ქართველმა და სომეხმა ანალიტიკოსებმა ვიდეო ხიდის მეშვეობით არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის მეთაურის პოსტს დატოვებს. IWPR -ის ოფისში გაიმართა ვიდეო ხიდი, რომლის მეშვეობითაც ქართველმა და სომეხმა ანალიტიკოსებმა არჩევნების გრძელვადიანი შედეგები განიხილეს.
8 ოქტომბერს გამართულ დისკუსიზე “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის მსურველთა სიაში ბევრი კანდიდატია, მათგან მხოლოდ სამი ლიდერის ფიგურა იკვეთება: გიორგი მარგველაშვილი კოალიციდან „ქართული ოცნება“, დავით ბაქრაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებათა უმეტესობა პრემიერ მინისტრს გადაეცემა. მოქმედი პრემიერ-მინისტრი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი, მისივე განცხადებით, პრემიერის პოსტს არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ დატოვებს.
თბილისიდან ვიდეო ხიდში ასევე მონაწილეობდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია.
ერევნიდან ვიდეო დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ „გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის“ დირექტორი სტეფან გრიგორიანი და „პოლიტიკისა და სამართლის კვლევების ცენტრის“ წარმომადგენენლი და ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი, რომელიც ამავდროულად შეხვედრის მოდერატორიც იყო.