21 მარტს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) ჟურნალისტებისათვის ჩაატარა ტრენინგი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვილილებებთან დაკავშირებით. ღონისძიებას უმასპინძლა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“(IWPR) თბილისის ოფისმა.
ტრეინინგის მიზანი იყო თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი ჟურნალისტებისათვის საჭირო იურიდიული ინფორმაცია მიწოდება, რათა მათ ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების სრულად და ობიექტურად გაშუქება შეძლონ. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ უკეთ გარკვეულიყვნენ არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მედიის ფუნქცია, აკრედიტაციის მიღების წესები, წინასაარჩევნო რეკლამა, საეთერო დროის განაწილება, ამომრჩევლის მოსყიდვა, არჩევნების დღეს არჩევნების გაყალბების მექანიზმები, ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და სხვა. ტრეინინგში მონაწილეობდა ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ოცამდე წარმომადგენელი.
“წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო საკითხების გაშუქება განსაკუთრებით აქტუალურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები გავაცნოთ. ეს ტრეინინგი მათ ასევე ახალი კავშირების დამყარებაში დაეხმარება, რაც სანდო და პროფესიონალური მასალის მომზადებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ.
ტრეინინგს უძღვებოდნენ ISFED-ის ტრენერები, რომლებაც ჟურნალისტებს გააცნეს ახალი საარჩევნო კოდექსით დადგენილ საარჩევნო წესები, პროცედურები, დარღვევის სახეები, ამომრჩეველთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.
ტრეინინგი ჩატარდა ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.