18 ივლისს, გორში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამის (IWPR) და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო, სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში, კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებთან.
IWPR და EUMM-ის ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენაში და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებაში. შეხვედრაზე ჟურნალისტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მშვიდობის ჟურნალისტიკაში კონკურსის გამოცხადების მიზნებისა და საკონკურსო პირობების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზევე შიდა ქართლის რეგიონული ჟურნალისტები წარმოადგენენ მცირე მოხსენებებს ადგილობრივი მედიის საჭიროებების შესახებ. წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით IWPR-ი გეგმავს ხელი შეუწყოს რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტების პროფესიული უნარების დახვეწას. ნომინაციაში გამარჯვებული ჟურნალისტი მიიღებს ვაუჩერს, რომლის ღირებულებაა 5 000 ევრო. ფასიანი ქაღალდი პრიზიორს საშუალებას მისცემს გაემგზავროს ლონდონში, ერთთვიან სტაჟირებაზე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში.
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტებისთვის გვაძლევს შანსს ღირსეული პატივი მივაგოთ იმათ ვინც მუშაობს თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე მედიისთვის”, – ამბობს ელჩი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მიენიჭება მიუკერძოებელ, დაბალანსებულ და ჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური პრინციპების შესაბამისად მომზადებულ სტატიას, სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟს, ვებგვერდზე, ბლოგზე ამ სოციალურ მედიაში განთავსებულ მასალას.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია კონკურსის ვებგვერდზე: http://www.euprizejournalism.ge ან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://eumm.eu
წლევანდელი კონკურსი გახსნილად 6 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა. ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გასულ წელს რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ოლესია ვართანიანს გადაეცა. 2014 წლის ნოემბერში კი კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული გამოვლინდება.