ხადიჯა ისმაილიმ გამოაქვეყნა დოკუმენტი სპეცსამსახურების მიერ ოპოზიციის თვალთვალის შესახებ. პროკურატურა კი ამას სახელმწიფო საიდუმლოს გაცემას უწოდებს.
აზერბაიჯანში ცნობილ ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილის ბრალი შპიონაჟის მუხლით წაუყენეს. შეერთებული შტატების საელჩოს განმარტებით, ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი ისმაილისგან საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა, აბსურდულია.
ისმაილი მრავალი წლის მანძილზე ამხელდა აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებს კოპუფციაში, რის გამოც არაერთხელ გამხდარა ცილისმწამებლური კამპანიების მსხვერპლი. (იხილეთ: Azeri Journalist Defies Blackmailers.)
ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად 18 თებერვალს წაუყენეს მას შემდეგ, რაც ის არაერთხელ იყო დაბარებული გენერალურ პროკურატურაში ვითომდა მოწმის სტატუსით დასაკითხად.
მას ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის – „სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება“ – თანახმად წაუყენეს. ამ ამბავს საფუძვლად დაედო 17 თებერვალს მისი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს საიდუმლო სამსახური ოპოზიციურ პარტიებში შეღწევას და მისივე რიგებიდან მის დისკრედიტირებას.
დოკუმენტში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეროვნული უშიშროების სამინისტროს ოფიცერი იძლევა მითითებებს ოპოზიციურ პარტიებში აგენტების შეგზავნის შესახებ, რომლის მიზანიც არის ინფორმაციის მიღება და შინაპარტიული დაპირისპირების მოწყობა.
ისმაილის თქმით, მას ეს საბუთი ხელში 2011 წელს ჩაუვარდა, რომელიც იმ დროს უკვე იყო გასაჯაროებული სხვა პიროვნების ფეისბუკის გვერდზე. ისმაილის მაშინ არაფერი მოუმოქმედია, რადგან საბუთის ავთენტურობაში არ იყო დარწმუნებული. ჟურნალისტმა დოკუმენტის გასაჯაროება პროკურატურაში დასმული შეკითხვების გამო გადაწყვიტა.
თავდაპირველად, პროკურატურას აინტერესებდა ის, თუ საიდან მიიღო ისმაილიმ ეს დოკუმენტი, რომელიც, როგორც მესამე დღისთვის გაირკვა უკვე „სახელმწიფო საიდუმლოებას“ წარმოადგენდა და რომლის უცხოელებისთვის გადაცემას აბრალებდა პროკურატურა ჟურნალისტს.
პარლამენტის წევრმა მმართველი „იენი აზერბიაჯნის“ პარტიიდან ჯეიჰუნ ოსმანლიმ პროკურატურას გადასცა აუდიო ჩანაწერი, რომელიც ბაქოს ერთ-ერთ რესტორანშია ჩაწერილი და რომელზეც ისმის, თუ როგორ ესაუბრება ისმაილი „უცხოელებს“.
ოსმანლიმ ამ ქმედებას ფეისბუკით მისცა განმარტება და განაცხადა, რომ „სამშობლოს ღალატი არავის ეპატიება“. ამ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ ეს მისი სიტყვები იყო, თუმცა ვერ დააზუსტა რას ნიშნავდა „ღალატი“.
სამთავრობო მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისმაილი შეხვდა ორ პიროვნებას, რომლებიც იყვნენ აშშ კონგრესის თანამშრომლები და რომლებსაც ისმაილიმ გადასცა ოპოზიციური პარტიების იმ წევრების სია, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან. მედია ჯაშუშებად ამ ორ ამერიკელსაც მიიჩნევს.
აშშ საელჩო ამერიკელი მოქალაქეების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ისინი აზერბაიჯანში „დაზვერვის მიზნით“ იმყოფებოდნენ. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კონგრესის დელეგაცია რეგულარულად ჩამოდის აზერბაიჯანში და ხვდება საელჩოს თნამშრომლებს, აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ კონგრესი უკეთ იყოს ინფორმირებული აზერბაიჯანში და ზოგადად რეგიონში არსებული მდგომარეობით“.
