უნივერსიტეტებში ჩარიცხული სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების რიცხვი გაიზარდა, თუმცა ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები ეთნიკური უმცირესობებისთვის, ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას.
ბოლო რამდენიმე წელია, არაქართულენოვანი სკოლების მეთორმეტეკლასელებისთვის, მთავრობის დაფინანსებით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ერთწლიანი კურსი დამწყებიდან-უნივერსიტეტში სწავლისთვის საჭირო დონემდე მისაღწევად ხშირად არ არის საკმარისი.
სქემის კრიტიკოსების აზრით, კვალიფიციური ენის მასწავლებლების უკმარისობის გამო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებიან, რადგანაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად და შემდგომ, სამუშაოს დასაწყებად, მათ ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა ესაჭიროებათ.
სახელმწიფო პროგრამა 1+4 არაქართულენოვანი სკოლების პერსპექტიული მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით დაინერგა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საუკეთესო შედეგების მქონე 100 სომხურ და 100 აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტს სრულად უფინანსებს ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი ინტენსიური კურსისა და უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლების საფასურს. ხოლო მათ, ვინც 1+4 სქემის მიღმა აღმოჩნდა, ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი 2,250 ლარი დაუჯდება.
სტატისტიკური მონაცემები შთამბეჭდავია. თუ 2009 წელს, როდესაც პროგრამა დაინერგა, ქართულენოვან სექტორზე მხოლოდ ორი აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტი აბარებდა, 2014 წელს 563 აზერბაიჯანულენოვანი და 283 სომხურენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
მარნეულელი ორჰან პირვედიევი იმ 100 წარმატებულს შორის აღმოჩნდა, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, თუმცა ერთწლიანი კურსი მისთვის არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქართულენოვანი გარემოს დეფიციტს განიცდიდა.
ორჰანი ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით მასთან ერთად ჩარიცხული 20 სტუდენტიდან დღეს მხოლოდ სამი აგძელებს სწავლას. სტუდენტების ნაწილმა სწავლა შეწყვიტა, ნაწილმა კი რუსულენოვან პროგრამაზე გადაიტანა საბუთები.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები. თუმცა, ადგილობრივი არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის ეს ვერაფერი შეღავათია, რადგან ქართული ენის ცოდნა დამსაქმებელთა უმეტესობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.
უნივერსიტეტებში მოხვედრის შემდეგ არაქართულენოვან სტუდენტებს ქართულ ენაზე საგნების შესწავლა უჭირთ. ხშირია სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევებიც.
განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაიაც აღიარებს, რომ 1+4 პროგრამამ ნაკლებად გაამართლა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოლოდინი.
„არაოფიციალური სტატისტიკით, არაქართულენოვანი სტუდენტები, წინა სასწავლო წლებში კრედიტების დაგროვების მიხედვით საკმაოდ ჩამორჩებიან. 15%-ია თითოეულ წელზე დანაკარგი”, – განმარტავს ჩიტაია.
,,თუ სტუდენტები ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ ქართული ენის შესაბამის დონეზე ათვისებას, მათ შეუძლიათ კიდევ ერთი წელი ისწავლონ, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო მათ ბაკალავრიატში სწავლების მხოლოდ სამი წლის სწავლის საფასურს დაფარავს. დანარჩენის გადახდა კი თავად მოუწევთ’’,- დასძენს ის.
აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებიც სკოლებში ძირითად საგნებს თავიანთ მშობლიურ ენებზე სწავლობენ, ქართული ენასაც ეუფლებიან. ჩიტაიას ამბობს, რომ 1+4 სქემა შექმნილია არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ქართული ენის ცოდნის რაღაც დონე უკვე გააჩნიათ. ამიტომ არსებული ხარვეზები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არასათანადო სწავლების ბრალია.
„აბიტურიენტებს ქართული ენის ცოდნა რაღაც დონეზე სჭირდებათ იმისთვის, რომ ერთ წელიწადში სრულყოფილად დაეუფლონ მას,“ – ამბობს ის.
მიუხედავად ამ არგუმენტებისა, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია თვლის, რომ უნივერსიტეტებში ვერ დაძლევის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.
„თუ 1+4 პროგრამის მონაწილე 100-დან 85% ახერხებს ზღვარის გადალახვას, ამ კონტექსტისა და ფონის გათვალისწინებით, არ არის ცუდი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ჯობია, იყოს 95, მაგრამ 85 არ არის ცუდი”, – ამბობს იგი.
გია ნოდია ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის შემოღებას დასავლეთის ქვეყნების მიბაძვად მიიჩნევს და საერთო ჯამში, პროგრამას დადებითად აფასებს.
,,რადგანაც, ძირეული პრობლემა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების ნაკლებობაა, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებს ქართული ენის მასწავლებლების რანგში თავიანთ თემებში დაბრუნებას შესთავაზებს’’, – მიიჩნევს განათლების ყოფილი მინისტრი.
თეონა გოდერძიშვილი, თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოდან.