ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი გერნოტ ერლერი, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე ზემოქმედების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების განახლებას მიესალმება.
შეთანხმება მხარეებს შორის, 2016 წლის 23 მარტს, ბერლინში შედგა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35–ე რაუნდის მიმდინარეობისას.
,,მივესალმები პოლიტიკურ ნებას, რომელიც მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა მონაწილემ გამოხატა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთების შესანარჩუნებლად. დღევანდელი ერთსულოვანი გადაწყვეტილება, აღდგეს IPRM ფორმატის შეხვედრები გალში, წინ გადადგმული ნაბიჯია ნდობის, მოვლენების განვითარების პროგნოზირებისა და გამჭვირვალობის გაზრდის თვალსაზრისით. IPRM–ი დაეხმარება მხარეებს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში და გააადვილებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. მე მოვუწოდებ მხარეებს, მოიწვიონ შეხვედრა პირველივე შესაძლებლობისას,’’ – განაცხადა გერნოტ ერლერმა.
IPRM ფორმატის შეხვედრების ორგანიზებაზე მხარეები პირველად, 2009 წელს შეთანხმდნენ (ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში). მას შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ზემოქმედების მექანიზმის ფორმატში შეხვედრები, რეგულარულად იმართება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. IPRM–ის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, აფხაზურ მხარესთან ამ კონტექსტში შეხვედრა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგება.
იმავდროულად, მხარეები შეთანხმდნენ უფრო ინტენსიური გახადონ ერგნეთის IPRM–ის მუშაობა. ასევე დისკუსიის მონაწილეებმა გამოხატეს კმაყოფილება მოლაპარაკებების რამდენიმე პოზიტიურ და წამახალისებელ შედეგზე. კერძოდ, 10 მარტს პატიმართა გათავისუფლება–გაცვლის ფაქტზე და ხუთი თებერვლიდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, სამმხრივი მექანიზმის მუშაობის განახლებაზე, 2008 წლის კონფლიქტის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ძიების მიმართულებით.
დისკუსიის მონაწილეებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება შეაფასეს, როგორც მშვიდი და სტაბილური. მათ განიხილეს გადაადგილების თავისუფლებისა და მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები. პრიორიტეტულ თემებს შორის იყო – ჰუმანიტარული ვითარება, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ძიების, განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდაცვის საკითხები.
წყარო: ეუთოს პრესკომუნიკე გალში IPRM-ის აღდგენის თაობაზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35–ე რაუნდის შესახებ.