ისმაილი აცხადებს, რომ ეს იყო მისი კონგრესის თანამშრომლებთან მორიგი შეხვედრა და სხვა არაფერი.
„არავითარი სია არ მაქვს. სახელმწიფო საიდუმლოს როგორ გავცემ, როცა არაფერი ვიცი. მე ხომ არა ვარ ოფიციალური პირი, რომელიც შეიძლება ფლობდეს სახელმწიფო საიდუმლოებებს. მე ვწერ იმაზე, რასაც ვიძიებ. მათგან კი არცერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას“.
რაც შეეხება პოლიციის საიდუმლო დოკუმენტს, ისმაილიმ წყაროს ვინაობა პროკურატურას 21 თებერვალს დაუსახელა. მისი თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მისმა წყარომ, რამინ ნაგიევმა, რომელიც ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერია და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, მანამდე თავად გაამჟღავნა თავისი ვინაობა თავისსავე ფეისბუკის გვერდზე.
ჟურნალისტმა თავისი საქციელი ასე ახსნა: „მე არ გამიმჟღავნებია ჩემი წყაროს ვინაობა, იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ. ამის უფლება მას დავუტოვე…მას შემდეგ, რაც მან თავად გაამხილა თავისი ვინაობა, აღარ არსებობდა წინააღმდეგობა, რის გამოც მისი სახელი გამოძიებისთვის უნდა დამემალა“.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები აზერბაიჯანში მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, შპიონაჟის და ღალატის დაბრალება ხელისუფლების სრულიად ახალ სვლას წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მკაცრად გმობს ისმაილისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
„ქ-ნი ისმაილი თავისი საგამოძიებო საქმიანობის გამო იყო ხელისუფლების ბინძური და მუდმივი თავდასხმების სამიზნე. ახლანდელი ბრალდებები ეხება შპიონაჟს შეერთებული შტატების სასარგებლოდ. ეს ბრალდებები არის შეთითხნილი და აშკარად სადამსჯელო ხასიათს ატარებს“, – განაცხადა მან და მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას „შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და პატივი სცეს მედიის თავისუფლებას, ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყანას“.
კარდინმა დასძინა, რომ ისმაილის მიმართ განხორციელებული ქმედებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერების სერიის ნაწილი, როდესაც აზერბაჯანის მოქალაქეები იყენებენ თავიანთ უფლებას სიტყვის თავისუფლების შესახებ“.
ჟურნალისტი აითან ფარადოვა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს ისმაილი გარიყოს და აიძულოს მას თავისი საქმისთვის თავის დანებება.
„მანამ სანამ დაკითხვები გაგრძელდება, ის მოწყდება თავის საგამოძიებო საქმიანობას. ეს სწორედ ისაა, რაც ხელისუფლებას უნდა – მისმა სტატიებმა კორუფციული გარიგებების შესახებ არ იხილოს ნათელი“, – ამბობს ფარადოვა. „ისინი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, ასევე ცდილობენ იმ ჟურნალისტების დაშინებას, რომლებიც საგამოძიებო რეპორტაჟებს ამზადებენ, გზავნილს აწვდიან, რომ მათი საქმიანობაც დასასრულს უახლოვდება“.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ისმაილის გადაადგილების შეზღუდვები დაუწესა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გზით მას შეაჩერებენ. ჟურნალისტის თქმით, მას უკვე მზად აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიები სტატია და ისინი სულ მალე დაიბეჭდება.
„მნიშვნელობა არა აქვს დამიჭერენ თუ არა – ეს მასალა დაიბეჭდება“, – თქვა მან.
სამირა აჰმედბეილი IWPR-ის რეპორტიორია აზერბაიჯანში.