სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსული ენა კვლავ რჩება კომუნიკაციის ძირითად საშუალებად.
14 აპრილს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალქალაქში ჩასვლა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა სიმბოლური იყო როგორც შერჩეული ადგილის, ასევე დროის თვალსაზრისით.
ამ დღეს საქართველოში დედაენის დღეს ზეიმობენ და მისი აღნიშვნა უკავშირდება საქართველოში 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების გეგმაზე.
ახალქალაქი პატარა ქალაქია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით. ის სომხეთის საზღვრიდან დაახლოებით 45 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მის მოსახლეობას ძირითადად ეთნიკური სომხები შეადგენენ.
„ახლა ყველას აქვს უფლება აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც გულისხმობდა იმ ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა რუსული ან სომხური პასპორტების მიღების შემდეგ. „მაგრამ ამისთვის, თქვენც უნდა გადადგათ ნაბიჯი და და ისწავლოთ ქართული ენა, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა. ისწავლოთ იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს“.
მან ასევე დასძინა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს ქართული ენის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის.
ზურაბიშვილის კომენტარები ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 13.4 პროცენტს შეადგენს კვლავაც აქტუალური და პრიორიტეტულია.
საბჭოთა პერიოდში რუსული ენა, რომლის სწავლებაც სკოლებში სავალდებულო იყო, მრავალეთნიკურ საზოგადოებაში კომუნიკაციის ძირითადი საშუალებას წარმოადგენდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეთნიკური სომხები საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 4.5 პროცენტს შეადგენს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი მოსახლეობის 92.9 პროცენტი ეთნიკურად სომეხია.
ახალქალაქის ავტოსადგურში, სადაც თბილისის მიკროავტობუსები ჩერდება, დიდი ყვითელი ბანერი მგზავრებს რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობას სთავაზობს, რაც იმის ნიშანია, რომ რუსეთი კვლავაც მიმზიდველია ამ რეგიონისთვის.
ადრე ახალქალაქში საბჭოთა – მოგვიანებით უკვე რუსული – სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. მისი რაოდენობა 15 000 მოსამსახურეს ითვლიდა და ის ადგილობრივი ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური სიდუხჭირის ტალღამ არც ჯავახეთის რეგიონს აურა გვერდი, რასაც თან ერთვოდა მკაცრი კლიმატური და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც არახელსაყრებელი პირობები.
1990-იან წლებში ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ სამუშაოს პოვნის იმედით რუსეთში დაიწყო გადინება. მათ შორის იყო სოფელ ბარალეთის მკვიდრი, 60 წლის სეირან ბაკარიანიც.
„რუსეთში მუშაობამ ჩემი ოჯახი გადაარჩინა“, – გვითხრა მან. „აქ სამუშაო არ არის, ყველა სოფლის მეურნეობაზე ვართ დამოკიდებული, რაც რთულია, რადგან ტექნიკას და სასუქს დიდი ხარჯი აქვს… 25 წლის წინ ნათესავი დამეხმარა და რუსეთში გზის დამგებად დამაწყებინა მუშაობა. იმ ფულით, რაც იქ ვიშოვე, შევძელი შვილებისთვის განათლება მიმეცა, ქორწილები გადამეხადა… საერთოდ, მომავალი შემექმნა“.
სეირანმა, მისი თაობის სხვა თანასოფლელების მსგავსად, ცხოვრების უმეტესი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა. სახლში მხოლოდ ახალ წელს და საშობაოდ ჩამოდიოდა.
შესაბამისად, მისი ქართული ენის ცოდნის დონე მინიმალურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის ის კვლავაც რუსულ ენის იმედად რჩება.
„რასაკვირველია, რაც უფრო მეტი ენა იცი, მით უკეთესი და ქართული ენა აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლაში… მაგრამ, ჩვენთვის რუსული ენა უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან. „ზოგს ნათესავები გვყავს რუსეთში და გვიწევს იქეთ-აქეთ სიარული, ამიტომ რუსული უფრო მეტად გვჭირდება“.
ბოლო წლებში სახელმწიფომ ეთნიკურ უმცირესობებისთვის ქართული ენის ხელმისაწვდომობის მიმართულებით რამდენიმე სქემა შეიმუშავა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2016 წლიდან ფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები მასწავლებლებისთვის, ასევე, ამავე ცენტრის მიერ ხორციელდება პროექტი, რომელიც ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულენოვანი მასწავლებლების განაწილებას უზრუნველყოფს.
2010 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „ოთხს პლუს ერთი“, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს სთავაზობს ქართული ენის ერთწლიანი ინტენსიური სწავლების კურსის გავლას საუნივერსიტეტო პროგრამის დაწყებამდე.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე, უმცირესობათა თემის წარმომადგენლებს სკოლის რეგიონალურ ფილიალებში უფასო ენის კურსებზე შეუძლიათ დარეგისტრირება.
ეკა ტატეშვილი, რომელიც ახალქალაქის სასწავლო ცენტრში ასწავლის, ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებას ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოუწვევია.
„მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის ისე აღიქვა, როგორც ნაგულისხმევი იყო და მას უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლია“, – განაცხადა მან. „აქ ყველამ იცის, რომ მოქალაქეობის მისაღებად მსგავსი წესები მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც და ამიტომ, მათ არ გაუკვირდებოდათ იმის გაგონება, რომ ქართული ენის სწავლაა საჭირო“.
საქართველოს განათლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სკოლებში სწავლება წარიმართოს სხვა ენებზეც, მათ შორის, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ქართული ისწავლება როგორც უცხო ენა.
„ადრე პრობლემას წარმოადგენდა მასწავლებლების ნაკლებობა, ვინ შეძლებდა ასეთი სოფლების სკოლებში მუშაობას“, – განაცხადა ტატეშვილმა. „მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სახელმძღვანელოები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებმა არ იციან ქართული ისეთ დონეზე, რომ შეძლონ იმის სწავლება, რაც წიგნშია მოცემული“.
ცვლილებები მოდის, თუმცა ნელა. ირაკლი შაინიძე გურიიდან ახალქალაქში რვა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად და თავისი საქმიანობა საზღვრისპირა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ დარგს – საკვები პროდუქტებით ვაჭრობას დაუკავშირა. მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის სომხურ და რუსულ ენებს იყენებს.
„რა თქმა უნდა, საქართველოში ქართულად გვირჩევნია ლაპარაკი, მარგამ რეალობა აქ ცოტათი განსხვავებულია. იმდენი სომხური კი ვიცი, რომ მაღაზია ვამუშაო, მაგრამ რაღაცის თქმას სომხურად თუ ვერ ვახერხებ, რუსულზე გადავდივარ … მხოლოდ ბავშვებს ესმით აქ ქართული“, – გვეუბნება ირაკლი.
თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის ლინგვისტურ პოლიტიკას იკვლევს, აცხადებს, რომ უფროსი თაობის მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლაზე ძალისხმევის დახარჯვას აზრი არ აქვს.
„ენის ათვისების თვალსაზრისით, ჩემი აზრით, სკოლის ასაკს გადაცილებული ადამიანები ნაწილობრივ ჩამოწერილები არიან. ცვლილებებს მოიტანს ახალი თაობა და მხოლოდ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლის ხარჯზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმული მოსახლეობის ასიმილაცია ვერ მოხდება, რუსული ენის გამოყენებას აქვს რეალური სარგებელი“, – განმარტავს ბლაუველტი.
ბლაუველტი მიიჩნევს, რომ მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შეძლო გადაექცია ქართული ენა უმცირესობების ინტეგრაციის ინსტრუმენტად.
„ეს იყო საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, სულ ცოტა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მთელი რიგი მიზეზის გამო მისი შესრულება ვერ მოხერხდა“, – დასძინა მან .
ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ბლაუველტი ენის სირთულეს მიიჩნევს.
„აქ, საქართველოში არსებული ვითარება ძალიან განსხვავდება უკრაინაში არსებული ვითარებისგან… იქ არ არსებობს ასეთი დიდი მოთხოვნა, რომ რუსულენოვანმა მოქალაქემ იცოდეს უკრაინული და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობა არ იქნება სრულად ორენოვანი, ადამიანები მაინც შეძლებენ ერთმანეთის გაგებას. მაშინ როცა აქ, მაგალითად, ქართული და სომხური სრულებით განსხავებულ ენათა ოჯახებს მიეკუთვნებიან და გარდა ამისა, ქართული ძალიან რთულად შესასწავლი ენაა“.
„ალბათ, ამ თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულია „ოთხს პლუს ერთი“ პროგრამა, თუმცა მას საკმაოდ კონკრეტული მიმართულება აქვს და მოიცავს მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანს. უფრო დიდ გამოწვევად რჩება ის საკითხი, თუ ვინ ასწავლის ქართულ ენას მოსახლეობას ამ პატარა თემებში და რას ასწავლიან მათ… ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების და სახელმძღვანელოების შემუშავების თვალსაზრისით დიდი გამოცდილება არ არსებობს“.
ბლაუველტის აზრით, უმცირესობათა თემებში რუსული ენის პოპულარობის საკითხთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს გაზვიადებული დამოკიდებულება.
„დღეს არსებობს საკმოად აშკარა ისტორიული მიზეზები იმის ასახსნელად, თუ რატომ არ გააჩნია რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი, თუმცა, ამავე დროს, რუსულ ენაზე მიზანმიმართულად უარის თქმა, ჩემთვის საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ტოლფასია“, – დასძინა ბლაუველტმა. „არ უნდა დავუშვათ, რომ რუსული ენა აღიქმებოდეს რუსეთის ფედერაციის საკუთრებად, როგორც მაგალითად ამბობენ, რომ ინგლისური არის ინგლისის საკუთრება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ხალხი, რომელიც რუსულ ენაზე ისმენს ახალ ამბებს, კრემლის იდეოლოგიის ქვეშ მოექცევა. იმის გათვალისწინებით, რომ ამდენმა ადამიანმა იცის რუსული, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ენა, როგორც თავისი ინფორმაციისა და ღირებულებების გავრცელების საშუალება“.