საქართველოში? სად მიდიან და როგორ ცხოვრობენ გასახლებული ეკომიგრანტები? როგორ შუქდება ეს საკითხი მედიაში? ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ წარმოდგენილ კითხვებს“, – განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.
ვორქშოფის მეორე დღეს მოეწყო სასწავლო ტური ერთ-ერთ პრობლემურ რეგიონში, კერძოდ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, რათა მონაწილეებმა გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები წინა დღით თეორიულად მიღებულ ცოდნაში და გაეშუქებინათ თემა თავიანთ მედიასაშუალებებში.
“ამ ვორქშოფმა ეკომიგრაციისა და ბუნებრივი კატასტროფების პრობლემა უფრო ახლო ხედით დამანახა. მიმაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვორქშოფის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიკა ვაჭარაძემ.